"ხელისუფლება სახიფათო ზღვარზე და ორ ცეცხლშუაა..." - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება სახიფათო ზღვარზე და ორ ცეცხლშუაა..."

"ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ერთიც - მშობელს არა აქვს პარტიულობა, კრიმინალის გააქტიურება კი ისეთი ჭირია, რომელიც, შესაძლოა, ყველას შეეხოს, მათ შორის - "ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც"

გიორგი შაქარაშვილის საქმის შემდეგ საზოგადოება შეძრა 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ამბავმა, რომელიც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ამ კითხვაზე დასაბუთებულ პასუხს ითხოვს საზოგადოება, რომლის ნაწილიც ბოლო დროს განსაკუთრებული უნდობლობით ეკიდება სამართალდამცავთა საქმიანობას. ამ უნდობლობამ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძესთან:

- გამიჭირდება ბაჩალიაშვილის საქმეზე რამის თქმა. მომხდარზე კითხვები ნამდვილად ჩნდება, რასაც სჭირდება არგუმენტირებული და უაღრესად დასაბუთებული პასუხები. ეს კითხვები ორი მიმართულებით არის წამოჭრილი. ერთი შეეხება გოგონას სამსახურს, მეორე - გამოძიების პროცესს. ამ საქმეშიც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ის უნდობლობა, რომელიც საზოგადოებაში სამართალდამცავთა მიმართ გაჩნდა და კარგს არაფერს უქადის არც საზოგადოებას და არც ხელისუფლებას. მოქალაქეს გაუჩნდა განცდა, რომ ხელისუფლებასა და სამართალდამცავებს მისი დაცვა აღარ შეუძლიათ, ამიტომ ის იფიქრებს, თვითონ დაიცვას თავი, რაც უფრო დიდ ძალადობას წარმოშობს.

ვიმეორებ, ეს არც ხელისუფლებას უქადის სიკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საზოგადოება ამ პროცესებით დაშინდა, ნიჰილიზმსა და უიმედობაში ჩაეფლო, ერთხელაც იქნება, ეს ყველაფერი ყელში ამოუვა და ძალიან ცუდად გაისვრის, მით უფრო, თუ განმტკიცდა აზრი, რომ ხელისუფლება არის კრიმინალთან აფილირებული და ქუჩასთან შეზრდილი. როცა ხელისუფლება, ერთი მხრივ, კარგავს საზოგადოების დამცველის ფუნქციას და, ამასთანავე, ქუჩასთან შეზრდასა და მის საარჩევნოდ აქტიურ გამოყენებას ცდილობს, საზოგადოების მომავლისთვის ჩნდება რეალური საფრთხე, ამიტომაც ამას საზოგადოება ადრე თუ გვიან შესაბამის პასუხს გასცემს. ასე თუ გაგრძელდა, აღარ ექნება მნიშვნელობა, ხელისუფლება საზოგადოებისთვის რით გახდება საშიში - ტერორით, ციხეებში ხალხის გამომწყვდევით, უსამართლობის განცდის უკიდურესად გაღრმავებით თუ კრიმინალის გაპარპაშებით...

რაც ყველაზე ცუდია, მაქვს მოლოდინი, რომ ეს ვითარება უფრო გაუარესდება, ვიდრე გაუმჯობესდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, ვფიქრობ, გახდება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის უკიდურესი დამძიმება, რასაც ჩვენ გვიან შემოდგომასა და ზამთარში მივიღებთ. სავარაუდოდ, ამ დროს გახშირდება ქურდობისა თუ დაყაჩაღების შემთხვევები, რისი ნიშნები უკვე ჩანს.

სამწუხაროდ, ეს აღვირახსნილი კრიმინალი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება, რაც ეკონომიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად გამძაფრდება. ყველაზე დამღუპველი კი ის არის, რომ ამ დროს საზოგადოებას იმის განცდა კი არა აქვს, რომ კრიმინალთან დაპირისპირებისას ხელისუფლება მისი პარტნიორია, არამედ აქვს განცდა, რომ ხელისუფლება კრიმინალს ხელს აფარებს და მასთან შეზრდილია. ამის ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია ბოლო რამდენიმე არჩევნებზე ხელისუფლების მიერ ქუჩის გამოყენება, დღეს კი ისე გამოდის, რომ ხელისუფლება ქუჩის მოვალეა და ბევრ რამეში, თუ ხელშეწყობა არა, სულ ცოტა, თვალის დახუჭვა მაინც უწევს.

