"სოფელ წნელისში განთავსებულ ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება, საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა" - კვირის პალიტრა

"სოფელ წნელისში განთავსებულ ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება, საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა"

სოფელ წნელისში განთავსებულ ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება და საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა, - ამის შესახებ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. "პრეზიდენტმა" ანატოლი ბიბილოვმა დღეს გამართულ ე.წ. პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ე.წ. "საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის შედეგი, ფაქტობრივად, "ნულის ტოლი იყო."

"საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მუშაობის შედეგი, ფაქტობრივად, ნულის ტოლი იყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას წინა ხელისუფლებამ შეცდომები დაუშვა, თუმცა დღეს დამნაშავის ძებნა სულმდაბლობაა. მესაზღვრეები დგანან საზღვარზე იქ, სადაც ისინი 1922 წლის შემდეგ არასდროს მდგარან და ეს დღევანდელი სწორი და დროული გადაწყვეტილების დამსახურებაა, რომელიც დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას თავიდან აგვაცილებს,"- აღნიშნა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, მთავარია პრობლემა მშვიდობიანად გადაწყდეს.

"სოფელ წნელისში განთავსებულ უკანონო ქართულ საგუშაგოსთან დაკავშირებული პრობლემა ძალის გამოყენებით ვერ მოგვარდება და საჭიროა დიპლომატიური ძალისხმევა. მნიშვნელოვანია, რომ სისხლისღვრა ავიცილოთ და ხალხის უსაფრთხოება შევინარჩუნოთ,"- განაცხადა ბიბილოვმა.

ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"