"ველოდები იმას, რომ ხელისუფლება არ მოიგებს, ოპოზიცია კი წააგებს" - კვირის პალიტრა

"ველოდები იმას, რომ ხელისუფლება არ მოიგებს, ოპოზიცია კი წააგებს"

"მოგებისთვის ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, სამაგიეროდ, ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს წაგებისთვის. ეს იმაში გამოიხატება, რომ ისინი მხოლოდ ტელევიზიებში არსებობენ"

"ღმერთმა შექმნა ადამიანი, სახელმწიფომ - მოქალაქე. პოეზიის მისია კი ჩემთვის ის არის, მოქალაქეში ადამიანი გადარჩეს, ამის იმედი მაქვს და არა, დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის", - ამბობს პოეტი დათო მაღრაძე, რომელსაც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე ვესაუბრებით.

- ყველაზე ადეკვატური და გულწრფელი რეაქციაა, გაიზიარო იმ ოჯახების მწუხარება, რაც შვილების დაკარგვის გამო დაატყდათ თავს. სამწუხაროდ, ასეთია წუთისოფელი, ყველგან და ჩვენს ქვეყანაშიც, სადაც სიხარულია, იქ ცრემლიც არის, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალზე მძიმე პერიოდს გავდივართ. ორივე მტკივა და განვიცდი - გიორგი შაქარაშვილი და თამარ ბაჩალიაშვილიც... ამ თაობაში აგრესიის მომატება ჩვენი, მშობლების ბრალიც არის, რადგან ახალგაზრდების განსჯისას უნდა გავიხსენოთ, რა ვასწავლეთ მათ. ჩვენი შვილები წლების განმავლობაში ხედავდნენ, თუ რა გამეტებით გვძულდა მშობლების თაობას ერთმანეთი. ეს სიძულვილი საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად გამოჩნდა და პოლიტიკური დაპირისპირება ერთმანეთის სიძულვილში გადაიზარდა. ეს ყველამ იცის, უბრალოდ, არ გვინდა დანახვა და სახელის დარქმევა. ჰოდა, რატომ გვიკვირს, რომ ასეთი მძიმე შედეგის წინაშე ვდგავართ?!

XX საუკუნის 20-იან წლებში ბოლშევიკებმა მოსახლეობა საზოგადოების წინააღმდეგ განაწყვეს და ეს ბრძოლა დღემდე არ დასრულებულა. მიხეილ შოლოხოვის შვილი იგონებდა, როდესაც მამას ვკითხე, შენთვის რომელია "წითლებსა" და "თეთრებს" შორის ბრძოლის დამთავრების თარიღი-მეთქი, მიპასუხა, ეს ბრძოლა არ დასრულებულაო. ასეც არის... ამ შემთხვევაში საზოგადოების ზეელიტურ ნაწილს არ ვგულისხმობ, მოსახლეობის იმ ნაწილზე ვსაუბრობ, განსაცდელის დროსაც რომ ინარჩუნებს ღირსებას. ისინი მზად არიან რეპრესიულ რეჟიმს შიშველი ხელებით დაუპირისპირდნენ. სწორედ ეს არის სამოქალაქო საზოგადოება და არა კარგად დაცული და დაფინანსებული ენჯეოების კრებული. ღირსება ისეთი სიტყვაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ტრენდული აღარ არის. მხოლოდ საქართველოს არ ვგულისხმობ, მსოფლიოში ცდილობენ ისეთი ტენდენცია დაამკვიდრონ, რომლის მიხედვითაც, კაცობრიობა ცუდისა და კარგის გარჩევის გამოცდილებაზე უარს Uიტყვის. ამას კი უპირისპირდებიან ისინი, ვისთვისაც ღირსება და ღირებულებები ძვირფასია - ანუ კანტისეულ ზნეობრივ კანონს, ჩემში დოსტოევსკის მოსაზრება უპირისპირდება, თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართულია. ეს, რასაც ჩვენ ვხედავთ და რაც მედიაში ირეკლება, ეპოქალური დაპირისპირებაა, რასაც საქართველოში პერიფერიული სიმპტომი ემატება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ დავგმეთ რუსული კულტურა, ამერიკულს კი ვერაფერი გავუგეთ და მშობლიურ პროვინციალიზმში ჩავეშვით.

