"არჩევნების დროს გიორგი ვაშაძე გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი იყო და მაშინ არ იყო ჩხარტიშვილი ნათესავი? ვეკითხები სამადაშვილს, ვერ გავიგე?!" - კვირის პალიტრა

"არჩევნების დროს გიორგი ვაშაძე გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი იყო და მაშინ არ იყო ჩხარტიშვილი ნათესავი? ვეკითხები სამადაშვილს, ვერ გავიგე?!"

"ივანიშვილის დამარცხება თუ გინდა, ხალხს უნდა აჩვენო, რომ სიღარიბიდან გამოსვლის პროგრამა გაგაჩნია, რომ ხარ რეფორმატორი"

ამასწინათ, kvirispalitra.ge-სთან ინტერვიუში პარტიის "კანონი და სამართალი" დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა გვითხრა, "ცოტა ხანში დიდი სიურპრიზი ელის ამომრჩეველს და ვფიქრობ, კმაყოფილი დარჩება"-ო. როგორც ჩანს, რესპონდენტი იმას გულისხმობდა, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე და "კანონი და სამართალის" დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ პლატფორმას რომ ქმნიან. მას "სტრატეგია აღმაშენებელი" ერქმევა. როგორც ამბობენ, მათ კიდევ ბევრი საინტერესო პერსონა შეუერთდება.

გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის პარტიები ამ დრომდე ოპოზიციური პლატფორმის "ძალა ერთობაშიას" წევრები იყვნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს გაერთიანება იმისთვისაა საჭირო, რომ ხალხს ჰქონდეს არა პოლარიზებული, არამედ მრავალფეროვანი არჩევანი. ოპოზიციაში, კერძოდ, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ფიქრობენ, რომ ეს "ბიძინა ივანიშვილის კარის ბიზნესმენის – ვანო ჩხარტიშვილის (ვაშაძის ცოლის ბიძა) მიერ დაგეგმილი პოლიტიკური სვლაა". ჩვენ თაკო ჩარკვიანს ვესაუბრეთ.

- რატომ დატოვეთ "ძალა ერთობაშია", რა გახდა გაყრის მიზეზი? - მხოლოდ გამარჯვებაზე ორიენტირების გამო დავტოვეთ "ძალა ერთობაშია" და შევქმენით ახალი პლატფორმა. კვლევებმა აჩვენა, რომ ხალხს სამართლის მიმართ ნიჰილისტური განწყობა აქვს, სამართალი გამომპალია. ხალხი ოპოზიციას სთხოვს, გამოდით, იმოქმედეთო. ოპოზიცია, ფაქტია, რაღაც ვერ არის მოქმედებაში მოსული, რაღაცა უცნაური განცხადებები ისმის ერთმანეთის მიმართ, ხდება პოლარიზება. პოლარიზება კი ვის უწყობს ხელს? პოლარიზება ივანიშვილისა და ხელისუფლების გადარჩენის შანსია. "ძალა ერთობაშია"-მ დავდეთ დიდი გამარჯვება და მეორე ტურში იცით, რაც მოხდა. პოლარიზებამ გამოიწვია ის მეორე ტურიც. ადამიანებს უნდათ არა პოლარიზებული, არამედ მრავალფეროვანი არჩევნები. ეს ყველა კვლევამ და ტესტმა აჩვენა. რა, ვაჩუქოთ ხმები ივანიშვილს? არამც და არამც!