შაქარაშვილის საქმემ სწორედ ასეთი განცდა დამიტოვა. იქ რომელიმე მაღალჩინოსანი კი არ აფარებდა ვინმეს ხელს, არამედ სისტემა გახდა ქუჩის მძევალი. ისე ჩანს, თითქოს ე.წ. ქუჩის ავტორიტეტებს ასეთი პოზიცია აქვთ - არჩევნები სამ თვეშია და თუ ახლა ხელს არ დაგვაფარებთ, ქუჩის მხარდაჭერა ხელიდან გამოგეცლებათო.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ერთიც - მშობელს არა აქვს პარტიულობა, კრიმინალის გააქტიურება კი ისეთი ჭირია, რომელიც, შესაძლოა, ყველას შეეხოს, მათ შორის - "ქართული ოცნების" ამომრჩეველსაც. მოკლედ, თუ ასე გაგრძელდა და საზოგადოებამ იგრძნო, რომ ეს ხელისუფლება მისთვის, მისი მომავლისთვის საფრთხეა, საქმე იქამდე მივა, რომ "ქართული ოცნება" თვითონ გაუმზადებს ტრიუმფატორის ტახტს ვანო მერაბიშვილს.

ხელისუფლება სახიფათო ზღვარზეა და სწორედ ამ ზღვარზე გადის თითოეული მოქალაქის შიშიც, რომ შეიძლება ჩვენს შვილებს სერიოზული საფრთხე დაემუქროს. ეს შიში მომავალი არჩევნების შედეგზე რომც ვერ აისახოს, არ არის გამორიცხული, მოგვიანებით დიდ აფეთქებად იქცეს...

- თვალსაჩინოა ამ გახმაურებული საქმეების პოლიტიზების მცდელობა. მეტიც - ოპოზიცია საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ჯერჯერობით ისეთი ინერტულია, რჩება შთაბეჭდილება, რომ არჩევნებისთვის არც ემზადებიან და მხოლოდ ამ ხმაურიანი საქმეების გამოყენებით აპირებენ რევოლუციური განწყობის შექმნას... - წარმოუდგენელია, ამგვარი თემები და ხელისუფლების შეცდომები ოპოზიციამ არ გამოიყენოს. შევთანხმდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ოპოზიცია ასეთ თემებს იყენებს და ეს გასაკვირი არც არის... პრობლემა ის გახლავთ, რომ ოპოზიციის აქტიურობა ამ საკითხების იქით ნაკლებად ჩანს. აქტიურობს გიორგი ვაშაძე, საკმაოდ ინოვაციური კამპანია აქვს "ლელოს", ბოლო დროს სოციალურ ქსელებში კამპანია დაიწყო "ევროპულმა საქართველომაც" და მოვისმინეთ საინტერესო წინადადება "გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძისგან, რომელიც ამბობს, დაქსაქსულ ოპოზიციას "ქართული ოცნების" დამარცხების რესურსი არა აქვს და თუ კვლავ ასე გავაგრძელებთ - დავიქსაქსებით და საზოგადოებას არ ვაჩვენებთ, "ქართულ ოცნებას" რომ გავისტუმრებთ, ჩვენ რის გაკეთებას ვაპირებთ - წავაგებთ არჩევნებსო.

ის ამბობს, რომ აუცილებელია გამაერთიანებელი იდეა, რომელიც საზოგადოებას შეკრავს და გამარჯვებისთვის განაწყობს. მეც მიმაჩნია, რომ ეს არის ოპოზიციის გამარჯვების ერთადერთი ფორმულა...

ხელისუფლების ტაქტიკა, დაწყებული ამ 1%-იანი ბარიერის შემოღებით, ემსახურებოდა სწორედ ოპოზიციის დაქსაქსვას და ილუზიის გაჩენას, რომ ოპოზიციაში ყველა დამოუკიდებლად მოახერხებს შედეგის მიღწევას. ამან თავისი ნაყოფი გამოიღო და დღეს ოპოზიცია, იმის ნაცვლად, რომ მთელ ძალისხმევას სახელისუფლებო პარტიის წინააღმდეგ მიმართავდეს, ერთმანეთთან ჭიდილზეა გადასული, რაც არასწორია...

გასათვალისწინებელია, რომ მეორე მხარეს დგას უზარმაზარი ფინანსური რესურსი. "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს ისიც, რომ საზოგადოებაში არის განცდა, თითქოს ასეთი დაქსაქსული ოპოზიცია ამხელა ფინანსებს ვერ მოერევა. თუ ეს უიმედობა არ დაიძლია, ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე არ მივა, რაც "ქართული ოცნების" მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენის საფრთხეს გააჩენს...

