ვაჟა გაფრინდაშვილი: "ოკუპაციაზე მტკივნეული და საშიში პრობლემა საქართველოს არა აქვს"
ვაჟა გაფრინდაშვილი: "ოკუპაციაზე მტკივნეული და საშიში პრობლემა საქართველოს არა აქვს"
"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, საქართველომ პროვოკაციები გაახშირაო, უკიდურესად თავხედური და შეურაცხმყოფელია. თავად ქართულ მიწაზე, ცხინვალის რეგიონში, 20 სამხედრო ობიექტი აქვთ, თითოში 200-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული. რუსი ოფიცრები ოჯახებით ცხოვრობენ..."

დღემდე გაურკვეველია რუსი "მესაზღვრეების" მიერ ცხინვალში დაკავებული კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძის ბედი. ის 11 ივლისს მეგობართან ერთად სოკოს საკრეფად წასულა. ოსური მედიის ცნობით, გახელაძეს იარაღი ჰქონდა და რუს მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა, საპასუხო ცეცხლით
კი მსუბუქად დაიჭრა. ამ ვერსიას­ კატეგორიულად უარყოფს გახელაძის ოჯახი - როგორც ამბობენ, ზაზას მხოლოდ სამონადირეო თოფი ჰქონდა,­ რომელიც შინ, სეიფში აქვს. გარდა ამისა, იქ, სადაც "საზღვარი" დღემდე დაუდგენელია და არავინ იცის, რუსები მავთულხლართებს­ სად გაავლებენ, იარაღით არავინ დადის, საქმეს არ გაირთულებენ.

"ცხინვალის ციხეში ისეთი არაადამიანური
პირობებია, დაჭრილი კი არა, ჯანმრთელი ადამიანისთვის არის ჯოჯოხეთი"


ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ ზაზა გახელაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა ცნობილმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.
- ზაზას ყველამ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მისი დაკავება ჩვენი პრობლემა და სატკივარია. იქ მარტო ზაზა კი არა, კიდევ რამდენიმე ქართველია.
დღემდე უკანონო პატიმრობაშია გენადი ბესტაევი, რომელსაც ორი წელი აქვს მისჯილი. ჩემს იქ ყოფნაში­ დააკავეს, წინასწარი დაკავების იზოლატ­ორში ერთად ვიყავით.­ 3 ივლისს კიდევ ერთი მეჯვრისხეველი, ხვიჩა მღებრიშვილი დააკავეს სიბრიყვემდე ცინიკური განცხადებით - ღამურებს­ იჭერდა, რომ გაეყიდაო. ვიცი, რომ ჯერაც საკარანტინო ზონაშია.

ცხინვალის ციხეში ისეთი არაადამიანური პირობებია, დაჭრილი კი არა, ჯანმრთელი ადამიანისთვის არის ჯოჯოხეთი. ამიტომაც ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს ზაზას გასათავისუფლებლად.

- ოსური ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, გახელაძის საქმეში საზღვრის გადაკვეთის გარდა, იარაღიც ფიგურირებს.
- ზაზასთვის ტყვიის სროლა არს­ებული შემთხვევებიდან ყველაზე თავხ­ედური მესიჯია. ეს ნიშნავს, "საზღვარს" არც გაეკაროთო. იქაური მოსახლეობა დაუცველია, აუცილებელი გადაადგილებაც შეზღუდული აქვთ. ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით მხოლოდ 2019 წელს 100-მდე კაცი დააკავეს, უმეტესობამ შემთხვევით გადაკვეთა "საზღვარი", რადგან რუსები სად გაავლებენ მავთულხლართს, არავინ იცის. ზოგიერთი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე აიყვანეს. ქართული საპოლიციო კონტროლი სოფლის შესასვლელშია და არა ბოლოში, მოსახლეობა მხოლოდ ერთი მიმართულებით ხომ არ ივლის, ბაღები, ბოსტნები სხვადასხვა ადგილას აქვთ. ხომ უნდა იარსებონ?!

ჩორჩანის პოსტის გახსნის შემდგომ ოსური მხარე მოსახლეობას ყოველდღე ავიწროებს. ამით ცდილობენ ახალგორელებმა ქართულ მხარეს მისი აღების თხოვნით მიმართონ. სწორედ იმ პოსტს შეეწირა ახალგორის მოსახლეობის შედარებით თავისუფალი მიმოსვლა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება, საქართველომ პროვოკაციები გაახშირაო, უკიდურესად თავხედური და შეურაცხმყოფელია. თავად ქართულ მიწაზე,­ ცხინვალის რეგიონში, 20 სამხედრო ობიექტი აქვს, თითოში 200-ზე მეტი სამხედროა მობილიზებული. რუსი ოფიცრები ოჯახებით ცხოვრობენ, დავინახე, ბავშვებიც დარბოდნენ. იგივე ხდება აფხაზეთშიც.

