"ივანიშვილის გააქტიურება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული..." - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის გააქტიურება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული..."

"რაც შეეხება მაჟორიტარებს, მათი უმრავლესობა მსხვილი ბიზნესმენია, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე მაღალრეიტინგული ფიგურის გარდა, "ოცნებას" არავინ დაუსახელებია ისეთი, რომელსაც აქვს არჩევნების მოგების პიროვნული რესურსი", - ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატებზე საუბრისას და წინასაარჩევნო პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაზე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ივანიშვილის გააქტიურება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი - როგორ უყურებს ის ამ არჩევნებს და რას ელის. თუ ის ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" ტრიუმფატორი უნდა გახდეს, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და მარტომ მართოს ქვეყანა იმ ურთულეს ვითარებაში, რომელიც საქართველოსა და მსოფლიოს ელოდება ამ ეკონომიკური კრიზისის გამო, მაშინ სხვა გამოსვალი არ ექნება, გარდა იმისა, რომ ყოველდღიურ კამპანიაში აქტიურად ჩაერთოს. თუ ხვდება, რომ ამგვარი ძალაუფლების ხელში აღება მისივე კეთილდღეობისთვის შეიძლება აღმოჩნდეს დამღუპველი და კოალიციური მთავრობის შექმნას ფიქრობს, მაშინ, ალბათ, ნაკლებად უნდა ველოდოთ მის განსაკუთრებულ აქტიურობას. წესით, საღი აზრი ივანიშვილს ამას უნდა ჰკარნახობდეს.

აქ ერთი პრობლემაა - თუ ის აქტიურად არ ჩაერთვება კამპანიაში, შეიძლება ამომრჩეველში გაღრმავდეს ეჭვი ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის გარიგებაზე, რასაც შეიძლება კოალიციის ფორმირება ან სულაც ხელისუფლების გადაბარება მოჰყვეს... თუ ეს ეჭვები გაჩნდა, არ არის გამორიცხული, "ქართული ოცნების" ამომრჩეველმა დაიწყოს გზის გაჭრა ახალი ან კარგად დავიწყებული ძველი პატრონის, მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობისკენ", რაც მმართველი პარტიისთვის, შესაძლოა, დიდ პრობლემად იქცეს...

არ დაგვავიწყდეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე დღის წინანდელი გადაწყვეტილებაც, რომელიც უჩერებს საქართველოს გამოყოფილი დახმარების 15%-ს, დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს, მანამდე, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დარწმუნდება, რომ საქართველოს ხელისუფლება "ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას როგორც ხელისუფლების ფუნქციებზე, ასევე კანონებისა და რეგულაციების გამოყენებაზე". მოკლედ, "ოცნება" ორ ცეცხლშუაა, ამიტომაც დღეს რთული სათქმელია, რა ტაქტიკას აირჩევს.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, მათი უმრავლესობა მსხვილი ბიზნესმენია, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე მაღალრეიტინგული ფიგურის გარდა, "ოცნებას" არავინ დაუსახელებია ისეთი, რომელსაც აქვს არჩევნების მოგების პიროვნული რესურსი.

რაც შეეხება დასახელებულ ბიზნესმენებს, მათი ნაწილი უკვე იყო დეპუტატი და, ალბათ, როგორც მაჟორიტარებს, რაღაც ექნებათ საკუთარ სამაჟორიტარო რაიონებში გაკეთებული, მაგრამ მათი დასახელების ამოსავალი წერტილი არის არა იმდენად მათი გაკეთებული საქმეები, რამდენადაც მათი ფული, ეს კი ნიშნავს, რომ ამ არჩევნებში "ოცნება" ისევ ხმების ყიდვას გეგმავს. მათი მიდგომა ასეთია - რაღა საერთო ყულაბა გავფლანგოთ, აგერ არიან ბიზნესმენები, რომლებიც საკუთარ ფულს დახარჯავენ... ამასთანავე, ეს იმის სიმპტომიც არის, რომ "ოცნება" კვლავ პროფესიონალიზმს კი არა, მორჩილებას ეყრდნობა - ქართული ბიზნესი ხომ ხელისუფლებასთან გარიგებაზეა ორიენტირებული.

მათი მოქმედების ფორმულა ასეთია - პარლამენტში ჩემი, როგორც მაჟორიტარის ხმები, ჯიბეში გიდევთ, მე კი ჯიბეში მიდევს ხშირად უკანონოდ მოგებული სახელმწიფო ტენდერები და სახელმწიფო ფული. აი, ეს არის ტრაგედია, როდესაც მაჟორიტარობის ნაყიდ მანდატებს ისინი სახელმწიფო ტენდერებსა და სახელმწიფო მილიონებზე ცვლიან.

მაჟორიტარობის კანდიდატთა სიაში რამდენიმე გვარ-სახელია, რომელიც ამომრჩევლისთვის ნამდვილად რაღაცას ნიშნავს და ვინც საკუთარი იმიჯით გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

იხილეთ ვრცლად გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ ინტერვიუ სრულად.