თუ "ოცნება" მესამე ვადით დარჩა ხელისუფლებაში, თანაც - აბსოლუტური ძალაუფლებით, ეს იქნება უმძიმესი გამოწვევა ქვეყნისთვის. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში კოალიციით მოსვლა კიდევ შეიძლება შემზღუდავ ბარიერად იქცეს მისი თავგასულობის აღსაკვეთად, თუმცა ისიც საკითხავია, ვის შეიყვანენ კოალიციაში? იმედი მაქვს, რომ მთლად ხარაკირის რეჟიმში არ გადავლენ და პრორუსულ ძალებთან არ გააფორმებენ კოალიციას. ეს მთლად დააქცევს ქვეყანას.

თუ ოპოზიციამ თავისი დაქსაქსულობით "ქართულ ოცნებას" მესამე ვადით ერთპიროვნულად მოსვლის საშუალება მისცა, ეს კატასტროფა იქნება არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ "ოცნებისთვისაც." მათ ექნებათ სრული დაუსჯელობის განცდა. კრიმინალი მთლიანად აიღებს ხელში მართვის სადავეებს და ჩვენ მივიღებთ სურათს, როდესაც ხელისუფლება, ერთი მხრივ, შეეცდება ცივილიზებული ფასადის შენარჩუნებას, მაგრამ, ამასთანავე, ეყოლება ეს უზარმაზარი შავბნელი იარაღი კრიმინალის და ქუჩის სახით, რომელსაც, როცა დასჭირდება, ბიზნესს მიუქსევს დასაშინებლად ან ფულის შესაწერად, როცა დასჭირდება - მედიას და ამით ტერორის იარაღად აქცევს.

ადრე თუ გვიან ეს მასაც მიუბრუნდება და სწორედ ამგვარი კრიმინალი მოუღებს ბოლოს, მაგრამ მანამდე ქვეყანა ძალიან დაზარალდება, ამიტომ ოპოზიციის პასუხისმგებლობა, სხვა ყველაფერთან ერთად, ისიც არის, რომ ეს პროცესები შეაჩეროს.

ბოლო ხანს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის გაჩნდა განცდა - ხომ არ ხდება "ქართული ოცნების" ელიტასა და დასავლეთს შორის გარიგება თუნდაც კოალიციურ მმართველობაზე.

თავის მხრივ, ოპოზიცია, იმედია, "ოცნებაზე" დასავლეთის ზეწოლის იმედად არ დარჩება და მხოლოდ ხელისუფლების შეცდომებს არ დაელოდება.

აქვე აღვნიშნავ, რომ ოპოზიციას, რომელსაც მიაჩნია, დასავლეთის მხარდაჭერა უკვე ჯიბეში მაქვსო, როგორც ჩანს, "ოცნების" აქტიურობა გამოეპარა, რაც "ოცნებამ" გამოიყენა და აშშ-ში თავისი ლობისტები აამუშავა...

- გაჩნდა ვარაუდი, რომ "ფრონტერასთან" დაკავშირებული ხელისუფლების გადაწყვეტილებაც შეიძლება ამგვარი გარიგების ნაწილი იყოს. შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს "ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან" კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ლაპარაკია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% "ფრონტერამ", საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა... - მეც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შემხვედრ ნაბიჯებს ჰგავს. დაინახა ხელისუფლებამ, რომ კონგრესმენთა ნაწილი, რომელიც მას აკრიტიკებდა, "ფრონტერას" ლობისტი იყო და მიხვდა, რომ მეტისმეტად ბრიყვული საქციელი იქნებოდა, რქებით მისწოლოდა კომპანიას, რომელიც რეალურად მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არ არის. ამ კომპანიის საქმიანობის შედარებაც კი არ შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტთან. "ფრონტერა" არის კომპანია, რომელიც საქართველოში არსებულ ძალიან მწირ ნავთობისა და გაზის მარაგებზე მუშაობს თავისი აბსოლუტურად სხვა ინტერესების გამო. აბა, ანაკლიაზე რატომ არაფერი დათმო ხელისუფლებამ? იმიტომ, რომ ეს მისთვის და რუსეთისთვის საკვანძო საკითხია. მოკლედ, ხელისუფლება ცდილობს დასავლეთთან დალაპარაკებას და დათმობას. ამ ვითარებაში ოპოზიციამ თუ დასავლეთის მხარდაჭერაც დაკარგა, ძალიან მძიმედ იქნება საქართველოს საქმე. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა კელი დეგნანის ვრცელი ინტერვიუ და ამერიკის ელჩიც კი წუხდა ოპოზიციის ინერტულობის გამო. ლამის პირდაპირ თქვა, ოპოზიცია წინასაარჩევნო პროცესში არაფერს აკეთებს და დროა, საარჩევნო კამპანია დაიწყონო. ასეთი რამ აქამდე არც ერთი ელჩისგან არ მომისმენია.