დღეს ყოველდღიურ ოკუპაციაზე საგანგაშო, მტკივნეული და საშიში პრობლემა საქართველოს არა აქვს. არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, რა მოტივით დააკავებენ კიდევ ვინმეს და ცხინვალის ციხეში ჩასვამენ, სადაც ადამიანისთვის ელემენტარული პირობებიც არ არის. არავის ვუსურვებ იმ ჯოჯოხეთის გავლას.



- არსებული ინფორმაციით, პანდემიის გამო იქ ვითარება უფრო დამძიმდა, რადგან იმ მწირ თანხებსაც, რაც აქვთ, ვირუსის­ გავრცელების შესაკავებლად ხარჯავენ.
- დიახ, პანდემიამ ისინი უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. რუსეთის მთავრობამ კი ანატოლი ბიბილოვის გუნდს საჩუქრად შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის­ დანაყოფების ფორმები, უხეში რეზინის ეკიპირება, ჩექმები, ქუდები, ხელთათმანები და ნიღბები გადასცა, რომელიც იმდენად უხეშია, მისი გამოყენება თვითმკვლელობაა.

ეს საჩუქარი შოუ იყო, თორემ იმ აღჭურვილობით რამდენიმე საათის­ განმავლობაში პაციენტებთან მუშაობა კი არა, გადაადგილებაც შეუძლებელია. დაუცველი უსაფრთხოების ზომების გამო ახლახან რამდენიმე ადგილობრივმა ექიმმა მუშაობაზე უარი თქვა. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში "კოვიდ-19"-ის ყველა შემთხვევა რუსეთიდან შემოსულ კურსანტებს დაუფიქსირდა.

იცით, რატომ უშვებენ მშობლები იმ პატარა ბიჭებს რუსეთში? იქ საჭმელი, ბინა და სწავლა უფასოა. ამ "კეთილდღეობის" სანაცვლოდ უშვებენ შვილებს რუსეთის ჯარში საზარბაზნე ხორცად. ზოგს მართლა­ სჯერა, რომ დამოუკიდებლები არიან, თუმცა არიან საღად მოაზროვნეებიც და ხვდებიან, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ელოდნენ. სწორედ ამ ნაწილთან სასაუბროდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რუსეთის მიზანია, მაქსიმალურად შეზღუდოს ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ადამიანური ურთიერთობა, ერთმანეთს დაგვაშოროს. აღწევს კიდეც მიზანს.

მინდოდა რუსეთის მთავრობისთვის მეჩივლა, მაგრამ ე.წ. სამხრეთ ოსეთში გადამამისამართეს, რაც დიდი ცინიზმია, მაგრამ არ ვაპირებ დანებებას. რუსეთი რომ ჩვენზე დიდია და უნდა გადაიხდის კომპენსაციას, უნდა არა, ამან არ უნდა შეგვაჩეროს. ისევ შევიტანოთ საჩივარი, ავტეხოთ ხმაური. ის დიდია, ყველაფერი უნდა ვაპატიოთ და ბაბაია დავუძახოთო, შეცდომაა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

- ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მის ხელში არსებულ ბერკეტებს სათანადოდ არ იყენებს?
- ყოველ წუთს უნდა ვახსენებდეთ მსოფლიოს რუსეთის როლს ამ კონფლიქტებში, თუ რა შედეგამდე მივედით ჩვენ, აფხაზები, ოსები, მთლიანად ქართული სახელმწიფო.

მთავრობას ხალხის მხარდაჭერაც სჭირდება, რაღაცებზე ყურადღების გადატანას კი არ უნდა ვცდილობდეთ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად უნდა გავერთიანდეთ ყველა - ხალხი, ხელისუფლება და ოპოზიცია. რუსეთის თავხედობას საზღვარი აღარ აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო პოსტს განათავსებენ თუ პოლიციურს, მაშინვე მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ. მოძალადე და აგრესორი რუსი საკუთარ მიწაზე ხალხს მუშაობას, მიმოსვლასა და საერთოდ, არსებობას უკრძალავს, რადგან ჩვენი საზღვარი ჩორჩანასა და ენგურთან კი არა, ფსოუსა და როკის გვირაბთან გადის!.. ახალგორის რაიონში უმეტესად 70 წელს გადაცილებული მოსახლეობა ცხოვ­რობს. მათ ექიმთან მისვლისა და მედიკამენტის შეძენის შესაძლებლობაც არა აქვთ. რაიონში 3 ექიმი ჰყავდათ, კორონავირუსის პერიოდში ორი კარანტინში მოხვდა და მოსახლეობა მხოლოდ ერთი ექიმის ამარა დარჩა.