- ანუ ქართული კულტურა დავივიწყეთ? - მას ზოგჯერ ვუახლოვდებოდით, ზოგჯერ ვცილდებოდით. მაგალითად, XIX საუკუნეში ქართველმა საზოგადოებამ გაისიგრძეგანა ქართული კულტურა, თავი მოუყარა ტრადიციებს და როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, მხოლოდ მომავალი კი არა, წარსული და აწმყოც განსაზღვრა. პირობითად რომ ვთქვათ, XIX საუკუნეში იყო პირველი თაობა - სოლომონ დოდაშვილის, შემდეგ დიმიტრი ყიფიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის, ალექსანდრე ორბელიანის, ამის მერე კი ილია ჭავჭავაძის, რომელიც ქართული კულტურის ისტორიისა და სახელმწიფოებრიობის გვირგვინია. ეს უნიკალური შემთხვევაა, როდესაც კაცი სამშობლოდ განსხეულდა, მან დავიწყებული ქვეყანა გააცოცხლა და სამშობლოდ აქცია. ამიტომ შერაცხეს წმინდანად. სინოდის გადაწყვეტილებაში არ ვერევი, მაგრამ მაინც მგონია, ეს პოლიტიკური აქტიც იყო. ამით ჩვენმა გენერაციამ მისი წმინდანად აღიარება მთელი ენთუზიაზმით აიტაცა. ასე მგონია, ამით ქართველმა ილია ჭავჭავაძესთან ურთიერთობა გაიიოლა, რადგან ის ქართველისგან მოითხოვს სწავლას, შრომას, თავდადებას, ყოველდღიურ მოღვაწეობას, ეს კი ძალიან ძნელია, სამაგიეროდ, მისი ხატის წინ პირჯვრის გადაწერა ადვილია და ამიტომაც გვყავს წმინდა ილია მართალი.

ახლა კი ქართული პოლიტიკა, რომელიც ასევე მშობლიურ პროვინციალიზმში ჩაეშვა, თითქოს გარდაიცვალა, როგორც სიბრძნის დარგი აღარ არსებობს. თუმცა არსებობენ ხელისუფლება და ოპოზიცია, მაგრამ არაფერი კეთდება...

რეალობა ასეთია - "ტელეიმედზე" ჩანს ხელისუფლება, ოღონდ იქ რომ არსებობს, სინამდვილეში ისეთი არ არის, და ოპოზიცია, რომელიც რეალურად არც არსებობს, მაგრამ ჩანს "ტვ პირველზე", "მთავარ არხზე" და კიდევ სადღაც, მაგრამ ისინი ტელევიზიებში არსებობენ, თორემ რეალურად არ არიან. ისე კი დანარჩენი საქართველო საზოგადოებრივ მაუწყებელსა და "პალიტრანიუსზე" ჩანს. ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ ხელისუფლება და ოპოზიცია, აქ სხვა რამეებიც ხდება.

- არჩევნები კარს მოგვადგა, რას ელოდებით?

- ველოდები იმას, რომ ხელისუფლება არ მოიგებს, ოპოზიცია კი წააგებს. ამ არჩევნებში გამარჯვებული არ გვეყოლება, წაგებული - კი, რადგან ესენი, ვინც ახლა პოლიტიკაში ტრიალებს, მოგება-წაგების ხალხია. მოგებისთვის ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს, სამაგიეროდ, ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს წაგებისთვის. ეს იმაში გამოიხატება, რომ ისინი მხოლოდ ტელევიზიებში არსებობენ. გამარჯვებას კულტურა, ფიქრი, ემოცია და განცდა სჭირდება, რომელიც არ ჩანს. წაგება-მოგება თვლითაც გამოჩნდება და ეგ კი იციან, მაგრამ გამარჯვებული ვერც ერთი ვერ დარჩება.

