კავკასია ომის ზღვარზე! - კვირის პალიტრა

კავკასია ომის ზღვარზე!

"ახლა საქართველო არ უნდა გაჩუმდეს და თბილისი სამშვიდობო პლატფორმად უნდა შესთავაზოს"

16 ივლისის გამთენიას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა და კონფლიქტი, რომელიც წლების განმავლობაში ხანმოკლე ორმხრივი სროლით გრძელდებოდა, მთელი სიმწვავით განახლდა. ვითარების ესკალაციაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. ბაქოს ცნობით, დაღუპულია 12 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის უმაღლესი რანგის ოფიცრები, სომხეთის ცნობით კი მათ 4 ჯარისკაცი დაეღუპათ.

"სროლა აზერბაიჯანმა დაიწყო და თავად გაება მახეში"

არნოლდ სტეფანიანი, სომეხი პოლიტოლოგი: - აზერბაიჯანის ადამიანური და ტექნიკური დანაკარგიდან გამომდინარე, ფართომასშტაბიან ომს არ ველოდები.

იმედია, ოფიციალური ბაქო აცნობიერებს, რომ ვითარების მეტად გამწვავება უფრო მძიმე რეალობის წინაშე დააყენებს. მარცხის გამო ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას იმუქრებიან... აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა წლებია არ ყოფილა. ახლა საბრძოლო მოქმედებებია მთიან ყარაბაღშიც და საქართველოს სასაზღვრო ზოლზე მდებარე ტავუშის რაიონშიც, რომელსაც მას შემდეგ, რაც სამი სტრატეგიული სიმაღლე აიღეს, სომხები აკონტროლებენ. ეს კარგი მიღწევაა, რადგან იქიდან მუდმივად იცხრილებოდა სომხური სოფლები.

2016 წლის მსგავსად, როდესაც საბრძოლო მოქმედებები 4 დღეს გაგრძელდა, ამჟამადაც ძალზე დაძაბული ვითარებაა. სროლა აზერბაიჯანმა დაიწყო და თავად გაება მახეში - ყარაბაღის სტატუს კვო სომხეთს და ყარაბაღს აწყობთ, ერევნის დახმარებით სტეფანაკერტის ხელისუფლება იქაურობას სრულად აკონტროლებს და მოლაპარაკება რაც დიდხანს გაგრძელდება, სომხეთისთვის უფრო კარგია.

"პროცესი იმაზე შორს წავიდა, ვიდრე 2016 წელს"

ილგარ ველიზადე, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი: - აზერბაიჯანის მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევდა სომხეთის ხელისუფლების მუდმივი ვიზიტები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამხედრო პროგრამების რეალიზება და საზღვრის გამაგრება.

სომხეთში ვარაუდობდნენ, ახლა აზერბაიჯანი პანდემიას ებრძვის და წინააღმდეგობის თავი არ ექნებაო, ამიტომაც გადმოვიდნენ შეტევაზე. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაკირ ჰასანოვის ბოლო ინტერვიუც მოწმობს, რომ ყარაბაღის მიმართულებით სამხედრო სცენარი არ დაგეგმილა. სომხეთის ეს ნაბიჯი სარკისებურად ასახავს იქ არსებულ ვითარებას. ნიკოლ ფაშინიანი მძიმე დღეშია, მას ბევრი მხრიდან უტევენ, სარგსიან-ქოჩარიანის კლანი არ ასვენებს და ამ დროს საერთო-ეროვნულ პრობლემაზე ყურადღების გადატანა საუკეთესო გამოსავალია.

სხვა საკითხია, როგორ დაასრულებს ამ ყველაფერს. ფართომასშტაბიანი ომის მომხრე არა ვარ, თუმცა ფაქტია, პროცესი იმაზე შორს წავიდა, ვიდრე 2016 წელს.

"პოპულისტური განცხადებაა, სომხეთში ატომური ელექტროსადგური უნდა დავბომბოთო"

