"კარგად გამიგეთ რა, ის პრეზიდენტია" - კვირის პალიტრა

"კარგად გამიგეთ რა, ის პრეზიდენტია"

"თუ ვინმეზე ვიტყვი, რომ კორუმპირებულია, მას ხელს არ ჩამოვართმევ!"

"ცხრაჯერ ახსენეთ ელიტური კორუფცია. ამ დარბაზში საქართველოს პოლიტიკური ელიტაა. აქ არის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, შეიძლება ლაპარაკი პრეზიდენტის ნათესავებზეც, აქ არიან მინისტრები და დეპუტატები. თუ ამბობთ "ა"-ს, მოდი, თქვით "ბ"-ც. ვინ არის ამ ხალხში კორუმპირებული? მე ვერ მივიღებ ზოგად ბრალდებებს", - უთხრა მიხეილ სააკაშვილმა ედპ-ის წევრ გურამ ჩახვაძეს და დარბაზი მოლოდინით გაიტრუნა, მაგრამ "სიმართლის მომენტი" არ დადგა - გვარების დასახელების ნაცვლად დეპუტატმა თქვა: "არ მიგულისხმია, რომ თქვენ ხართ კორუმპირებული.

ბევრი თანამდებობის პირი დაიჭირეს. ეს გულისხმობს, რომ ხელისუფლების მაღალ დონეზეა კორუფცია. არ არის ლაპარაკი პრეზიდენტზე. მე რომ მქონდეს ეჭვი, გეტყოდით და უკან არ წავიღებდი ჩემს სიტყვებს".

"თქვენს გამბედაობაში ეჭვი არ მეპარება", - განაცხადა კმაყოფილმა პრეზიდენტმა და... იმ დღეს ედპ გარდაცვლილად გამოცხადდა, მესაფლავედ - სააკაშვილი, გურამ ჩახვაძემ კი კოლეგებისა და საზოგადოების ნაწილის რისხვა დაიმსახურა.

რატომ ვერ უპასუხა პრეზიდენტის კითხვას დეპუტატმა, ამის გარკვევა გურამ ჩახვაძესთან ვცადეთ:

- პარლამენტის ტრიბუნასთან რომელიმე კონკრეტული პირის კი არა, სისტემის სამხილებლად მივედი. პრეზიდენტს ვუთხარი, იმ ოჯახში, რომლის მეთაური ხარ, უწესრიგობაა და ამაზე პასუხისმგებელი ხარ-მეთქი. კაცს ამ ბრალდებას რომ წაუყენებ, მეტი რა უნდა გააკეთო? მე ყოველთვის ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას - გინდ სააკაშვილი იყოს, გინდ ოპოზიციონერი კოლეგა. ვეთანხმები გიორგი თარგამაძეს, რომ პრეზიდენტი ფსიქოლოგიურ შეტევაზე გადმოვიდა. ბატონმა სააკაშვილმა ჩემი გამოსვლის გაცამტვერება ჩემი კუთხეში მიმწყვდევით სცადა. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა მისი შეკითხვა, მე ვარ თუ არა კორუმპირებულიო.

თუკი ყურადღებით მისმენდა, გაიგონებდა, თქვენ ხართ კორუმპირებული სისტემის შემქმნელი და თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა. მინდა ეს სისტემა დაამსხვრიოთ-მეთქი.  პრეზიდენტს ხელი გავუწოდე, ეს სისტემა ერთად გამოვასწოროთ-მეთქი. ვფიქრობ, ჩემს კრიტიკაზე პრეზიდენტს ელჩების გამო ჰქონდა ასეთი რეაქცია. მათ გასაგონად თქვა, მე არ ვიდებ ჯიბეში ფულსო.

- რატომ არ დაასახელეთ არც ერთი გვარი?

- სხდომაზე სკანდალის მოსაწყობად არ მივსულვარ. რომ მეთქვა, კორუმპირებული ხართ თქვენ და თქვენი მთავრობის წევრები-მეთქი, ამას მოჰყვებოდა მეორე კითხვა, რა საბუთი გაქვთ და რის საფუძველზე ლაპარაკობთ ამასო. საბუთი, დოკუმენტი, რის საფუძველზეც ჩემს ნათქვამს გავამყარებდი, არ არსებობს.

- მაგრამ გიორგი თარგამაძემ უთხრა პრეზიდენტს, კორუმპირებული ხართო და აუხსნა რატომაც.

- გიორგი თარგამაძემაც ის თქვა, რაც მე, ოღონდ განავრცო, კორუფციული პირამიდის თავში თქვენ ხართო, მაგრამ მას არ უთქვამს, რომ პრეზიდენტი იღებდა ფულს. სააკაშვილმა იცოდა, რომ ჩემი პასუხი მის კითხვაზე ისეთი იქნებოდა, რაც მოისმინა. მე სულ სხვა რამეს ვამბობდი, მან კი კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა დამიტრიალა. გამოსვლის მცირე დრო მქონდა და კარგად გამიგეთ რა, ის პრეზიდენტია...

- მახსოვს თქვენი მწვავე გამოსვლები შევარდნაძის პარლამენტში. მაშინ ხედავდით კონკრეტულ კორუფციულ სქემებს, ახლა ვეღარ ხედავთ?

