"თანამდებობები და სავარძელი არ არის ჩვენი თვითმიზანი, მზად ვარ ვიმუშაო იმ პოზიციაზე, სადაც ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად გამოვადგები" - კვირის პალიტრა

"თანამდებობები და სავარძელი არ არის ჩვენი თვითმიზანი, მზად ვარ ვიმუშაო იმ პოზიციაზე, სადაც ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად გამოვადგები"

თუ გუნდი ჩათვლის საჭიროდ, რომ კონკრეტულ პოზიციაზე ვარ საჭირო, მზად ვარ ვიმუშაო იმ პოზიციაზე, სადაც ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად გამოვადგები , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა.

მისივე თქმით, თანამდებობა მისთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

"მე ვფიქრობ, საზოგადოება დარწმუნდა, თანამდებობები და სავარძელი არ არის ჩვენი თვითმიზანი, არცერთი ლიდერის. შესაბამისად, არც სიაში ნომრებზე და ადგილებზე ფიქრი და ზრუნვა არ არის დღეს ჩვენი პრიორიტეტი. პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა დღეს ამის შესახებ და ახლაც იგივეს გეუბნებით, რომ ჩემთვის დღეს სიაში ადგილი და ნომერი არის აბსოლუტურად მეორეხარისხოვანი. ჩემი აზრით, სიის ფორმირება უნდა მოხდეს გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით. სიის დაკომპლექტების ბოლო მომენტშიც კი არ მექნება პრეტენზია კონკრეტულ ადგილთან დაკავშირებით. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რომ მომეცა ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის საშუალება, პარლამენტის თავმჯდომარეობა. თუ გუნდი ჩათვლის საჭიროდ, რომ მე კონკრეტულ პოზიციაზე ვარ საჭირო, მზად ვარ ვიმუშაო იმ პოზიციაზე, სადაც ჩემს ქვეყანას ყველაზე მეტად გამოვადგები. მინდა გითხრათ, რომ თანამდებობა ჩემთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა, ყოველთვის იყო მეტი პასუხისმგებლობა, მეტი შრომა და ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ, როცა აქ ჟურნალისტები ბევრს მუშაობთ, ალბათ, დროს აკლებთ პირად ცხოვრებას, თქვენს ოჯახს, ასეა პოლიტიკაშიც", - განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"