"ოცნების" გუნდს, როდესაც სჭირდება, კარგი მუშაობა შეუძლია, მაგრამ როცა არ სჭირდება, არაფერს აკეთებს ქვეყნისთვის"
"ოცნების" გუნდს, როდესაც სჭირდება, კარგი მუშაობა შეუძლია, მაგრამ როცა არ სჭირდება, არაფერს აკეთებს ქვეყნისთვის"
"გასაგებია, რომ ოპოზიცია ზოგიერთ საკითხს ცოტად თუ ბევრად აბუქებს, მაგრამ ფაქტები ხომ არსებობს, ოპოზიცია ხომ არ იგონებს?"

"ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა 2012 წელს გადაიბარა სახელმწიფო და არ დაიწყო დემოკრატიული ინსტიტუტების აშენება", - განცხადა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენული ვითარების შეფასებისას. ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებაზე kvirispalitra.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

- ზოგჯერ სტატისტიკა არ ასახავს რეალურ ვითარებას. დღეს არსებული მოცემულობა მაფიქრებინებს, რომ არც სტატისტიკური მონაცემები უნდა იყოს თავის რიგზე. ქვეყანაში
გამეფებულია ძალის კულტი. ხელისუფლებამ შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც 2012 წელს გადაიბარა სახელმწიფო და არ დაიწყო სახელმწიფოს მოწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების აშენება. დღეს ვითარება უკვე რთულია და კიდევ უფრო გაუარესდება. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებას ორი გამოსავალი აქვს - ან ავტორიტარული რეჟიმი უნდა დაამყაროს და შეზღუდვები დააწესოს არა
მხოლოდ კრიმინალზე, არამედ სრულიად საზოგადოებაზეც, ან რეფორმები გაატაროს. ხელისუფლებას არც ავტორიტარული რეჟიმის დამყარება უნდა და არც რეფორმების გატარება.

- პრემიერმა გახარიამ ხომ განაცხადა, რომ შსს-ში პრობლემებია და სისტემა რეფორმირებას საჭიროებს. რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას რეფორმების გატარება არ სურს?
- იმიტომ, რომ ამ რეფორმას სჭირდება რადიკალური ნაბიჯები როგორც სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე სასამართლო სისტემაში. არის ამის გამკეთებელი "ოცნება"? არ არის.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ გართულებული კრიმინოგენული ვითარების გამო საზოგადოების ერთ ნაწილში სააკაშვილის მკაცრი რეჟიმის რომანტიზება იწყება.
- დიახ, არიან მოქალაქეები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ავტორიტარული რეჟიმი მხოლოდ კრიმინალებს შეეხება. როგორც კი დანახავენ, რომ რეჟიმი მათაც მისწვდება, მაშინვე გაუჩნდებათ პროტესტის გრძნობა. ერთადერთი გამოსავალი გარემოს იმგვარად შეცვლაა, რომ ინსტიტუტები ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები გახდნენ. უპირატესი გახდეს პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლობა. რთული და კომპლექსური რეფორმებია საჭირო და ეს არ არის იოლი. 30 წელია, რაც ქვეყანაში ეს პრობლემა ვერ გადაიჭრა. დღეს ლაპარაკია არჩევნებზე ქუჩის ავტორიტეტების ჩართვაზე. ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც ხდებოდა, უბრალოდ, მაშინ რეჟიმი ამაზე საჯაროდ ლაპარაკის უფლებას არ იძლეოდა. 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში ახალი გუნდი მოვიდა, ითქვა, რომ სისტემას შეცვლიდნენ. დაიწყო კიდეც ზეწოლის შემსუბუქება საზოგადოებაზე, რასაც კრიმინალზე ზეწოლის შემსუბუქებაც მოჰყვა და ამ რთულ ვითარებამდე მიგვიყვანა.

- მმართველი გუნდის წევრები მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია ჩასაფრებულია და ქვეყნის პრობლემებს მაშველ რგოლად იყენებს.
- დიახ, თუმცა ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. სწორედაც, ოპოზიცია გამოიყენებს პრობლემებს, რათა საზოგადოებას აჩვენოს, როგორ ვერ ართმევს თავს ხელისუფლება კრიმინალთან ბრძოლას, სათანადოდ ვერ აფასებს ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებს და ა.შ.
გასაგებია, რომ ოპოზიცია ზოგიერთ საკითხს ცოტად თუ ბევრად აბუქებს, მაგრამ ფაქტები ხომ არსებობს, ოპოზიცია ხომ არ იგონებს?