ანუ მარტო ჩვენ კი არ გვრჩება ოპოზიციის საქციელზე ასეთი შთაბეჭდილება, აშშ-ის ელჩიც კი შეწუხდა ქართული ოპოზიციის უმოქმედობით. კიდევ ერთი, რაზეც ოპოზიციამ უნდა იზრუნოს, ის არის, რომ ამომრჩეველს წინასთან შედარებით ამ საარჩევნო ციკლის განსხვავება გააგებინოს. ეს დაგვიანებულიც კია, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. როგორც წესი, ქართველი ამომრჩეველი ხელისუფლების შეცვლას მესიის გამოჩენას უკავშირებს, დღეს კი ასეთი ლიდერი არ ჩანს და საზოგადოებაც ნიჰილისტურად არის განწყობილი, ფიქრობს რა, რომ ეს წვრილ-წვრილი პარტიები ვერაფერს იზამენ და "ქართული ოცნება" მაინც გაიმარჯვებს. არადა, საქართველოს დღევანდელი კონსტიტუცია, საპარლამენტო მოდელი, გამორიცხავს მესიას. ეს მოდელი მინიმუმამდე ამცირებს ავტორიტარიზმის საფრთხეს, რადგან იძლევა საშუალებას, ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა გაინაწილოს რამდენიმე თანაბარი ძალის პოლიტიკურმა პარტიამ; ამასთანავე, ამცირებს კორუფციის საფრთხეს, რადგან ეს პოლიტიკური პარტიები ერთმანეთსაც აკონტროლებენ; ზრდის ეფექტიანობას... მთავარი კი ის არის, რომ ამ მოდელში გამარჯვებისთვის 70-80%-იანი მხარდაჭერა არ არის საჭირო და 3-5-15%-იან პარტიებსაც აქვთ სახელისუფლებო პარტიად ქცევის შანსი. ამაზე უნდა ლაპარაკობდეს ოპოზიცია, უხსნიდეს ამომრჩეველს ახალ შესაძლებლობებს. მხოლოდ ხელისუფლების სისუსტეებით სარგებლობა არ კმარა. მნიშვნელოვანია, შენ თვითონ რას სთავაზობ საზოგადოებას. ზოგჯერ ხელისუფლება თვითონ იტეხს კისერს, მაგრამ ოპოზიციამ საზოგადოება უნდა დაარწმუნოს, რომ მისი მოსვლა უფრო ღირებული იქნება.

რაც შეეხება რევოლუციისთვის მზადებას, არ მრჩება ასეთი შთაბეჭდილება, უპირველესად იმიტომ, რომ საზოგადოებაში არ არის რევოლუციური განწყობა, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ეკონომიკური ვითარების გამწვავების შემთხვევაში მშიერი მოსახლეობა მშიერ ბუნტს მოაწყობს. თუ სახელმწიფოს სტაბილური განვითარება გვინდა, ახლა, სულ მცირე, აუცილებელია კოალიციური მთავრობის ფორმირება.

- გახმაურებულ კრიმინალურ საქმეებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშკარად მიანიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ პრობლემებზე, რამაც მისი და გომელაურის შესაძლო დაპირისპირების ეჭვი გააჩინა. - შეუძლებელი იყო, პრემიერს არ შეეფასებინა შექმნილი ვითარება, ცხადია, ამას ვერც დადებითად შეაფასებდა და თქვა ის, რაც თქვა... არ ვიცი, შიგნით რა ხდება, მათ შორის როგორი დამოკიდებულებაა, მაგრამ მთავარია, რა მოჰყვება ამ განცხადებებს. წესით, ამას ან კრიმინოგენული ვითარების გაუმჯობესება უნდა მოჰყვეს, ან ფიგურების შეცვლა, მაგრამ თუ გადაწყვეტილებები ქუჩასთან კოალიციის თაობაზე სამართალდამცავთა დონეზე არ მიიღება და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მხოლოდ შსს-ს ჩინოსანთა შეცვლით არაფერი შეიცვლება. მოვა ახალი და ისიც იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. ასე რომ, აქაც სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რაც გახარიას შს მინისტრობის დროსაც პრობლემა იყო... იმედია, ხელისუფლება მიხვდება, რომ საარჩევნოდ ქუჩის გავლენების გამოყენება მისთვის უდიდესი საფრთხეა. გახარიას განცხადება კი იყო მხოლოდ განცხადებისთვის. მით უფრო არ ველი გომელაურის გათავისუფლებას.