არაერთხელ გარდაიცვალა მარტოხელა მოხუცი უწამლობისა და უექიმობისგან და რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს. სოფლები დაცლილია. სადაც 100-200 კომლი ცხოვრობდა, 5-6 კაციღა დარჩა, მოხუცები, რომლებმაც თავიანთი მიწა-წყალი და მამა-პაპის საფლავები არ დატოვეს. ჰოდა, მათთვის ყოველი სიტყვა, რომლითაც აქედან შევეწევით, შვებაა. იქ ხშირად დავდიოდი, კავშირი არც ახლა მაქვს გაწყვეტილი და ვიცი, რის ფასად უძლებენ იქ ყოფნას. ახლა ისევ განაახლეს ის ე.წ. კანონი, რომ ახალგორიდან წამოსული ადამიანი უკან ვერ ბრუნდება.

ყველა დაკავებული, რომლებიც გათავისუფლების შემდეგ შს სამინისტროსა და სუს-ში მიჰყავთ დასაკითხად, მოწმის სტატუსით იკითხება და არა პირის, რომელსაც თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. ასე დამკითხეს მეც და ძალიან გამიკვირდა, მოწმე რანაირად ვარ, დაკავებული ვიყავი-მეთქი. მესმის, ზომიერება და სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ იმდენად არა, რომ ჩვენი უფლებები დაირღვეს.

ჩემს თავზე გამოვცადე იქ ყოფნის სიმწარე და ჩვენი ოტია იოსელიანის არ იყოს, ვისაც არ მოსწყურებია, მისთვის წყალი, უბრალო, უფერული სითხეა, ვისაც არ სტკენია, მას სიხარულის გაგება გაუჭირდება და ვინც არ მომკვდარა, მან სიცოცხლის ფასი არ იცის. ამიტომ ყველა იქ მცხოვრების მესმის, განსაკუთრებით მათი, ვისაც ოჯახის წევრი ცხინვალის ციხეშDი უკანონო პატიმრობაში ჰყოლიათ ან ჰყავთ.

თუ დაკავებულ ქართველს ცხინვალში ვინმე ახლობელი არა ჰყავს, აქედან ფულს ვერავინ ჩაურიცხავს და შიმშილით სიკვდილისთვის არის განწირული, არადა, იქაურ გლეხს არც 1 და არც 2.000 რუბლი არ ექნება, რომ საკვებად გამოიზოგოს.

ახლა მთავარია, ზაზა რაც შეიძლება­ მალე ოჯახს უვნებელი დაუბრუნდეს! ჩვენ კი მიყენებ­ული მორალური და ფიზიკური ტკივი­ლის კომპენ­საცია რუსეთს უნდა მოვთხ­ოვოთ ასჯერ და ათასჯერ, რათა მსოფლიოს მუდმივად­ შევახსენოთ­ მისი, როგორც აგრესორის სტატუსი.

"ზაზას ნადირობა­ უყვარს და ხანდახან სამხედრო ფორმა ეცვა. ეტყობა, რუსებს სამხედრო პირი ეგონათ და აიყვანეს"

33 წლის ზაზა გახელაძის ოჯახმა "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტს 11 ივლისს ზაზას დაკავებისთანავე მიმართა.

ნინო ბუთხუზი, ზაზა გახელაძის მეუღლე: - ზაზამ მესიჯი მომწერა, რუსებმა დამიჭირეს და ცხინვალში გადაყვანას მიპირებენო. დაჭრაზე არაფერი უთქვამს, მერე გავიგეთ, რომ ტერფშია დაჭრილი. ალბათ, გარბოდა და ტყვია ფეხებში მიაყოლეს. სხვ­ილოს ციხის მიმდებარედ რუსები­ ადრე არ გვინახავს, ახლა კი სად არ დაწანწალებენ. კიდევ კარგი, ზაზას მეგობარმა გაქცევა მოასწრო. ზაზას მოხუცი დედ-მამა ჰყავს. სამი შვილი­ გვყავს და ისე ნერვიულობენ, ტელეფონსა და ტელევიზორს არიან მიჯაჭვული, იქნებ რამე გავიგოთო. ზაზას ნადირობა­ უყვარს და ხანდახან სამხედრო ფორმა ეცვა. ეტყობა, რუსებს სამხედრო პირი ეგონათ და აიყვანეს. სოფლელები სხვილოს ციხეზე სოკოს მოსაგროვებლად ხშირად დადიან, ახლა სეზონია და ზოგჯერ ბავშვებიც მიჰყავთ. რუსებს რას გაუგებ, სადაც უნდათ, იქ ავლებენ მავთულხლართს. თუ "დაწესებული საზღვრის" ახლომახლო დაინახეს ვინმე, ჰაერში ისვრიან, მაგრამ ზოგჯერ ძალიან შორსაც იჭერენ. რუსები ჯგუფებად დადიან და ვერ გაექცევი...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები