"იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის უკან დგანან მსხვილი მოთამაშეები, მაშინ..." - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება - კვირის პალიტრა

"იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის უკან დგანან მსხვილი მოთამაშეები, მაშინ..." - რა გავლენას მოახდენს საქართველოზე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, თოვუზის რეგიონში დაპირისპირება 12 ივლისს გამწვავდა. საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ცოცხალი ძალის დანაკარგი ორივე მხარემ განიცადა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, საზღვრის პირას მდებარე დასახლებებში - აღდამი, ვაჰიდლი და ალიბეილი - მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია. აღდამის მუნიციპალიტეტის მეთაურის, რაჰილია ასკეროვას თქმით, ინტენსიური სროლის გამო, 13 ივლისს გვიან ღამით, მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. მისი თქმით, ბავშვები, ქალები და მოხუცები სხვადასხვა უსაფრთხო დასახლებებში გადაანაწილეს.

"სიტუაცია ძალიან მძიმეა, მოსახლეობა შეშინებულია" - ამბობს "ბიბისის"-თან საუბარში სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

დაპირისპირების ადგილი და ურთიერთბრალდებები

დაძაბულობის ცენტრი, მთიანი ყარაბაღიდან 300 კილომეტრის მოშორებით ტავუშის/თოვუზის რაიონში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ თოუზის რაიონი საქართველოს ესაზღვრება.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი არა აზერბაიჯანულ სოფლებს და დასახლებებს გაუხსნეს, არამედ, მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და მძიმე ტექნიკას.

თავის მხრივ, აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ მათ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და სომხეთში დასახლებული პუნქტებისთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბაქოს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ცეცხლის მიზანმიმართულ გახსნაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მომხდარს, სომხეთის მხრიდან პროვოკაცია და აზერბაჯანის ტერიტორიის ნაწილის მიტაცების მცდელობა უწოდა.

საერთაშორისო გამოხმაურება

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის და მძიმე შეიარაღების გამოყენება შემაშფოთებელი ფაქტია.

ეუთო ერევანსა და ბაქოს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ქვეყნებს, შეტაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს ევროკავშირიც, ასევე რუსეთის საგარეო სამინისტრო. როიტერსის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ორივე ქვეყნის კოლეგასთან, სატელეფონო საუბარი გამართა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მკვეთრად დაგმო ძალადობა აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე:

"ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს დაუყოვნებლივ შეაჩერონ ძალის გამოყენება, გამოიყენონ მათ შორის არსებული პირდაპირი კონტაქტები, რათა თავიდან აიცილონ ვითარების შემდგომი გაუარესება და მკაცრად დაიცვან შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ..."

1992 წლიდან კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების საკითხზე მოლაპარაკებები, "მინსკის ჯგუფის" ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც თანათავმჯდომარეები - ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და საფრანგეთი - ხელმძღვანელობენ.

"მინსკის ჯგუფმა" კონფლიქტის მყარი მოწესრიგება, ჯერ-ჯერობით ვერ უზრუნველყო.

მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარე დაპირისპირებაზე კომენტარი ექსპერტ, მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ:

"იმ შემთხვევაში, თუ ამ ამ კონფლიქტის უკან დგანან მსხვილი მოთამაშეები, მაშინ ეს კონფლიქტი, შეიძლება ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში გადაიზარდოს. მაგრამ თუ ასე არ არის, მაშინ ამ კონფლიქტის ლოკალიზება მოხდება. ჩაერევიან მსხვილი მოთამაშეები და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ კონფლიქტი საომარ მოქმედებებში არ გადაიზარდოს. თუ კონფლიქტი მასშტაბური გახდა, მაშინ საქართველოზე დიდ გავლენას მოახდენს.

ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში გავლენები შეიძლება სხვადასხვა ტიპის იყოს:

ერთ-ერთია ის ენერგო კორიდორები, რომელიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე და ორივე ქვეყნის ეკონომიკაა დამოკიდებული. ეს ენერგო კორიდორები შეიძლება დივერსიული ჯგუფების თავდასხმის ობიექტი გახდეს.

ამას გარდა, შესაძლებელია საქართველოში მცხოვრები ამ ქვეყნების ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება მოხდეს. 90-იან წლებში მოვლენათა განვითარების მსგავსი სცენარი აცილებულ იქნა თავიდან, თუმცა ახლა ძალიან გაგვიჭირდება იმავეს გაკეთება. არ არის გამორიცხული, რომ დევნილთა ნაკადი მოაწყდეს საქართველოს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დარტყმა იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ რეგიონში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, ინვესტიციებს არავინ ჩადებს და ეს კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა იქნება, ჩვენს არამყარ ეკონომიკაზე.

ეს მხოლოდ რამდენიმე ვერსიაა, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ სიტუაცია მალე დაწყნარდება".

(სპეციალურად საიტისთვის)