- გასულ კვირას "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიებაზე სიტყვით ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა, რომელიც საჯარო სივრცეში, კარგა ხანია, არ გამოჩენილა. რას ფიქრობთ, ის მასშტაბურად ჩაერთვება წინასაარჩევნო კამპანიაში? - ივანიშვილის გააქტიურება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი - როგორ უყურებს ის ამ არჩევნებს და რას ელის. თუ ის ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" ტრიუმფატორი უნდა გახდეს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და მარტომ მართოს ქვეყანა იმ ურთულეს ვითარებაში, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოს ელოდება ამ ეკონომიკური კრიზისის გამო, მაშინ სხვა გამოსვალი არ ექნება, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურ კამპანიაში აქტიურად ჩაერთოს. თუ ხვდება, რომ ამგვარი ძალაუფლების ხელში აღება მისივე კეთილდღეობისთვის შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი და კოალიციური მთავრობის შექმნას ფიქრობს, მაშინ, ალბათ, ნაკლებად უნდა ველოდოთ მის განსაკუთრებულ აქტიურობას. წესით, საღი აზრი ივანიშვილს ამას უნდა ჰკარნახობდეს.

აქ ერთი პრობლემაა - თუ ის აქტიურად არ ჩაერთვება კამპანიაში, შეიძლება ამომრჩეველში გაღრმავდეს ეჭვი ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის გარიგებაზე, რასაც შეიძლება კოალიციის ფორმირება ან სულაც ხელისუფლების გადაბარება მოჰყვეს... თუ ეს ეჭვები გაჩნდა, არ არის გამორიცხული, "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა დაიწყოს გზის გაჭრა ახალი ან კარგად დავიწყებული ძველი პატრონის, მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობისკენ", რაც მმართველი პარტიისთვის, შესაძლოა, დიდ პრობლემად იქცეს...

არ დაგვავიწყდეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე დღის წინანდელი გადაწყვეტილებაც, რომელიც უჩერებს საქართველოს გამოყოფილი დახმარების 15%-ს, დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს, მანამდე, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლება "ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე".

მოკლედ, "ოცნება" ორ ცეცხლშუაა, ამიტომაც დღეს რთული სათქმელია, რა ტაქტიკას აირჩევს.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, მათი უმრავლესობა მსხვილი ბიზნესმენია, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე მაღალრეიტინგული ფიგურის გარდა, "ოცნებას" არავინ დაუსახელებია ისეთი, რომელსაც აქვს არჩევნების მოგების პიროვნული რესურსი.

რაც შეეხება დასახელებულ ბიზნესმენებს, მათი ნაწილი უკვე იყო დეპუტატი და, ალბათ, როგორც მაჟორიტარებს, რაღაც ექნებათ საკუთარ სამაჟორიტარო რაიონებში გაკეთებული, მაგრამ მათი დასახელების ამოსავალი წერტილი არის არა იმდენად მათი გაკეთებული საქმეები, რამდენადაც მათი ფული, ეს კი ნიშნავს, რომ ამ არჩევნებში "ოცნება" ისევ ხმების ყიდვას გეგმავს. მათი მიდგომა ასეთია - რაღა საერთო ყულაბა გავფლანგოთ, აგერ არიან ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარ ფულს დახარჯავენ... ამასთანავე, ეს იმის სიმპტომიც არის, რომ "ოცნება" კვლავ პროფესიონალიზმს კი არა, მორჩილებას ეყრდნობა - ქართული ბიზნესი ხომ ხელისუფლებასთან გარიგებაზეა ორიენტირებული.

მათი მოქმედების ფორმულა ასეთია - პარლამენტში ჩემი, როგორც მაჟორიტარის ხმები, ჯიბეში გიდევთ, მე კი ჯიბეში მიდევს ხშირად უკანონოდ მოგებული სახელმწიფო ტენდერები და სახელმწიფო ფული. აი, ეს არის ტრაგედია, როდესაც მაჟორიტარობის ნაყიდ მანდატებს ისინი სახელმწიფო ტენდერებსა და სახელმწიფო მილიონებზე ცვლიან.

მაჟორიტარობის კანდიდატთა სიაში რამდენიმე გვარ-სახელია, რომელიც ამომრჩევლისთვის ნამდვილად რაღაცას ნიშნავს და ვინც საკუთარი იმიჯით გამარჯვებისთვის იბრძოლებს.