"ვახო ტატიშვილმა შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო? ყველას უყვარდი და ახლა..." - რატომ მოდის პოლიტიკაში ნუგზარ კვაშალი? - კვირის პალიტრა

"ვახო ტატიშვილმა შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო? ყველას უყვარდი და ახლა..." - რატომ მოდის პოლიტიკაში ნუგზარ კვაშალი?

"რადგან "ქართული ფესვები" გვქვია, შეურაცხყოფას, გინებას, დებატებში გამოსვლას და ერთმანეთისთვის წყლის შესხმას აბსოლუტურად გამოვრიცხავთ"

ახალმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართული ფესვები" მაჟორიტარი დეპუტატობის  5 კანდიდატი წარადგინა: მომღერალი ნუგზარ კვაშალი გურიაში იბრძოლებს, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე რუსთაველი ამომრჩევლების გულის მოგებას შეეცდება. პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზემო აჭარაში ზურაბ ცინცქილაძე იქნება, ქუთაისში - ნათია ჯიმშერეიშვილი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში - ნოდარ ლიპარტელიანი.

ზემოთ დასახელებულ მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მებრძოლ კანდიდატებს შორის ნუგზარ კვაშალის გამოჩენა, ცოტა არ იყოს, საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. თუ რატომ გადაწყვიტა მომღერალმა საარჩევნო მარათონში მონაწილების მიღება, ამის გასაგებად kvirispalitra.ge თავად მას დაუკავშირდა.

ნუგზარ კვაშალი: - გადაწყვეტილება ამერიკაში მივიღე. იქ წარმოიშვა აზრი, რომ შექმნილიყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ფესვები".  ეს აზრი ქართველ ემიგრანტს თენგიზ ოქროპილაშვილს გაუჩნდა, რომელმაც გვიმასპინძლა ამერიკაში, როდესაც ქართველი ემიგრანტების მოსანახულებლად და კონცერტის გასამართად ჩავედით მე, ნუგზარ ერგემლიძე და ზურა კობეშავიძე. ბატონი თენგიზი ყოველ წამს გამოთქვამდა სურვილს, რომ ქვეყანას სჭირდება კარგი ტრადიციების აღდგენა, საქართველოს დღეს სჭირდება ის ქართული ფესვები, რომლიდანაც მოდის. იგი ორ ათეულ წელზე მეტია ცხოვრობს ფილადელფიაში, ბიზნესმენია და მხოლოდ ქართველები ჰყავს დასაქმებული. აქვს ტრანსპორტის დიდი კომპანია და საცხობი, სადაც მზადდება ქართული კერძები და - არამარტო. იქ ყოფნის დროს ძალიან დადებითი ემოციით დაგვმუხტა. იმდენად ძლიერი პიროვნებაა, სანამ პანდემია დაიწყებოდა, ჩამოვიდა და ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება ქალაქ ფოთში დავარეგისტრირეთ. მართალია, "ქართული ფესვები" ჯერ კარგად არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის და ამ ეტაპზე ხუთი მაჟორიტარობის კანდიდატი წარვადგინეთ, მაგრამ თანდათან გავფართოვდებით.  ჩვენ არსაით არა ვართ. ჩვენ ვართ ჩვენ და ვემსახურებით საქართველოს. მე პირადად ის 50 წელი, რომელიც ვემსახურე ქვეყანას ჩემი სიმღერით, სიყვარულით და მოფერებით, მინდა გავაგრძელო, ოღონდ სხვა ამპლუაში.

