კოტეს ბიჭი მაინც სულ სხვა იყო... - კვირის პალიტრა

კოტეს ბიჭი მაინც სულ სხვა იყო...

11 თებერვალს საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის სტუმრობისას "ნაცმოძრაობამ" სრული მობილიზაცია გამოაცხადა. თუმცა, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი და გივი თარგამაძე, სავარაუდოდ, საპატიო მიზეზით აცდენდნენ ან წინასწარ დაეთხოვნენ... ალბათ, ამიტომაც არ მოუსაკლისებია პრეზიდენტ სააკაშვილს. უმრავლესობა საბრძოლო მზადყოფნაში იყო, ამოცანა კი სრულიად ნათელი და აუცილებლად შესასრულებელი - ხელისუფლების მიღწევების წარმოჩენა (ამ დროს დასაშვებია ჰიპერბოლიზება, ანუ გაზვიადებაც), ოპონენტების ყველა ბრალდების უარყოფა და დაშვებული თუ აკრძალული ხერხებით მათი "ბეჭზე დაცემა".

რაკი ქრისტიან-დემოკრატ თარგამაძესთან საპაექროდ ნაციონალი თარგამაძე დარბაზში არ იყო (რომ ყოფილიყო, ალბათ,  გახსნიდა პირს ერთი-ორი მწარე სიტყვის სათქმელად), მოწინააღმდეგის განეიტრალება უმრავლესობის ბირთვმა იტვირთა. პრეზიდენტისთვის ერთგულება და თავდადება იქ, დარბაზში იყო დასამტკიცებელი. ეს საშური საქმე გოკა გაბაშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა, ლაშა თორდიამ, ნუგზარ წიკლაურმა და ზურაბ მელიქიშვილმა იტვირთეს, მაგრამ კოტეს (გაბაშვილის) ბიჭი მაინც სულ სხვა იყო. ის ჩქარობდა, ტუჩის კვნეტით ფიქრობდა, ტვინს იჭყლეტდა, რომ რამე მწარე, ძალიან მწარე ეთქვა  თარგამაძისათვის, რომელმაც  ერთი კოლეგისაგან განსხვავებით პრეზიდენტს შეჰბედა (გოკა ასე ფიქრობდა), კორუმპირებული ხარო.

გოკა ფიქრობდა... ქრისტიან-დემოკრატი თარგამაძე აქ, დარბაზშივეა ჭკუაზე მოსაყვანი, მაგრამ როგორ? რით? და აი, უცებ განათდა გონება - ასლანი! ბადრი! მით უმეტეს, მათი ფოტოები წინასწარ აქვს მომარაგებული. ღმერთო, რა წინდახედულია, როგორ გამოადგება "ყოველი შემთხვევისთვის ხელს გამოყოლებული" ეს ფოტოები. აქვე, გიორგი თარგამაძისავე სტილში დაწერს ფურცელზე ბრალდებებს და ააფრიალებს, მაგრამ რას დაწერს? ესეც მოიფიქრა: "გადატრიალება!" მერე ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო სლოგანიც გაახსენდა შეხიდებასა და საქართველოს გაბრწყინებაზე და კონტრარგუმენტებიც მზად არის! ამით მართლა დადებს ბეჭებზე მოპაექრეს. მით უმეტეს, ოპოზიციას პასუხის გაცემის შანსი არ ექნება და სეფესიტყვასაც პრეზიდენტი იტყვის სულ ბოლოს.

გოკამ სურათები და ფურცლები აფრიალა და კმაყოფილი დაუბრუნდა სავარძელს.

გოკა და უმრავლესობა ბედნიერი იყო. მწარე-მწარეები უთხრეს ოპონენტებს, ბურთი პირში ჩასჩარეს. გიორგი თარგამაძის ბრალდება ხვალ აღარავის ეხსომება (ასე ფიქრობენ ისინი), სად კორუმპირებულობა და სად სახელმწიფოს ღალატსა და გადატრიალებაში დადანაშაულება. უმრავლესობა კმაყოფილი იყო და არ გახსენებიათ ერთი ქალბატონი,  დედა, რომელსაც გარდაცვლილი შვილი კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ქვეყნის გადამტრიალებლად. მეორე დღეს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან სამი წელი სრულდებოდა.

მორალის კითხვას არ ვაპირებ, მაგრამ ერთს ვიტყვი -  მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. ქართველებს გვაქვს ერთი დაუწერელი წესი, რომელიც ზნეობრივ ნორმად ჩამოყალიბდა - გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს.

გარდაცვალებიდან მესამე წლისთავზე ბადრი პატარკაციშვილის სახელმწიფოს გადამტრიალებლად და ქვეყნის მტრად გამოცხადება არ იყო ზნეობრივად გამართლებული საქციელი. ბევრისაგან მსმენია, კაცს გული გაუხეთქეს და საფლავშიც არ ასვენებენო. პრესაში წავიკითხე ბადრი პატარკაციშვილის დედის თხოვნა: "შვილმკვდარი დედა ჩვენს ხელისუფლებას ერთადერთს ვთხოვ, შეეშვით ჩემს მკვდარ შვილს, ნუღარ გაიმეორებთ ჩემს მკვდარ შვილზე აუგს. ძალიან გთხოვთ, ღმერთი არსებობს და ამ ცოდვის გამო დღეს თუ არა ხვალ მოგეკითხებათ". დედის ამ თხოვნამ ძალიან შემძრა. თქვენ? თქვენ არ გყავთ დედები?

მარი ზანდუკელი