"სტაბილიზაციის რესურსი მხოლოდ "ოცნებას" გააჩნია" - კვირის პალიტრა

"სტაბილიზაციის რესურსი მხოლოდ "ოცნებას" გააჩნია"

"როდესაც საქმე იმ პოლიტიკურ ძალას ეხება, რომელიც დესტრუქციული ქმედებისა და რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმის გარდა არაფერს აკეთებს, ხელისუფლებისთვის კონსენსუსის მიღწევა ძნელია"

"ოპოზიციის კვლევებმა უკვე ჭირი მოგვჭამა", - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი Edison Research-ის კვლევის შედეგებს. ცნობისთვის, Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: "ქართული ოცნება" 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 16%; "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები" 5%.

გიორგი ვოლსკი უნდობლობას უცხადებს ამ კვლევას და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი ხელოვნურად არის დაკლებული. მმართველი გუნდის ლიდერები ირწმუნებიან, რომ მათი შიდაკვლევების მიხედვით, "ქართული ოცნების" რეიტინგი 55%-ზე გაცილებით მეტია. ამ და სხვა საინტერესო თემებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი გვესაუბრება.

- თქვენ ამბობთ, რომ საეჭვოდ გეჩვენებათ Edison Research-ის კვლევები, რადგან პანდემიის გამო შესაბამის სამუშაოებს ვერ ჩაატარებდა. "ქართული ოცნების" შიდა კვლევა, რომლის მიხედვითაც 55%-ზე მეტი რეიტინგი გაქვთ, როგორ ჩატარდა პანდემიის პერიოდში?

- Edison Research-ის შემთხვევაში მხოლოდ პანდემია არ არის პრობლემა. კვლევების დამკვეთი პოლიტიკურად მოტივირებულია. "ქართულ ოცნებას" ამ კვლევაშიც კი მოწინავე პოზიცია აქვს, მაგრამ ერთი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა - ალბათ, გახსოვთ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც დღეს ერთი მაგიდის გარშემო სხედან. ხომ გახსოვთ, რას ამბობდნენ ბურჯანაძე, ნათელაშვილი, ოქრუაშვილი, სანიკიძე, ბერძენიშვილი "ნაციონალებზე", "ევროპულ საქართველოსა" და ერთმანეთზე. ჰიპოთეზურადაც რომ დავუშვათ, ამ ოპოზიციურმა ერთობამ დააკომპლექტოს ხელისუფლება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? ჩვენ მივიღებთ მყიფე და პოლიტიკურ გარიგებებზე ორიენტირებულ მთავრობას, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეს შექმნის.

- თუ ვერ მოიპოვეთ საკმარისი მხარდაჭერა არჩევნებში, რომელ პოლიტიკურ ძალასთან შექმნიდით კოალიციურ მთავრობას? - დარწმუნებული ვარ, ჩვენ მთავრობის შესაქმნელად რესურსი გვეყოფა.

- რა გაძლევთ ამის იმედს? - როგორც უკვე გაკეთებული საქმეები, ასევე ის პერსპექტივა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს.

- უკვე გაკეთებულ საქმეებში რას გულისხმობთ?

- სიღარიბის შემცირებას. წინა ხელისუფლების დროს განადგურებულმა სოფელმა განვითარება დაიწყო; გვაქვს სოციალური პაკეტები, რითაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეების მდგომარეობა გაუმჯობესდა. პანდემიამ ბევრ კარგ საქმეში შეგვიშალა ხელი, მაგრამ ამომრჩეველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სტაბილიზაციის რესურსი მხოლოდ "ოცნებას" აქვს.

- ოპოზიციის აზრით, სტაბილიზაციის განცდა ვერ გვექნება, როდესაც რუსეთი პროვოკაციების მოწყობაში გვადანაშაულებს და შეფარულად მუქარებს გვითვლის, ხელისუფლება კი არათუ შესაბამისი პოლიტიკით ვერ პასუხობს, შემხვედრ განცხადებასაც არ აკეთებს. - ოპოზიცია ამ ყველაფერს იმიტომ ამბობს, რომ გადაფაროს თავისი დანაშაულები, თუნდაც ტერიტორიების რუსეთისთვის ჩაბარება, მშვიდობიანი მოსახლეობის მიტოვება კონფლიქტის ზონაში, ევროკავშირისა და ამერიკის სამშვიდობო გეგმის ჩაშლა; ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ომის დაწყება საქართველოს ბრალდება. ეს არის მცირე ჩამონათვალი, რომლის გამოც "ნაციონალებს" ბოდიში აქვთ მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე. ამის ნაცვლად, აქეთ ბრალს გვდებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არასაკმარისად მომთხოვნია რუსეთის ხელისუფლების მიმართ. თუმცა მხოლოდ ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ოფიციალური დოკუმენტი, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა აღიარებული; ამერიკის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველას, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, სანქციები დაეკისრებაY.

- რუსეთის მთავარი საბრძოლო იარაღი ჰიბრიდული ომია. თავის მხრივ, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საზოგადოებაში, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების გაღვივებაა. ხელისუფლება რას აკეთებს იმისთვის, რომ არ დაუშვას პოლარიზება.? - როდესაც საქმე იმ პოლიტიკურ ძალას ეხება, რომელიც დესტრუქციული ქმედებისა და რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმის გარდა არაფერს აკეთებს, ხელისუფლებისთვის კონსენსუსის მიღწევა ძნელია.

რუსეთის ინტერესებშია, რომ საქართველო არ იყოს სტაბილური ქვეყანა და ამ ინტერესს ძალიან ემთხვევა სააკაშვილის განცხადებები - ის დესტრუქციული ქმედებისკენ მოუწოდებს მას დაქვემდებარებულ პოლიტიკურ ძალებს.

- "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა წარადგინოს 30-ვე ოლქში.

- ჯერ მაჟორიტარული კანდიდატების სიას წარვადგენთ, პროპორციულ სიაზე მუშაობა კი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

- პროპორციულ სიაში ბიძინა ივანიშვილი იქნება? - ბიძინა ივანიშვილი პარტიის უპირობო ლიდერია. მისი ლიდერობა სიაში ყოფნა-არყოფნით არ განისაზღვრება. ის სიაში არ იქნება.

- თქვენ თუ იქნებით მაჟორიტარულ ან პროპორციულ სიაში? - ვიქნები, მაგრამ რომელში, ჯერ ვერ გეტყვით.

ხათუნა ბახტურიძე