- რთული არ იყო თქვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსინჯოთ ძალები? - ძალიან ძნელი იყო. ვახო ტატიშვილმა ეგრევე შემომითვალა, რა გინდა, შენც დაგიწყონ გინებაო? ყველას უყვარდიო და ახლა ყველაფერი შეიცვლებაო. მიკვირს, რატომ არის ასეთი ტენდენცია. მაინც მგონია, რომ ამომრჩევლებმა ბევრი რამე არ იციან არჩევნებზე, მანდატებზე, კანონმდებლობაზე. იმიტომ, რომ ჰგონიათ, შეუძლიათ დაურეკონ არჩეულ პირს და უთხრან, ავეჯი გადამატანინე სხვა სახლშიო. არ იციან, რომ ყანის გათოხვნა და მსგავსი საქმე არ არის დეპუტატის საქმე. ასეთ საკითხებში უნდა გაერკვნენ. ბევრმა არც იცის, რომ იგივე დეპუტატები მოდიან და ზოგიერთი მათგანი იყო კიდეც წინა მოწვევის პარლამენტში. ამიტომ უნდა იყოს ახალი სახეები, ეგებ ხალხმა დაიჯეროს, რომ ახალმა სახეებმა უკეთესობისკენ შეცვალოს ქვეყანა. უკეთესი რას ნიშნავს მე თვითონ არ ვიცი, მაგრამ ძველი მოწვევის პარლამენტარები, რომ თითქმის არაფერს არ აკეთებდნენ ეგ  ვიცით.

- თქვენი პოლიტიკური გაერთიანებიდან მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენილია მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე, რომელიც უკვე ერთხელ იყო პარლამენტარი. რას გვეტყვით მის შესახებ? - დიახ. ადრე იყო პარლამენტის წევრი. რა არის იცით, პოპულარული ადამიანი დღეს ყველას სჭირდება გვერდით. ზურა დღემდე პოპულარულია, დღემდე ეფერება თავის მთიან აჭარას და ჩვენი თხოვნა იყო ყოფილიყო ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზემო აჭარაში იმიტომ, რომ უყვარს თავისი აჭარა და ყველაფერს იღონებს იქაური მაცხოვრებლებისთვის.

- რა მოლოდინები გაქვთ და მთავარ კონკურენტად საარჩევნო მარათონში ვის მიიჩნევთ? როგორ აფასებთ თქვენს შანსებს არჩევნებზე? - ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ყველა პარტიასთან გვექნება მეგობრული და ქართული დამოკიდებულება. ვისაც საქართველო უყვარს, ყველა ჩვენს გვერდით იქნება. მე ყველას ვიცნობ, ოპოზიციის კანდიდატსაც და "ქართული ოცნების" კანდიდატსაც და რადგან "ქართული ფესვები" გვქვია, შეურაცხყოფას, გინებას, დებატებში გამოსვლას და ერთმანეთისთვის წყლის შესხმას აბსოლუტურად გამოვრიცხავთ. ჩვენ მოვდივართ სიყვარულით, არა ფულით, არამედ გულით. რაც შეეხება იმას, გავიმარჯვებ თუ არა, ამაში დარწმუნებული არავინ არის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხალხზე. ძალიან მჯერა გურულების იმიტომ, რომ გურიის ნაწილი ვარ დედის მხრიდან და მამის მხრიდანაც. ყოველ წელს იქ ვარ და ვუყურებ, ვიცი რა უჭირთ და რა ულხინთ. ამასაც აქვს მნიშვნელობა, შეიძლება არჩეული დეპუტატი საერთოდ არ ჩასულიყო მათთან და არც ეკითხა რა პრობლემები აწუხებთ. მე კი არ ვტრაბახობ, რომ ყოველ დღე იქ ვიქნები. თუ გურულებმა დაინახეს, რომ შემიძლია მათ მოვეფერო, ეს ძალიან კარგი იქნება. ვინ გაიმარჯვებს ეს, მხოლოდ ამომრჩევლის ნებაზეა დამოკიდებული. ამბობენ, რომ არჩევნებში იმარჯვებს ის, ვინც ხმებს ითვლისო, მაგრამ მგონია, რომ წელს სხვანაირი არჩევნები უნდა იყოს. იმიტომ, რომ ხალხი მოვიდა აზრზე, ხალხი დაიღალა.

(სპეციალურად საიტისთვის)