- ეს რას მისცემს ქვეყანას? - მგონი, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანხმდებიან, რომ საზოგადოების არსებობა არც ერთს არ უნდა. მათი ცოდვა-ბრალი, მათი უსუსურობა და უკულტურობა სულ უფრო მკაფიო ხდება.

მოსახლეობა ხან პატრიოტიზმის, ხან ლიბერალიზმის, პროგრესისტების სახელით უპირისპირდება ხალხის მოაზროვნე ნაწილს. ადამიანთა ასეთ ნაწილს ქართული შური, რომელიც ჩვენში, წარსულსა და აწმყოშიც, ბევრ რამეს განსაზღვრავს, ხან ერთი ნიღბით უპირისპირდება და ხან მეორით, მას ხან პატრიოტიზმი ეწოდება, ხან ლიბერალიზმი და ხანაც პროგრესულობა. ეს ყველაფერი მეორეების პირველებზე განუწყვეტელი რევანშის, შენიღბული შურის გამოხატულებაა, რომელსაც ხან რას არქმევენ, ხან რას. დიდსულოვნებითაც კი ნათლავენ, მაგრამ შურია ეს ყველაფერი.

ამ პოლიტიკურ დებატებში საზოგადოება არ მონაწილეობს, რადგან ხელისუფლებასა და ოპოზიციას კულტურული კონფლიქტი არა აქვთ, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ებრძვიან ერთმანეთს.

თუნდაც მოსამართლეების თემა გავიხსენოთ, რომელიც ამ ხელისუფლებისთვის მიუღებელი არ აღმოჩნდა. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხშირად იმეორებენ 2012 წლის გამარჯვებას, როგორც მათ ყველაზე დიდ პოლიტიკურ მიღწევას, არადა, ვისზეც გაიმარჯვეს, ის ხალხი შეითავსეს და რომელ ღირებულებათა კონფლიქტზეა ლაპარაკი?.. ქართველი საზოგადოება წინა ხელისუფლების რეპრესიების დროს რეჟიმისთვის ძალაუფლების ჩამოშორების გარდა, ღირებულებით კონფლიქტშიც იყო ჩართული, ესენი ერთმანეთს ტახტისთვის ეძიძგილავებიან. სადემარკაციო ხაზის გავლება უჭირთ, ის კადრები, ვისაც რეპრესიების დროს ებრძოდნენ, ახლა გვერდში ჰყავთ, მოსამართლეები, ბიზნესმენები თუ პოლიტიკოსები.

ოპოზიციას სძულს ხელისუფლება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ამომრჩეველი მის წინააღმდეგ ემოციურად წააქეზოს, მაგრამ მაინც მგონია, მოსახლეობას მშვიდობიანი განვითარება სურს და არა აურზაური, ამიტომ არჩევანს არ გააკეთებს ისეთ ძალაზე, რომელსაც ეგონა რუსეთს ომში დაამარცხებდა.

