"ჩვენ უკვე ვართ ომში" - კვირის პალიტრა

"ჩვენ უკვე ვართ ომში"

"რუსეთი განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას და ბორდერიზაციას, იტაცებს და გვიკლავს ხალხს, გაჩაღებული აქვს საინფორმაციო ომი, აძლიერებს მეხუთე კოლონას, იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებსაც. მართალია, რუსული რეგულარული არმია არ გვიტევს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, სწორედაც ომია..."

ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთი შეშფოთებულია საქართველოდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის გახშირების გამო და საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირება კიდევ ერთხელ ამტკიცებს თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე მოლაპარაკების დროულად დაწყების მნიშვნელობას", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ოფიციალური მოსკოვი პროვოკაციული კომენტარებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საქართველოში აშშ-ის საელჩოსაც ადანაშაულებს. "ყველაფერი ეს ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას", - ვკითხულობთ განცხადებაში. ამასობაში ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეს იტაცებენ და ბრალს სდებენ ღამურების შეგროვებასა და რეალიზაციაში. ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ვერსიით, საქართველოს მოქალაქე ღამურებს ლუგარის ლაბორატორიისთვის აგროვებდა. რა უნდა რუსეთს, რა უძევს სარჩულად ჩრდილოელი მეზობლის ცინიკურ და აბსურდულ განცხადებებს, რატომ აგვიანებს საპასუხო განცხადებას საქართველოს ხელისუფლება და რა საფრთხის წინაშე გვაყენებს არსებული რეალობა, ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი თეონა აქუბარდია გვესაუბრება:

- რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საშიშ ფაზაში შევიდა. სულ უფრო ინტენსიურად იყენებენ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას. ამ მხრივ გამოვყოფდი საინფორმაციო ომს. ჩვენ ვხედავთ ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და პროპაგანდის დიდ ტალღას როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე მის ოკუპირებულ ნაწილში. აქტიურ ფაზაშია შესული კრემლისა და მისი მარიონეტული რეჟიმების დეზინფორმაცია, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიის შესახებ. ლაბორატორიის ეფექტიანი მუშაობა განსაკუთრებით "კოვიდ 19"-თან ბრძოლაში რუსეთს ძალიან აღიზიანებს და გამალებით ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას.

ღამურების დაჭერისა და გაყიდვის ამბავი მთლად ფანტასტიკაა, თუმცა ამით ანტიამერიკული განწყობის გაძლიერებას, მთავრობის სანდოობის შესუსტებას და ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობაში როგორც დასავლეთის, ასევე საქართველოს დემონიზებას ცდილობს.

კრემლის რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით აგრესიული გახდა. ერთი მხრივ, ეს განპირობებულია იმით, რომ პუტინი მმართველობის ახალ ფაზაში შედის, რაც ნიშნავს, რომ მომავალში ბევრად აგრესიული იქნება - მეტად ეცდება დასავლეთთან ჩვენს დაპირისპირებას და გავლენის სფეროების გაფართოებას. საგარეო უწყების განცხადებით, კრემლი ცდილობს უარყოს თავისი როლი ამ კონფლიქტში, მეორე მხრივ კი გააყალბოს ფაქტები, აგრესორად საქართველო წარმოაჩინოს და შექმნას განწყობა, რომ დასავლეთს არ ძალუძს არსებულ სამშვიდობო ფორმატებში პროგრესის მიღწევა. ამასთან, ცდილობს საქართველოს მოსახლეობაში შიში დათესოს და ამითაც შეასუსტოს დასავლური განწყობა.

- რაზე მიგვანიშნებს რუსეთი, როდესაც გვეუბნება, რომ თბილისმა სოხუმსა და ცხინვალთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე მოლაპარაკება დროულად უნდა დაიწყოს? - ამ განცხადებით კრემლი კიდევ ერთხელ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერა აგვისტოს ომის დროს. ამაში იგულისხმება არსებული სამშვიდობო ფორმატები, სადაც საქართველო დასავლელ პარტნიორებთან ერთად არის მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილი. მას სურს ამ ფორმატების გვერდის ავლით გაიმართოს მოლაპარაკება, რაც წამგებიანი იქნება საქართველოსთვის. რუსეთმა ხომ არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ისიც ვიცით, თუ რაოდენ წამგებიანია რუსეთთან ერთიერთზე დიალოგი. რაც მთავარია, ის ახლა ლაპარაკობს საზღვარზე, რომელსაც ჩვენ, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ვაღიარებთ და მას საოკუპაციოს ვუწოდებთ. აუცილებელია რუსეთის ქმედებების გაანალიზება პოლიტიკურ დონეზე, სასურველია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში და საპასუხო ნაბიჯების დაგეგმვა, რისი დიდი მოლოდინი, სამწუხაროდ, არა მაქვს. ნახეთ, რა თქვა ბატონმა გიორგი ვოლსკიმ, ოკუპაციაც ის არის, რომ ან ფეხში გესვრიან, ან გაგვიტაცებენო. კი ბატონო, არავინ ამბობს, რომ ომი გამოსავალია, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ხელისუფლების რეაგირება არ იძლევა შედეგს. ხშირად გვიანდება რეაგირება და საპასუხო განცხადებები, არა გვაქვს ამოქმედებული "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია", იგვიანებს დასავლეთის მობილიზებაც სწრაფი რეაგირების მიზნით. ეს ყოველივე კი მეტყველებს, რომ კრემლის აგრესიულ ქმედებებზე არ გაგვაჩნია მკაფიო პოლიტიკა.