- "ნაციონალები" პირიქით ფიქრობენ, რომ ერთიანობისგან გამოთიშვით და ოპოზიციის გახლეჩა-შესუსტებით, ივანიშვილს ემსახურებით, ჩვენი მთავარი მიზანი კი მისი დამარცხება იყოო... - მე ვალდებულებები გამაჩნია ქვეყნის და ხალხის წინაშე. არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ბოკერიასავით ხომ არ მოვქცეულვარ? მე ჩემი პარტია მაქვს,  ჩემი და გიორგის პარტია გავერთიანდით "სტრატეგია აღმაშენებელის" ქვეშ, მაგრამ აბსოლუტურად პარიტეტულ საწყისზე. ხალხი ბედნიერია, გვწერენ, ჩემი და ვაშაძის მხრიდან სიახლეებს ელიან... ივანიშვილის დამარცხება თუ გინდა, ხალხს უნდა აჩვენო, რომ სიღარიბიდან გამოსვლის პროგრამა გაგაჩნია, რომ ხარ რეფორმატორი. გიორგი ვაშაძე არის ძლიერი რეფორმატორი, მას უკვე გაკეთებული აქვს იუსტიციის სახლი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი პროექტია. ჩვენს პარტიას აქვს ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო პროექტები, გიორგის - ეკონომიკური პროგრამები. იცით, რა, დაიღალა ხალხი ერთ წრეზე 30-წლიანი სიარულით. ბიპოლარული პროცესით აუცილებლად ისევ ივანიშვილი გაიმარჯვებს და ნამდვილად არ მინდა ეს. იმისათვის, რომ არ დარჩეს ეს ხელისუფლება, გამოსავალი მრავალფეროვანი არჩევნებია. "ნაციონალებიდან" ერთი სამადაშვილი იყო, რომელმაც პოლიტიკოსისთვის ძალიან უხერხული განცხადება გააკეთა, დანარჩენებს ძალზე ნორმალური რეაქცია ჰქონდათ.

- ვანო ჩხარტიშვილი გიორგი ვაშაძის პოლიტიკური საქმიანობის ხელშემწყობია და აფინანსებსო, იცრუა სამადაშვილმა, თუ... - საპრეზიდენტო არჩევნების დროს გიორგი ვაშაძეს მიჰყავდა მთელი საპრეზიდენტო მარათონი, ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი იყო და მაშინ არ იყო ჩხარტიშვილი ნათესავი? იმ არჩევნებსაც ჩხარტიშვილი აფინანსებდა? კითხვა შევუბრუნე სამადაშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებს ჩხარტიშვილი აფინანსებდა-თქო? ვერ გავიგე?! უკაცრავად, მაგრამ ჩემთან მსგავსზე არავის არაფერი ულაპარაკია. სამადაშვილისგან გამკვირვებია, მე ის უფრო გამოცდილი პოლიტიკოსი მეგონა, მას პოლიტიკური შეცდომა მოუვიდა და სალაპარაკო მისცა "ოცნებას". "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან სულ მესმოდა, ვაშაძე როგორი ჭკვიანი და კარგი ადამიანიაო. რა, მაშინ არ იყო ჩხარტიშვილთან ნათესაური კავშირი? არ შეიძლება ასე ლაპარაკი, ცოტა წინ უნდა გაიხედო. ახლა არ არის ამის დრო, ერთმანეთს რაღაცნაირად უნდა გავუფრთხილდეთ.

- თქვენი ტანდემი ცოტა ადრე ხომ არ იყო გადაწყვეტილი, მაშინ, როცა გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის პოტენციურ კანდიდატად დაასახელეთ? - ამ ნიუანსებზე ახლა არ ვილაპარაკებ იმიტომ, რომ მე პირადად, დიდი ხანია, კითხვის ნიშნები მაქვს, რაზეც პასუხები ვერ მივიღე. კითხვები რამდენჯერმე დავსვი, ვიკრიბებოდით გაერთიანებაში და ერთი თვის განმავლობაში "ნაცმო" არ მოდიოდა. ყველას თავისი გზა, დრო, სტრატეგია და მიზანი აქვს. რადგან ახალი შემოსული ვარ პოლიტიკაში, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ხალხის წინაშე, მინდა, რომ გამარჯვება მოვიდეს, ჩემი ხალხი ბედნიერი და სიღარიბიდან გამოსული დავინახო.

