"მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ" - რაზე ისაუბრეს მაიკ პომპეომ და გიორგი გახარიამ? - კვირის პალიტრა

"მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ" - რაზე ისაუბრეს მაიკ პომპეომ და გიორგი გახარიამ?

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

როგორც პრემიერი "ტვიტერზე" წერს, მან ხაზი გაუსვა ქვეყნის ვალდებულებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი.

"სასიამოვნო იყო საუბარი მაიკ პომპეოსთან აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ახალ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. მას მადლობა გადავუხადე კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვი ჩვენს ვალდებულებას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიმართ და ამ შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისადმი", - წერს გახარია "ტვიტერზე".

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გახარიამ სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა მაიკლ პომპეოს პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისადმი და აღნიშნა, რომ სიამოვნებით უმასპინძლებს სახელმწიფო მდივან პომპეოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მისთვის მოსახერხებელ დროს.

პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე, პრემიერმა ასევე ისაუბრა ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე - ოკუპაციასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ "ტვიტერში" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"დღეს საქართველის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვესაუბრე მიმდინარე წლის შემოდგომაზე თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერნი რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ",- წერს პომპეო.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ოქტომბერში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას.

მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერაც გამოხატა.

"ინტერპრესნიუსი"