"ჩემს ძმას ღამურები თუ უნდოდა, აქ არ არის, თუ იმათი ღამურები უფრო ძვირფასია?!" - კვირის პალიტრა

"ჩემს ძმას ღამურები თუ უნდოდა, აქ არ არის, თუ იმათი ღამურები უფრო ძვირფასია?!"

ამბები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დაკავებისას ოსური მხარე იგონებს, იმდენად ბანალურია, ყველაზე უნიჭო სცენარისტსაც უკან მოიტოვებს. მათ არარსებული დანაშაულებისთვის "ასამართლებენ", აჯარიმებენ, ზოგჯერ კი სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც ართმევენ...

ე.წ. სამხრეთ ოსეთის კა-გე-ბეს უშიშროების კომიტეტის ვერსიით, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს მაშინ დააკავეს, როდესაც ცხინვალის რეგიონში ღამურების მოსაძებნად გადავიდა, რომლებიც შემდეგ 5-10.000 დოლარად უნდა გაეყიდა... უშიშროების სამსახურმა მისი "აღიარების" ვიდეომასალაც გაავრცელა. მღებრიშვილი ჰყვება, რომ იქ "ლუგარის" ცენტრისთვის ღამურების ჭუპრების მოსაპოვებლად გადავიდა და მათში 5-10.000 დოლარამდე უხდიან და ამაში თურმე მას ვინმე ზაზა ეხმარებოდა, რომლის გვარი არ ახსოვს.

ჯუმბერ მღებრიშვილი, დაკავებულის ძმა: - თავიდან გვეგონა, გვემასხრებოდნენ. ჩემი ძმა პატიოსანი, მშრომელი ადამიანია.

ღამურები თუ უნდოდა, აქ არ არის, თუ იმათი ღამურები უფრო ძვირფასია?! წითელ წიგნშია და მაგას იპარავდა, რაც ჩვენი ბუნებისთვის მიყენებული ზიანიაო... მასხრად გვიგდებენ და ვერც ვერაფერს ვეუბნებით.

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს და არც ვიცით, საოკუპაციო ხაზი გადაკვეთა თუ ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. 30 ივლისს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უნდა განახლდეს და იქნებ რამე გადაწყდეს. ჩემს ძმასა და ზაზა გახელაძეს ისეთი "მუხლები" აქვთ წაყენებული, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობა აუცილებელია და იმედია, ყველა საშუალებას გამოიყენებენ...

ცხინვალის ციხეში სასჯელს საქართველოს სამი მოქალაქე და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ცოლ-ქმარი იხდიან

ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალის რეგონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება. ე.წ. სამხედრო პროკურატურის მტკიცებით, ზაზა გახელაძეს რუსი მესაზღვრისთვის ცეცხლის გახსნა ედება ბრალად. მათი თქმით, გაქცევის მცდელობისას გახელაძემ მესაზღვრეს, სულ მცირე, ხუთჯერ ესროლა (თავად გახელაძე ფეხშია დაჭრილი); ცხინვალის იზოლატორშია გენადი ბესტაევიც, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის მუხლით "გაასამართლეს" და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მეჯვრისხეველ ხვიჩა მღებრიშვილს კი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებასთან ერთად, წითელ წიგნში შეტანილი ღამურის სახეობების მოპოვების ბრალდება დაუმატეს.

ახლახან ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ ცოლ-ქმარ ლიპინებს, რომლებიც ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გასული წლის ივლისში საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, განაჩენი გამოუტანა. ე.წ. გენპროკურატურის ინფორმაციით, სერგეი ლიპინმა საქართველოს სპეცსამსახურებს მიაწოდა სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც 2008 წელს საქართველოს არმიამ გამოიყენა. სერგეი ლიპინს თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიუსაჯეს, მის მეუღლეს ნანული ლიპინას (ჭულუხაძეს) კი 13 წლით. ამასთან, ჯარიმაც უნდა გადაიხადონ, 500 და 300 ათასი რუსული რუბლი. ე.წ. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მათი ქალიშვილიც სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი და ახლა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ადგილობრივების თქმით, ლიპინების ქალიშვილი ცხინვალის პროკურატურაში მუშაობდა. სხვა ვერსიით, ცხინვალში მუშაობას განაგრძობს...

"უკვე თვალში საცემად შემცირდა მოსახლეობა - ლეგალური თუ არალეგალური გზებით მიდიან აქედან"

თამარ მეარაყიშვილი, ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი: - ღამურების თემა ქართველებისთვის კი არა, ცხინვალის ყველაზე ანტიქართულად განწყობილი მოსახლეობისთვისაც დაუჯერებელია...

აქ მოსახლეობა უმძიმეს დღეშია. მსოფლიო პანდემიამ მეათეხარისხოვანი გაგვხადა - არავის ვახსოვართ. ვიცი, ამ ეტაპზე გზის გახსნაზე საუბარი უადგილოა, მაგრამ ამ ჩაკეტილობითაც ყოველდღიურად მწვავდება პრობლემები. უკვე თვალში საცემად შემცირდა მოსახლეობა - ლეგალური თუ არალეგალური გზებით მიდიან აქედან. ამდენხნიანი იზოლაციით, უექიმობით, უწამლობით გავტყდით... ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და იმიტომ გადავიდა ქართულ მხარეს, ზოგს ოჯახის წევრი გარდაეცვალა და უკან აღარ დაბრუნდა... ერთი მარტოხელა მოხუცი კარგა ხანს ექიმთან არ მივიდა. ნათესავებმა რომ მიაკითხეს, რამდენიმე დღის გარდაცვლილი დახვდათ. ცხედარი ისეთ მდგომარეობაში იყო, იძულებული გახდნენ ლეიბიანად დაეკრძალათ. ასეთი ამბები სხვებზეც ცუდად მოქმედებს, ვაითუ მეც ასე მომივიდესო...

გზის გახსნას ჩვენთვის მხოლოდ ახლობლების ნახვის დატვირთვა არა აქვს, - აქ ყველაფერი ძალიან ძვირია. ერთი კილოგრამი კიტრი ქართული ვალუტით 4,5 ლარი ღირს. ბაღიც ყველას არა აქვს და აღარც მიწის დამუშავება შეუძლია ყველას. ჰიგიენის საშუალებები და მედიკამენტებიც ხომ გვინდა. მაგალითად, დედაჩემს დიაბეტი აქვს და რეგულარულად სჭირდება პრეპარატი. თბილისში იაფი ღირდა, ცხინვალში კი ისეთი ძვირია, ვერ ვიყიდეთ და ექიმს ვთხოვე, რამე იაფით ჩაენაცვლებინა.

- არალეგალურად გასულები ბრუნდებიან?

- ჯარიმის გადახდისა და კარანტინის გავლის შემდეგ აბრუნებენ. ზოგი შემოვლითი გზით ბრუნდება და ძალიან წვალობს, თან დაკავებისა და დაჯარიმების ალბათობაც დიდია. ბოლო დროს გადაუდებელი დახმარებით წაყვანილი პირების დაბრუნებაც გაართულეს...