- ხელისუფლებამაც არაერთი შეცდომა დაუშვა, მიაჩნია, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკით ურთიერთობას დაალაგებს. ამასობაში მუდმივი ოკუპაციის რეჟიმში ვცხოვრობთ. - ასეა... მთელი ამათი მონოლოგია, სადმე დაიმალონ, მაგრამ ეს ქვეყანა ვერც ამერიკას დაემალება, რომელსაც ძალიან კარგი ანალიტიკური სამსახურები აქვს და შესწავლილი ვყავართ, და ვერც რუსეთს, რადგან ვჭირდებით, მუდმივად გვაკვირდება და კარგად იცის, როგორ იმოქმედოს ჩვენზე. სხვადასხვა მიზეზით ვერც თურქეთსა და ირანს დავემალებით... საერთოდ სამყაროს ვერ დავემალებით და არც უნდა ვეცადოთ. მეტიც, ჩვენს გეგმებზე უნდა ვესაუბროთ მსოფლიოს, იმაზე, რომ ევროკავშირში გვინდა გაწევრება და ვისწრაფვით ამისკენ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკაა. ეს ყველაფერი რაღაცისთვის, უკეთესი მომავლისთვის, სულიერი განვითარებისთვის, განათლების სისტემის მოწესრიგებისთვის, ინტელექტუალი თაობის აღზრდისთვის გვჭირდება, მაგრამ ამას ვერ აყალიბებენ, უბრალოდ, დაზეპირებული აქვთ ფრაზა: "ევროკავშირში მინდა" და მორჩა. მე ვიცი, რატომაც მინდა ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს - რომ არა აშშ, წუთში ერეკლე მეორის დილემის წინაშე დავდგებით. ისე კი, ჩვენ ყოველთვის იმაზე ვამახვილებდით ყურადღებას, თუ რას ვერ აგვარიდა ერეკლემ. ბოლო დროს განვითარებულმა პროცესებმა იმაზეც დაგვაფიქრა, რას აგვარიდა ერეკლემ. მისი მაშინდელი გადაწყვეტილება არსებული ვითარებიდან გამომდინარე სწორედაც ევროპული ნაბიჯი იყო, რადგან პეტერბურგიდან ჩანდა ევროპა, ოსმალეთიდან და სპარსეთიდან - არა.

ასე რომ, რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ახლა უკან დახევა და იგივე საშინელი გზის გავლა კი არა, უკეთესი, თავისუფალი მომავალი მინდა განათლებული და მიზანდასახული ახალგაზრდებით. ამის იმედი მინდა მქონდეს.

- იმედი თუ ჩანს და სად? - რასაკვირველია, ჩანს, უამრავი საკითხის უტრირება მოვახდინე, რომ სათქმელი უკეთ გამომეკვეთა, მაგრამ ვერც იმას ავუვლი გვერდს, რომ რაღაც საფეხურები ჩვენმა ქვეყანამ უკვე გაიარა, კი არ გამოტოვა, დიდი წვალებით, მაგრამ გაიარა. პატრიოტიზმი რომ მხოლოდ ბღავილი არ არის, გავიგეთ და მაპატიეთ ამ სიტყვისთვის, მაგრამ ღრიალიც არ არის. თუ ვინმეს რამეზე მივუთითე, პირველ რიგში ჩემს თავს ვგულისხმობ და შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. თუმცა ვნახეთ, რომ მხოლოდ რიტუალური გამარჯვების ნაწილი შეგვისრულებია და დანარჩენი რომ მარცხისთვის იყო განწირული, არაფრად მიგვაჩნდა. ამ რიტუალურმა გამარჯვების დაუოკებელმა წადილმა კი - წავიდეთ, ჩვენი ძალა ვაჩვენოთ ვიღაცას რუსთაველზეო, არაფერი მოგვიტანა. ვის უნდა ვაჩვენოთ, ამერიკას? თუ რუსეთს? არც სტრატეგია გვქონდა, არც ტაქტიკა და არც სიბრძნე, ეტაპობრივად რომ გვევლო. მას შემდეგ, რაც ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, გვესმის, რომ განათლების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ რეალურად ვერაფერი გავაკეთეთ. XIX საუკუნეში პედაგოგი იყო სოლომონ დოდაშვილი და მისი მოწაფეები იყვნენ დიმიტრი ყიფიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი - აი, ეს არის განათლების ნაყოფი. ახლა კი გვაქვს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ცალკე კულტურის რატომ არ არსებობს, არ ვიცი, მაგრამ მე რომ არ ვიცი, არა უშავს, ვისაც უნდა ევალებოდეს, ის რატომ არ გვიხსნის, ასე ჯობიაო, ეს არის საინტერესო... რაც შეეხება იმას, თუ რისი იმედი მაქვს - მინდა მჯეროდეს, რომ ამ არჩევნებში ამომრჩეველი მესიას არ დაუწყებს ძებნას შემოსახაზად.