მამუკა არეშიძე, სამხრეთ კავკასიის საკითხების ექსპერტი: - ამ ორივე ქვეყნის ამოცანა იყო, მსოფლიოსთვის მოწინააღმდეგე მხარე აგრესორად დაენახებინა. ეს რაც ჩანდა, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა, რადგან ამ კონფლიქტში ორივე მხარემ ძალიან დიდი სამხედრო რესურსი გამოიყენა. აზერბაიჯანს ძალიან დიდი დანაკარგი აქვს, რაოდენობრივი კი არა, ხარისხობრივი, რაც კავკასიური კონფლიქტების ისტორიაში არავის ჰქონია: ორი სარდალი დაკარგა - ერთი გენერალი და პოლკოვნიკი, რომელიც მესამე საარმიო კორპუსის არტილერიის სარდალი იყო, გენერალ-მაიორი კი იმავე საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. 2008 წლის ომის დროს 58-ე არმიის სარდალი ხრულოვი რომ დაიჭრა, ეს ამბავი არ გახმაურებულა, მაგრამ ოპერაციის მთელი ხელმძღვანელობა დაისაჯა. ასე რომ, ბაქომ იმ ორი პირის დაღუპვის გარდა, დიდი რაოდენობით ტექნიკა დაკარგა, განსაკუთრებით ძალზე ძვირად ღირებული, ძირითადად, ისრაელის საფრენი აპარატები. ამის გამო თურქეთის გენშტაბმა აზერბაიჯანის გენერალურ შტაბს ძალიან დიდი საყვედური უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის გენშტაბის 10% მაინც თურქი სამხედროა, ისევე როგორც სომხეთის გენშტაბში რუსი სამხედრო სპეციალისტები არიან. შესაბამისად, ეს ის გარემოებებია, რაც აზერბაიჯანს აიძულებს გაჯიუტდეს, რადგან სხვა თუ არაფერი, პრესტიჟის საკითხია, მით უფრო, რომ ამ კონფლიქტის პირველივე დღეებში აზერბაიჯანელი მოსახლეობა ისეთი აჟიტირებული იყო, ბაქოს ცენტრში მიტინგიც გამართა, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა.

აზერბაიჯანში, ისევე როგორც სომხეთში, ვირუსის გამო უმძიმესი მდგომარეობაა. ამას ემატება ისიც, რომ აზერბაიჯანში ნავთობის ფასი დაეცა, ისინი კი, განსაკუთრებით ბაქო, კარგ ცხოვრებას არიან მიჩვეული. ასე რომ, ალიევს სულაც არ სურს ამ კონფლიქტიდან დამცირებული გამოსვლა, რადგან ეს ხელისუფლების ავტორიტეტს ძალიან შელახავს.

რაც შეეხება სომხეთს, კოლექტიური უსაფრთხოების ფორმატის მიხედვით, რუსეთი ვალდებული იყო პირველივე დღეს დახმარებოდა, რადგან კონფლიქტი ყარაბაღის გეოგრაფიულ სივრცეში არ მიმდინარეობს. თუმცა ის დუმს. ერევანში რამდენიმე ანტირუსული აქცია გაიმართა. თურქეთი კი აზერბაიჯანს მუდმივად უცხადებდა მხარდაჭერას, თუმცა ყოველთვის დიპლომატიური ფრაზით დაასრულებდა, მხარეებმა მოილაპარაკონო, ახლა კი მას მკაფიო და აგრესიული პოზიცია აქვს. სომხეთის მოკავშირე რუსეთის დუმილმა მის წინააღმდეგ იმუშავა. აქედან გამომდინარე, ეს კონფლიქტი ასე მარტივად ვერ ამოიწურება.

- თუნდაც მათი მთავარი მოკავშირეების პოზიციებიდან გამომდინარე?

- დიახ, თუნდაც იმიტომ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც სომხეთის დახმარებაზე კი არ არის ორიენტირებული, მის შენარჩუნებას ცდილობს. მისთვის მთავარი სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნებაა.

რუსეთი აზერბაიჯანს წელიწადში 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს აწვდის - სომხეთის მოკავშირეა, მაგრამ მის ოპონენტსაც ასაზრდოებს, თან ყარაბაღის საკითხში სომხეთისთვის მხარი არ დაუჭერია.

ასე რომ, რუსეთი, როგორც მსხვილი მოთამაშე, ცდილობს რეგიონში ყარაბაღის კონფლიქტი კი არ გადაჭრას, დააკონსერვოს.

თურქეთის როლიც ძალიან საინტერესოა, რადგან ამ პროცესებს აია-სოფიას საკითხიც მიება და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორჯერ "გააწნა სილა" რუსეთს - პირველად, აია-სოფიასთვის მეჩეთის სტატუსის მინიჭებით, რადგან რუსეთს მსოფლიოში ლიდერი მართლმადიდებელი სახელმწიფოს ამბიცია აქვს. როდესაც სხვა ქრისტიანულმა ქვეყნებმა გააპროტესტეს ერდოღანის გადაწყვეტილება, ის გაისუსა; მეორედ - გაზსადენის საქმეზე. თურქეთმა უარი თქვა გაზის დიდ ნაწილზე, რომელიც იქ სამხრეთის ნაკადით შედიოდა და განაცხადა, მხოლოდ შაჰდენიზიდან მომავალი გაზი გვინდაო; ანუ ისიც თამაშობს რუსეთის წინააღმდეგ.

ერდოღანის მთავარი დოქტრინა ხომ ოსმალეთის იმპერიის აღდგენაა, ამაში კი სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს დიდი როლი აქვს. თურქეთი ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთს ამ რეგიონში ფეხი ამოაკვეთინოს.

