დავით ზალკალიანმა PCR ტესტი ჩაიტარა - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

დავით ზალკალიანმა PCR ტესტი ჩაიტარა - საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო "ევროპული საქართველოს" წევრს გიორგი კანდელაკს პასუხობს და აცხადებს, რომ უცხო ქვეყნიდან დაბრუნებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა PCR ტესტი ჩაიტარა და პასუხი უარყოფითია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტიდან "ინტერპრესნიუსს განუცხადეს, დელეგაციის წევრებმა საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში უნდა ჩაიტარონ PCR კვლევა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის "ბ" პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.

საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის "ბ" პუნქტის თანახმად, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმალობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

2020 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გაიმართა ნატო-სა და ევროკავშირში. აღნიშნული ვიზიტი თავისი შინაარსით გახლდათ ძალზედ მნიშვნელოვანი და დატვირთული. საქართველოს დელეგაციამ, ალიანსის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიაში, გაიმართა შეხვედრა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, რომელიც იმ დროს ასრულებდა გენერალური მდივნის ფუნქციას, ასევე შეხვედრები გაიმართა ევროკომისიაში და ევროპარლამენტში. თავად ის ფაქტი, რომ გლობალური პანდემიის პირობებში, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის ფიზიკური დასწრებით გამართვის თაობაზე და აღნიშნულ სხდომაზე მიიწვიეს საგარეო საქმეთა მინისტრი, კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსთან საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას და იმ აქტიურ მუშაობას, რასაც ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური მიმართულებით ახორციელებს. მოხარულები ვართ, რომ კომისიის სხდომამ უაღრესად პოზიტიურად ჩაიარა და ჩვენმა ქვეყანამ მოკავშირეების მხრიდან კვლავ დაიმსახურა მაღალი შეფასებები.

სახელმწიფო და მისი თითოეული მოხელე, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთლიანად უწყება უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება არსებული რეკომენდაციების დაცვას, რაც მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს დადასტურდა კიდეც ჩOVID-19 პანდემიის ეფექტიანი და შედეგიანი მენეჯმენტით, რომელიც აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე," - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ბრიუსელიდან დაბრუნებული საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს გამართულ მთავრობის სხდომას ესწრებოდა. მთავრობას დღეს "ევროპულმა საქართველომ" მიმართა შეკითხვით, გადის თუ არა უცხოეთიდან დაბრუნებული ზალკალიანი 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს და თუ არ გადის, რატომ სარგებლობს ის სხვა მოქალაქეებთან შედარებით პრივილეგირებული მდგომარეობით.

"თუ არ გაივლის ბატონი ზალკალიანი სავალდებულო ორკვირიან კარანტინს, მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება - რატომ არის გამონაკლისი ბატონი ზალკალიანი სხვა კეთილსინდისიერ მოქალაქეებთან მიმართებაში, მითუმეტეს, რომ იგი იმყოფებოდა "გაუმწვანებელ" ქვეყანაში და რატომ უნდა გაიარონ კარანტინი იმ მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ე.წ. გამწვანებულ ქვეყნებში და რომელთა მოქალაქეებსაც ამავე დროს კარანტინს არ ვთხოვთ", - აღნიშნა კანდელაკმა.

"ინტერპრესნიუსი"