- შევარდნაძის დროს ისეთ სისტემას ვებრძოდით, როდესაც თვალნათელი იყო დარღვევები პატარა დონიდან ზედა ეშელონებამდე და ინფორმაციაც მეტი იყო. მიხეილ სააკაშვილის არ მეშინია. მას მხოლოდ ის შეუძლია, ბორკილები დამადოს. ქონება მე არა მაქვს და ბიზნესი... იმის გამო მაკრიტიკებენ, რომ კორუმპირებულები არ დავასახელე, მაგრამ არ მწყინს. პოლიტიკოსები გლადიატორები და კლოუნები არა ვართ, რომ სასეიროდ გამოვიდეთ არენაზე. პოლიტიკა უფრო მაღალი კატეგორიაა, მომხრე ვარ შეიქმნას პოლიტიკოსების ეთიკის კოდექსი.

ბრალდებები, რომელთაც დოკუმენტები არ მოჰყვება, ოპოზიციაზეც მრავლადაა. დააკვირდით, პრესაში უამრავი ბრალდება იწერება, რომ ერთმა პოლიტიკოსმა მეორისაგან ფული აიღო, რომ ოპოზიციონერი მთავრობას გაურიგდა. ამაზრზენია, როდესაც ოპოზიციონერი დოკუმენტურად დაუსაბუთებლად ბრალს სდებს მაღალი თანამდებობის პირებს, მერე კი ხვდებიან უშიშროების საბჭოში ან სხვა ოფიციალურ შეხვედრებზე, ხელს ართმევენ ერთმანეთს და მსჯელობენ, როგორ გამოიყვანონ ქვეყანა რთული ვითარებიდან. თუ ვინმეზე ვიტყვი, რომ კორუმპირებულია, მას ხელს არ ჩამოვართმევ! შემიძლია დასაბუთებულად, კონტროლის პალატაზე დაყრდნობით დავდო ბრალი ჯანდაცვის მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს იმის გამო, რაც მოხდა უმწეოთა დახმარების პროგრამაში.

- მერე რატომ არ დაასახელეთ, როდესაც პრეზიდენტმაც მოგიწოდათ?

- ჩემს გამონათქვამებს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები და კონტროლის პალატის ინფორმაციას დაველოდე. გილაურის პასუხისმგებლობის საკითხს უსათუოდ დავსვამ!

- გილაურს ხელს აღარ ჩამოართმევთ?

- ხელს ჩამოვართმევ, მაგრამ იმასაც ვეტყვი, რომ ის არის პასუხისმგებელი კონკრეტულ ნორმატიულ აქტებსა და კორუმპირებულ სისტემაზე. ასევე ვეტყვი, რომ ეს საქმე ერთად უნდა გამოვასწოროთ. თუ მაინც არ გამოსწორდება, მაშინ ვიტყვი, რომ ეს ხელისუფლება შესაცვლელია და მერე პირნათელი ვიქნები.

გამაკვირვა პოლიტიკოსთა შეფასებებმა. როდესაც ბატონი უსუფაშვილი ამბობს, ხელისუფლება და პრეზიდენტი კორუმპირებულიაო, მაინტერესებს, როგორ მოვა უშიშროების კონცეფციის განხილვაზე და როგორ ჩამოართმევს მათ ხელს? გოგა ხაინდრავა დღეს ედპ-ს აკრიტიკებს, არადა, როდესაც შევარდნაძის მთავრობის მინისტრი იყო, გვარწმუნებდა, არ არის საჭირო შევარდნაძესთან დაპირისპირებაო და გვირჩევდა, მთავრობაში დავრჩენილიყავით. როდესაც სააკაშვილის მთავრობის მინისტრი გახდა, ედპ-ს ეუბნებოდა, რატომ არა ხართ მიშას გვერდითო. ამაზე შეხლა-შემოხლა და მწვავე დაპირისპირებაც გვქონდა. როდესაც გამოვიდა მთავრობიდან, მერე გახდა სააკაშვილი კორუმპირებული?

- არის ვარაუდი, რომ ედპ სააკაშვილმა დროებით გააცოცხლა, რადგან პარლამენტში ოპოზიცია სჭირდებოდა და სადავო ოფისებიც დაგიკანონათ.

- ედპ-ს მიეცა შანსი, პარლამენტში შესულიყო. ჩვენ ეს შანსი გამოვიყენეთ. გვაკრიტიკებენ, რატომ შეხვედითო, არადა, ვინც ამის გამო გვაკრიტიკებდა, თავად თავქუდმოგლეჯილი შევარდა საკრებულოში. ედპ-მ რუსთაველის პროსპექტზე მაშინ აიღო ოფისი, როდესაც ბატონი სააკაშვილი საბჭოთა კავშირის საზღვარს იცავდა. ნაძალადევის ოფისი კი მაშინ ავიღეთ, როდესაც სააკაშვილი ამერიკაში სწავლობდა.

ბევრს არ მოსწონს, რომ ედპ გაცოცხლდა. 9 აპრილის შემდეგ, როდესაც მე საქართველოს დამოუკიდებლობას ვითხოვდი, დავით უსუფაშვილი გაჰყვიროდა, კომპარტია ჩვენი მესაჭეაო, ასეთი კაცისაგან კრიტიკას ვერ მივიღებ.