მოსკოველი ექსპერტები კულუარებში ამბობენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის პასიურობა ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლური პოზიციით აიხსნება. ოდეკაბეს (კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია, რომლის წევრები არიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი) ბოლო თავმჯდომარე როტაციული წესით სომხეთი იყო, ეს სტატუსი კი ჰქონდა პირს, რომელიც ასევე სომხეთის გენშტაბის უფროსი გახლდათ და შარშან დააპატიმრეს. გარდა ამისა, ოდეკაბეს მუშაობას აფერხებდა. ახლა კი ყარაბაღის გამო მისგან დახმარებას ითხოვდა, რაც პარადოქსია - ოდეკაბეს წევრები განაწყენებული იყვნენ, რომ არაფერი ვთქვათ მოსკოვზე, რომელთანაც შეუთანხმებლად ფაშინიანმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. არადა, როდესაც მან რობერტ ქოჩარიანი გაათავისუფლა, მოსკოვში სომხეთის საელჩოში მის მეუღლეს პუტინი პირადად ეწვია და მხარდაჭერა აღუთქვა. ეს დემონსტრაციულად გააკეთა.

- ამ პროცესებს ერთი სიკეთე შეიძლება მოჰყვეს - სომხეთში ანტირუსული განწყობის გაძლიერება. - ანტირუსული განწყობა ისედაც დიდია, თუმცა მასობრივი ჯერ არ არის.

საკმარისია, ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის არმია დამარცხდეს, რომ ყველაფერი ფაშინიანის ხელისუფლებას დაბრალდება და სარგსიანქოჩარიანის გუნდის წევრებიც თავს წამოყოფენ.

ახლა სამხედრო თვალსაზრისით სომხეთი ჯერ კიდევ არ არის წამგებიან მდგომარეობაში, თუმცა საფრთხე დიდია.

- თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები ფართომასშტაბიანი გახდა, რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო? - სომხეთ-აზერბაიჯანის მორიგი შეიარაღებული დაპირისპირება მთიან ყარაბაღში კი არა, უშუალოდ მათ სახელმწიფო საზღვარზე, აზერბაიჯანის თოვუზისა და სომხეთის ტავუშის რაიონების გამყოფ ზოლზე დაიწყო, საიდანაც თბილისამდე პირდაპირი ხაზით ასიოდე კილომეტრია, საქართველოს სამხრეთ საზღვრამდე კი (დედოფლისწყაროს რაიონი) 40 კილომეტრიც არ არის. კონფლიქტის ადგილიდან 50-60 კილომეტრშია ენერგოკორიდორები, რომლებიც საქართველოში შემოდის და სავარაუდო დარტყმის ობიექტები შესაძლოა სწორედ ისინი გახდნენ. აზერბაიჯანში ზოგიერთი სამხედრო პირი ამბობს, სომხეთში ატომური ელექტროსადგური უნდა დავბომბოთო, რაც ძალიან პოპულისტური განცხადებაა, რადგან ამით თავადაც ძალიან დაზარალდებიან. შესაძლოა მხარეებმა ერთმანეთის ენერგომატარებლების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე სცადონ.

თუ სამხედრო მოქმედებები უფრო მასშტაბური გახდა, ლტოლვილების ნაკადიც გასათვალისწინებელია და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის ეთნიკური დაპირისპირებაც.

არაფერს ვამბობ ეკონომიკურ კოლაფსზე, რომელსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი ვერ გადაურჩება. იმ ბრძოლის ადგილებიდან 55 კილომეტრში საქართველოს ტერიტორიაზე სომხებსა და აზერბაიჯანელებს პატარა, 500 მეტრამდე ტერიტორიები აქვთ მოჭრილი. ისინი აზერბაიჯანელებს დანაღმული აქვთ, სომხებს - არ ვიცი. ასეა 1994 წლიდან, საქართველოს ყველა ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავს. თუმცა საზღვრის დემარკაციაზე სულ ლაპარაკობენ. ასე რომ, ახლა საქართველო არ უნდა გაჩუმდეს და თბილისი სამშვიდობო პლატფორმად უნდა შესთავაზოს. შესაძლოა ამან ახლა არ გაამართლოს, მაგრამ მომავალში აუცილებლად შედეგიანი იქნება. ამასთან, საქართველომ უნდა გააძლიეროს უსაფრთხოების სისტემები, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში; უნდა ჩაერთოს იმ სამშვიდობო პროცესში, რომელსაც ჩვენი პარტნიორები აწარმოებენ, იქნება ამერიკა თუ ევროკავშირი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ პროცესებში ნეიტრალური არ ვიყოთ.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი ამტკიცებს, რომ ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთს აქვს ოკუპირებული, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევით წარმართული მოლაპარაკება ამ ორ ქვეყანას შორის უშედეგოა.