"თუ კვლავაც გამწვავდა ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კრემლი ეცდება ეს კონფლიქტი მე-5 კოლონის საშუალებით საქართველოშიც გადმოიტანოს" - კვირის პალიტრა

"თუ კვლავაც გამწვავდა ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კრემლი ეცდება ეს კონფლიქტი მე-5 კოლონის საშუალებით საქართველოშიც გადმოიტანოს"

გასულ კვირას უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ამჯერად შეიარაღებული დაპირისპირება ყარაბაღში კი არა, საქართველოს საზღვართან საკმაოდ ახლოს მოხდა, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. მხარეების ურთიერთმუქარაც შორს წავიდა - სომხები აზერბაიჯანელებს მინგეჩაურის წყალსაცავის, აზერბაიჯანელები კი ატომური ელექტროსადგურის აფეთქებით დაემუქრნენ. სამწუხაროდ, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, პრობლემები ჩვენს იმ ტერიტორიაზეც შეიქმნას, სადაც სომხები და აზერბაიჯანელები კომპაქტურად სახლობენ. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- 1988 წელს, როდესაც ყარაბაღის კონფლიქტი დაიწყო, თბილისში ჩამოვიდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები - იქაური ეროვნული მოძრაობების წარმომადგენლები და თითოეული გვიმტკიცებდა საკუთარ სიმართლეს. მაშინ მთელი ჩვენი ეროვნული მოძრაობის სახელით ვრცელი წერილი დაიწერა და ყველამ ერთად ვთქვით, რომ საქართველო ამგვარ კონფლიქტებში ვერ ჩაერეოდა და ორივე მხარეს სიმშვიდისკენ მოვუწოდეთ. ჩვენმა წერილმა, სამწუხაროდ, ეს კონფლიქტი ვერ შეაჩერა და იმჟამადაც გაჩნდა კონფლიქტის საქართველოში გავრცელების საფრთხე - იყო ინციდენტებიც, თუმცა მცირე მასშტაბით. წლების მერე პროცესების გაანალიზების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ იმჟამად საბჭოთა კა-გე-ბემ ჩათვალა, რომ თუ კონფლიქტი აქაც გადმოვიდოდა, რუსეთს მისი გაკონტროლება გაუჭირდებოდა და ამიტომაც შეაჩერეს საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონა.

2007 წელს პოლონეთში კონფერენციაზე ვიყავით და მეც მომიწია სიტყვით გამოსვლამ. მე ვთქვი, რუსეთი კავკასიურ კონფლიქტს ამზადებს, თუმცა დასაწყებად ჯერ რესურსი არა აქვს-მეთქი. 2008 წელს კონფლიქტი მოხდა, მაგრამ სხვაგვარად. მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირება მოახდინა, ის საკითხები, რითაც შეეძლო სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება, ამოწურა. შესაბამისად, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ახლა უკვე რეგიონული კონფლიქტის გაჩაღებას მთელ კავკასიაში ცდილობდეს. როდესაც კონფლიქტი ყარაბაღს გასცდა და მაინცდამაინც საქართველოს საზღვარსა და იმ ენერგოხაზთან ახლოს დაიწყო, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოზე გადის და დასავლეთით მიემართება, ეჭვი უფრო გამიმძაფრდა. ვითარება ძალიან საყურადღებო და სახიფათოა. ჯერჯერობით თითქოს მიწყნარდა, მაგრამ თუ კრემლი შეეცდება კვლავაც გამწვავდეს ვითარება ამ ორ ქვეყანას შორის, ვფიქრობ, აუცილებლად შეეცდება იმასაც, რომ მეხუთე კოლონის საშუალებით საქართველოშიც გადმოიტანოს. გონიერება მართებთ უპირველესად სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს, რათა კრემლის დაგებულ მახეში არ გაებან.

რა შეგვიძლია ჩვენ - ხელისუფლებას თუ საზოგადოებას? რა თქმა უნდა, კონფლიქტისადმი ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს აბსოლუტურად ნეიტრალური, მაგრამ ამასთან, უნდა მოვიქცეთ რაც შეიძლება ფრთხილად. ხელისუფლება უნდა მუშაობდეს ყველა შესაძლო სცენარსა და მის პრევენციაზე, საზოგადოებამ კი ამ თემებისა და საფრთხეების განხილვა საჯაროდ უნდა დაიწყოს. კარგად უნდა გაანალიზდეს, შეუძლია თუ არა რუსეთს ამ ეტაპზე კავკასიაში კრემლისგან კონტროლირებადი არასტაბილური მდგომარეობის ინსპირირება?

ამას დაუმატეთ ისიც, რომ შემოდგომაზე რუსეთი კავკასიაში სამხედრო სწავლებას იწყებს, ასევე გაიხსენეთ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები. ახლახან ჩვენი მოქალაქე დააკავეს ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომელმაც თურმე ღამურების დასაჭერად დაარღვია ვითომ საზღვარი. ესეც იმას ემსახურება, რომ რუსეთში როგორღაც შექმნან აზრი, რომ ამ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ-ბაქტერიოლოგიური იარაღი მზადდება.

იბადება კითხვა: თუ რუსეთი მოახერხებს სამხრეთ კავკასიაში არასტაბილური ვითარების შექმნას, ხომ არ გამოიყენებს ამას იმისთვის, რომ ვითომ ლაბორატორიის მუშაობის გასანეიტრალებლად შემოიყვანოს სამხედრო ძალა უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეც? ეს პროცესების განვითარების ერთ-ერთი ვერსიაა, რაზეც უნდა დავფიქრდეთ.

მოკლედ, დიდი სიფრთხილე გვმართებს. შესაბამისმა სამსახურებმა ფრთხილად და პერმანენტულად უნდა იმუშაონ იმ რეგიონებში, სადაც აზერბაიჯანელები და სომხები კომპაქტურად არიან დასახლებული. ასევე მაქსიმალურად უნდა მოუსპონ მოქმედების საშუალება რუსეთის მეხუთე კოლონას საქართველოში. ამ ყველაფერს სჭირდება სერიოზული ანალიზი და რუტინული მუშაობა, თანაც ყოველგვარი პოლიტიკური ინტერესის გარეშე. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება ვინმემ შიდაპოლიტიკური მიზნით გამოიყენოს.

იხილეთ ვრცლად გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად

იხილეთ ასევე: დაპირისპირებამ კავკასიიდან ნისლიან ალბიონზე გადაინაცვლა - შეტაკება ლონდონში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის