"ნორმალური ადამიანი დღეს "ქართულ ოცნებას" სათოფეზე არ გაეკარება" - კვირის პალიტრა

"ნორმალური ადამიანი დღეს "ქართულ ოცნებას" სათოფეზე არ გაეკარება"

"არც Edison Research-ის კვლევების მჯერა და არც "ქართული ოცნების" შიდა კვლევების. ყველა პარტია თავის სასარგებლოდ ატარებს. ამიტომ კვლევებით ხმალაობა დიდად არ მიყვარს. ჩვენც ჩავატარეთ შიდა კვლევა, ძალიან კვალიფიციურ ორგანიზაციას დავუკვეთეთ, გვაინტერესებდა, რა რეალობა იყო", - ამბობს "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი. როგორი აღმოჩნდა რეალობა ალეკო ელისაშვილისა და მისი ახალი პარტიისთვის, როგორია მისი სასტარტო პოზიცია, ამის შესახებ ალეკო ელისაშვილი გვესაუბრება:

- ჯერ ერთი კვირაა, რაც რეგისტრაცია გავიარეთ, პრეზენტაციაც არ გვქონია და უკვე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტია ვართ. ძალიან სერიოზული სასტარტო პოზიცია გვაქვს. არა აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ვის დავუკვეთეთ კვლევა ან გიგა ბოკერიამ. ახლა მთავარია ჩვენი ხედვები და პოზიციები, ვის როგორ შეგვიძლია ვუშველოთ ქვეყანას.

- როგორ გგონიათ, თქვენი პარტიისთვის ყველაზე მთავარი გამოწვევა რა იქნება ამ საარჩევნო მარათონში?

- ჯერ არაფერი, მაგრამ ახლა დაიწყება ყველაფერი. როდესაც ქვეყანაში გვყავს პარტია, რომლის თავმჯდომარეს იმაზე მეტი ფული უდევს ანგარიშზე, ვიდრე ქვეყნის ბიუჯეტია და ისიც, ფაქტობრივად მისი ფულია, წინასაარჩევნო გარემო ძალიან უთანასწორო და უსამართლოა. წარმოიდგინეთ, სტადიონი. აღმართში ჩვენ ვართ, "ქართული ოცნება" კი დაღმართში და გვეუბნება, ფეხბურთი გვეთამაშეთო. ეს განსაკუთრებით ძნელია ჩვენისთანა პარტიისთვის, რომლის ანგარიშზეც ერთი თეთრიც არ არის. ყველაფრის მიუხედავად, ამ გამოწვევის არ გვეშინია, ენერგიით სავსე ხალხი ვართ და შემართებაც გვაქვს.

- თუ თქვენს ანგარიშზე ერთი თეთრიც არ არის, როგორ აპირებთ წინასაარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარებას? - საქართველოში პოლიტიკა იმიტომ დაბინძურდა, რომ ყველაფრის განმსაზღვრელი ფულია. უკვე დიდი ხანია არჩევნებში ვმონაწილეობ და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ არჩევნებს, საზოგადოდ, პოლიტიკას, სინამდვილეში ძალიან ცოტა ფული სჭირდება. თუ პოლიტიკაში ფულის საკეთებლად მოდიხარ, მაშინ ქვეყნის ბიუჯეტი საკუთარ ჯიბედაც რომ აქციო, მაინც არ გეყოფა, მაგრამ თუ სერიოზული პოლიტიკური მოთამაშე გინდა იყო, იდეები, ხედვები გაქვს და მართლაც გინდა ქვეყანა წინ წაიყვანო, ამას უფულოდაც შეძლებ.

ჩვენ ერთადერთი პარტია ვიქნებით, რომელიც ხალხის შემოწირულობით იარსებებს. თბილისის მერის არჩევნებზე სულ 120 ლარი დავხარჯე და მეორე ადგილზე გავედი. ის 120 ლარიც ხალხმა მომცა, ამიტომაც მოვუგე დიდი ბიუჯეტის მქონე პარტიებს. ჩვენს გუნდში მხოლოდ ისინი იქნებიან, ვისი მიზანი მხოლოდ ქვეყნის წინსვლაა.

- მთავარ ოპონენტად ვინ მიგაჩნიათ?

- "ქართული ოცნება". მისი მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან 25 მაინც ფულის ტომარა იქნება. ნორმალური ადამიანი დღეს "ქართულ ოცნებას" სათოფეზე არ გაეკარება. შესაბამისად, მმართველი გუნდის წევრები რეგიონებში დადიან და ეძებენ მდიდრებს, განსაკუთრებით ბიზნესმენებს. მათი დაყოლიება იოლია, რადგან ვიცით, რომ ყველა ბიზნესი მთავრობასთან ჯიბით არის მიბმული. ახლა მათი დამუშავება მიდის, მაჟორიტარობის კანდიდატობის სანაცვლოდ ტენდერების მოგებას სთავაზობენ. ხელისუფლებას არ გაუჭირდება იმათი დაყოლიება, ვისი მთავარი და ერთადერთი მიზანი ფულის კეთებაა. ნახეთ, ვინ დანიშნა "ოცნებამ" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად - ირაკლი კობახიძე. რაც უფრო მეტ ჩერჩეტს დანიშნავენ წინა პოზიციებზე, ჩემთვის უფრო კარგი იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილს იქ გავყვეთ, სადაც ის უსაზღვროდ ძლიერია. დიდი ფულის, ძალოვანი სტრუქტურების, ადმინისტრაციული რესურსის დამარცხება შეიძლება მხოლოდ რწმენით, თავდაჯერებულობითა და იდეის გარშემო დარაზმვით.

ხათუნა ბახტურიძე