ამასთან, ხელისუფლება თავისი განცხადებებით ცდილობს გააფერმკრთალოს მტრის ხატი და მის ნაცვლად მთავარ მოწინააღმდეგედ ჩვენი ოპოზიცია წარმოაჩინოს. ეს კი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს არა მარტო "ქართული ოცნებისთვის", არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ოკუპანტთან ბრძოლაში ერთიანობა გვჭირდება. პოლიტიკური პოლარიზაცია და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე შეუთანხმებლობა დიდი წინდაუხედაობაა და ამას აუცილებლად გამოიყენებს რუსეთი.

- რუსეთი დიდი ხანია საქართველოში ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პუტინმა თავისი მმართველობის ახალი ფაზა აგრესიული რიტორიკით დაიწყო, ახლახან კი რუსული არმიის ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელი შემოწმება დაიწყო, ხომ არ არის მოსალოდნელი სამხედრო ინტერვენცია? - ჰიბრიდული ომის დროს მოშლილია ზღვარი ომსა და მშვიდობას შორის, ანუ შეიარაღებული პირდაპირი მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ყველა სხვა კომპონენტი სახეზეა. დღეს რუსეთს ჰყავს საოკუპაციო რეჟიმი, თავისი უკანონო ინფრასტრუქტურით, განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას და ბორდერიზაციას, იტაცებს და გვიკლავს ხალხს, გაჩაღებული აქვს საინფორმაციო ომი, აძლიერებს მეხუთე კოლონას და იყენებს ეკონომიკურ ბერკეტებსაც. შესაბამისად, მე არ ვიზიარებ "ქართული ოცნების" განცხადების პათოსს, რომ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელსაც რუსეთთან ომი არ ჰქონია. ჩვენ უკვე ვართ ომში. მართალია, რუსული რეგულარული არმია არ გვიტევს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, სწორედაც ომია.

- სამხედრო ინტერვენციას გამორიცხავთ? - არა, თუმცა დღეს არსებობს ბევრად იაფი საშუალება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და შეცდომაა, როდესაც ამ პოლიტიკურ მიზნებს არ ვუპირისპირებთ ყველა რესურსს და არ ვაძლიერებთ ეროვნულ მედეგობას, რომელიც რუსული ჰიბრიდული ომის სამიზნეა. ამისთვის საჭიროა მწყობრი სტრატეგია, ეროვნული ერთობა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა.

- რაზე მეტყველებს, როდესაც ქვეყანა ასეთი რისკების წინაშეა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ჯერ კიდევ არ არის განახლებული? - ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მოშლაზე პასუხისმგებელი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაა. მისი ექსპერიმენტების შედეგია ჯერ უშიშროების ორი საბჭო და შემდეგ ორივეს გაუქმება, ის დიდი შუალედიც, როცა არც ერთი არ არსებობდა. ახალი კი რას აკეთებს, არავინ იცის.

საქართველოს 2018 წლის შემდეგ არ განუახლებია სტრატეგიული დოკუმენტები, რაც მიუთითებს, რომ "ოცნებისთვის" უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა მეორეხარისხოვანია.

არადა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არათუ შეფასებული გვქონდეს საფრთხეები, არამედ გვქონდეს კონკრეტული სტრატეგიაც მათი თავიდან ასაცილებლად თუ შესამცირებლად.

- სახიფათო ვითარებაა ჩვენს საზღვრებთან, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ატომური ელექტროსადგურისა და კაშხლის აფეთქებით ემუქრებიან. თურქეთი აცხადებს, რომ თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები აზერბაიჯანის განკარგულებაშია... - დიახ, კონფლიქტის გაფართოების შემთხვევაში საქართველოს პირდაპირი საფრთხე ემუქრება. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ის აქტორები და ქვეყნები, რომლებსაც შეიძლება ამ კონფლიქტში ინტერესები ჰქონდეთ. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე არ მოხდება კონფლიქტის მეტად ესკალაცია, თუმცა სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საფრთხეების შეფასება, თუ განახლებული ეროვნული დონის სტრატეგია, რათა მწყობრი გეგმით შევძლოთ ამ რისკების შემცირება თუ თავიდან აცილება.

ხათუნა ბახტურიძე