- თქვენი მხრიდან ცოტა ხმამაღალი განაცხადი ხომ არ არის - სიღარიბიდან გამოსვლა, დასაქმება, ემიგრანტების დაბრუნება და ა.შ. ამ პრობლემების გადაჭრას ბევრი წლები დასჭირდება, სავარაუდოდ... - არავითარ შემთხვევაში, ეს ტყუილია! შეიძლება სიღარიბიდან ერთ დღეში და ერთ წელში ვერ გამოხვიდე, მაგრამ კორუფცია რომ დაბლოკო, დაამარცხო და გქონდეს თავისუფალი პროკურატურა, ამის გაკეთება 48 საათში შეიძლება. მერწმუნეთ, რომ ბიუჯეტის მიზანმიმართული ხარჯვა, ბიუჯეტის თანხების არგაფლანგვა, შემოტანილი მილიონების და მილიარდების მიზანმიმართული გამოყენება შესაძლებელია. ხალხო, რკინიგზაში მილიარდები იქნა გაფლანგული, თქვენ გესმით ყურში? განა ის მილიარდები პირველ რიგში არ ამოასუნთქებს საზოგადოებას, საწარმო რომ გააკეთო და იქ ხალხი დაასაქმო? ჩვენ წარმოუდგენლად ძლიერი პროგრამა გვაქვს, ამიტომ ასე ნუ ვიტყვით. სიღარიბიდან ძლიერი პროგრამით გამოვალთ. განა, ამ ბიჭმა იუსტიციის სახლი არ გააკეთა – მსოფლიოში ცნობილი პროექტი? ამიტომ ვამბობ, ყველაფერი შესაძლებელია. სრულიად დანგრეული გერმანია დადგა ფეხზე და ჩვენ რატომ არ უნდა დავდგეთ? ოღონდ, ამისათვის ქვეყანაში კარგი კანონები უნდა მუშაობდეს და აღსრულდეს ისინი. ესენია - ოკუპაციის კანონი, ანტიკორუფციული კანონი, უნდა მუშაობდეს თავისუფალი პროკურატურა, სახელმწიფო აუდიტი, ჩატარდეს სამართლებრივი სისტემის რეფორმა და მორჩა, რა პრობლემაა?!

- გინდათ თქვათ, რომ ეს ასეთი იოლი საქმეა და მხოლოდ ნება არ არსებობს? - აი, ნება მაშინ იქნება, როგორც კი მოვა ახალი პლატფორმით ახალი მთავრობა საკანონმდებლო ორგანოში და პირველივე კვირას აამუშავებს ამ ძლიერ კანონებს. ეს არის გამოსავალი.

- ხალხში ნიჰილიზმი ახსენეთ და, რა გასაკვირია, როცა ყველა არჩევნების წინ პოლიტიკოსები საკმაოდ მომხიბვლელ დაპირებებს იძლევიან, ამომრჩეველი კი შედეგს ვერ ხედავს. თქვენი მხრიდანაც დაპირება-დაპირებად ხომ არ დარჩება? - ამიტომ ვთქვი, ყველაფერი დარჩება დაპირებად, თუ პირველივე კვირას არ დაიწყება იმის აღსრულება, სამართლებრივი სისტემის მემორანდუმზე რომ გვაქვს ხელი მოწერილი. სხვა რეცეპტი არ არსებობს.

- ერთ მშვენიერ დღეს თქვენ და ვაშაძე ოპოზიციის ოპოზიციაში ხომ არ აღმოჩნდებით? - არა, გამორიცხულია, დასავლურ ვექტორს არაფერი ემუქრება. ერთგული ვრჩები ღირებულებების და "ნაციონალების" ამომრჩევლის მიმართ და მათ ოპოზიციაში ვერ ვიქნები.

- კიდევ რომელ "საინტერესო პერსონებს" ვიხილავთ თქვენს გაერთიანებაში? - ამას ხუთშაბათს შეიტყობთ.

- საბურთალოს ოლქში საკმაოდ სერიოზული კანდიდატებია წარმოდგენილი, წინ დიდი ბრძოლა გელით, სავარაუდოდ... - ხალხი შეაფასებს ყველას და ყველაფერს, დარწმუნებული ვარ. ხალხის იმედი მაქვს, რომელიც ევროპულ ორიენტაციასა და ღირებულებებს სცემს პატივს.

(სპეციალურად საიტისთვის)