"საქართველოს მალე კოალიციური მთავრობა ეყოლება" - კვირის პალიტრა

"საქართველოს მალე კოალიციური მთავრობა ეყოლება"

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძის თქმით, Edison Research-ის კვლევები მეტყველებს, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კოალიციური ხელისუფლება მოვა. "ამ კვლევებში "ქართული ოცნების" მიერ ნაჩვენები შედეგი არის ჭერი, მაქსიმუმი, რომელზეც ოდესმე შეეძლოთ ეოცნებათ. როცა საარჩევნო კამპანია დაიწყება, მათი რეიტინგი ქვევით წამოვა, უხეშად რომ ვთქვათ, დაყვინთავს", - განაცხადა რომან გოცირიძემ. რა საფუძველი აქვს "ნაციონალების" ლიდერის ამ ვერსიას, რა პროცესები მიდის ოპოზიციურ ერთობაში, ბატონი რომან გოცირიძე გვესაუბრება:

- Edison Research-ის კვლევაში ჩანს, რომ ამომრჩევლების 20% გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, რომელიც "ოცნებას" არასდროს მისცემს ხმას. ჯამში, აქეთ 39%-ია, იქით, თუ დავაჯამებთ - 61. კოალიციური ხელისუფლება მოდის საქართველოშიო, ამას ამბობს ეს კვლევა, მაგრამ არჩევნების შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება ოპოზიციისთვის, რადგან ჯერ მხოლოდ მაჟორიტარები წარვადგინეთ. ოპოზიცია თბილისის 6 ოლქიდან 3-ში იგებს, მათ შორის ერთ-ერთში ძალიან დიდი უპირატესობით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კი 6-დან 3 შემთხვევაში დამარცხდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში გაერთიანებული ძალებით შესაძლებელია უკეთესი შედეგის მიღწევა. ეს იმას ნიშნავს, რომ არც პროპორციულში ექნება "ქართულ ოცნებას" უკეთესი შედეგი. ამ კვლევის ყველა ირიბი მაჩვენებელი მთავართან ერთად იძლევა დასკვნას, რომ დამთავრებულია "ოცნებისა" და რუსეთის რვაწლიანი ერთობლივი წარუმატებელი ექსპერიმენტი.

- "ოცნება" კი აცხადებს, რომ რუსებს ექსპერიმენტებში "ნაციონალები" ეხმარებიან. - ამერიკელმა კონგრესმენებმა ივანიშვილი ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთის მოკავშირედ მოიხსენიეს. დამისახელეთ მსოფლიოს მასშტაბით ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობდა. სად არიან "ოცნებაში" პოლიტიკოსები? მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ივანიშვილის მზარეული არა ჰყავთ დასაქმებული, თორემ სხვა ყველა იქ მიიყვანა, დაწყებული პირადი სტომატოლოგით და დამთავრებული პირადი დაცვით. მილიონები ვის გამოატანა პუტინმა რუსეთიდან? ვინც ამხელა თანხის გამოტანა დააპირა ან სამარეშია, ან გაკოტრებული, ივანიშვილს კი უპრობლემოდ გააყიდვინა აქციები სოფლის მეურნეობაში, სამედიცინო და სამშენებლო ბიზნესში, ბანკში... რუსეთი ამერიკისა და ევროპის არჩევნებში ერევა, საქართველოს არჩევნებშიც ჩაერია. 2012 წლის არჩევნების ბედი ციხის კადრებმა და რაფალიანცის საქმემ გადაწყვიტა. ორივე რუსეთის საჩუქარი იყო "ოცნებისთვის". რუსეთის საჩუქარი იყო "თიბისი ბანკზე" ტროლების თავდასხმაც. დღეს სამივე საქმე გამოუძიებელია. ამიტომ ვამბობ, რომ "ქართული ოცნებისა" და რუსეთის ექსპერიმენტი წელს დამთავრდება.

- თუმცა "ქართული ოცნება" ამბობს, რომ 55%-იანი რეიტინგი აქვს.

- როგორ შეიძლება ასე იყოს, როდესაც "ქართულ ოცნებას" მმართველობის ზენიტში 48%-იანი რეიტინგი ჰქონდა? მას შემდეგ ხალხი უფრო გაღარიბდა, ემიგრაციაში უფრო მეტი მოქალაქე წავიდა, ანაკლიის პროექტი ჩაძირეს. გარწმუნებთ, საქართველოს მალე კოალიციური მთავრობა ეყოლება.

- ვრცელდება მოსაზრება, რომ შეიძლება ოპოზიციური ერთობა დაიშალოს. - ლეიბორისტების ოფისში შექმნილმა ფორმატმა თავისი ფუნქცია შეასრულა. თუმცა ჩვენ უფრო გავაფართოეთ ამოცანა და იმაზეც შევთანხმდით, რომ თბილისში ერთმანეთს კონკურენცია არ გავუწიოთ. "ძალა ერთობაშია" შენარჩუნდება. თუ ვინმეს გასვლა უნდა, გავიდეს. 1%-იანმა ბარიერმა ზოგს რეალური შანსი გაუჩინა, ზოგს კი ილუზია. ჩვენ ამ ფორმატს არ დავშლით.

- თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას თუ დაუჭერთ მხარს საბურთალოზე?

- იმ პარტიებმა, რომლებიც "ძალა ერთობაშია" შედიან, გადაწყვიტეს გიორგი ვაშაძე წარედგინათ ისანში. თუ ჩარკვიანს დაუჭერენ მხარს საბურთალოზე, ამასაც მივესალმებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 6 ადგილიდან ერთი "ლელოს" წარმომადგენელს, ერთი კი ელისაშვილს დაეკავებინა, მათ კი უარი თქვეს.

ხათუნა ბახტურიძე