- ცოტად თუ ბევრად გაბუქება სახიფათო ხომ არ არის მაშინ, როდესაც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხს შიდაპოლიტიკური თამაშებისთვის იყენებენ?
- დიახ, ოპოზიციას მეტი გონიერების გამოჩენა მართებს. ყურადღება უნდა მიაქციოს ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც საარჩევნო კანონში შესწორებებს შეეხებოდა. ელჩმა თქვა, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები არ იქნა სრულად გათვალისწინებული, მაგრამ რაც გაკეთდა, ისიც საკმარისია თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს შესაქმნელადო. იმედია, ახლა ამერიკის ელჩის გაკრიტიკებას არ დაიწყებენ, ისე როგორც გერმანიის ელჩი გააკრიტიკეს და თავი შეირცხვინეს. ნამდვილად არ არის სასურველი დასავლეთმა ოპოზიციაზე ხელი ჩაიქნიოს და ამით "ქართულ ოცნებას" მიეცეს დივიდენდები. ოპოზიცია ზოგჯერ ზომიერებას ვერ იცავს და ეს მისთვისვეა ცუდი, ვინაიდან არჩევნების ლეგიტიმაციას მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია კი არა, დასავლეთის შეფასებებიც ახდენს. ეს არ უნდა გეშლებოდეს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამბობ, რომ დასავლეთთან მუშაობის გამოცდილება გაქვს და დასავლურ პოლიტიკას კარგად იცნობ.

- თუ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს კონკურენტებს არ დაუყენებენ, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე რა შანსი აქვთ?
- ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება 30 ოლქიდან მხოლოდ 25 ოლქი მოიგოს.

- ცოტა ხნის წინ "ქართულმა ოცნებამაც" დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატები. რა შთაბეჭდილება შეგიქმნათ ამ სიამ?
- ვერ ვიტყვი, რომ "ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების სიაში წარმოდგენილი კანდიდატები პოლიტიკურ ასპარეზზე ოდესმე გამოირჩეოდნენ. ერთადერთი, ვისზეც შეიძლება აქცენტის გაკეთება, კახა კახიშვილია. ვფიქრობ, თუ ისანში დავით ჭიჭინაძე გადაწყვეტს თავისი კანდიდატურის წამოყენებას, მეორე ტურში ის და კახიშვილი დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ.

- კახი კახიშვილი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში, თუმცა ის მინისტრთა კაბინეტს ჩამოაშორეს და კანცელარიაში გადაიყვანეს, ახლა კი ისევ ასპარეზზე გამოიყვანეს. ეს "ქართული ოცნების" ლიდერის სტრატეგიაა?
- დიახ, კახი კახიშვილი პენიტენციარული სისტემის კარგი ხელმძღვანელი იყო. შევარდნაძის მმართველობის პერიოდიდან სააკაშვილის მმართველობის ჩათვლით ეს სისტემა ნამდვილი აქილევსის ქუსლი იყო. კახიშვილის მინისტრობის პერიოდში თითქოს ყველამ დაივიწყა პენიტენციარული სისტემა, რადგან სალაპარაკო აღარაფერი იყო. მისი წასვლის შემდეგ ისევ დაიწყო ამ სისტემაში მაყურებლებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი. კარგი მინისტრის კანცელარიაში გადაყვანა და ახლა საარჩევნოდ მისი წინა ხაზზე დაყენება სტრატეგია იყო თუ ვიღაცას ხელს უშლიდა და მოიშორა, არ ვიცი. ერთი რამ ცხადია, მისი პოტენციალი ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ მას გენერალურ პროკურორად დანიშნავდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, "ოცნებას" არც მისი გენპროკურორობა აძლევს ხელს. ის პარლამენტში უფრო სჭირდება.

- როგორც ოპოზიცია ვარაუდობს, მართლაც გამოიყენებს თუ არა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ პანდემიას?
- კორონავირუსისგან თუ რამე პოლიტიკური დივიდენდის მიღება შეიძლებოდა, ხელისუფლებამ მაქსიმუმი მიიღო. თუ კიდევ შეეცდება იმავე წრეზე წასვლას და დივიდენდების გაორმაგებას, ძალიან შეცდება. ვეღარაფერს მიიღებს, გამორიცხულია. მთელ მსოფლიოში მწიფდება საზოგადოებრივი აზრი, რომ იზოლირება გამოსავალი არ არის და პანდემიაში ცხოვრება და მუშაობა უნდა ვისწავლოთ. თუ ოპოზიცია იტყვის, ხელისუფლება კარანტინს აღარ გამოაცხადებს, მაგრამ არჩევნებს გადაავადებსო, ესეც არასწორი იქნება. რატომ? იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" დღეს ისეთი მაღალი რეიტინგი აქვს სწორედ კორონავირუსის წყალობით, რომ არჩევნებს გადაავადებს კი არა, შესაძლებელი რომ იყოს, აქეთ გადმოსწევდა. ხელისუფლება, რომელსაც 8 წლის განმავლობაში უუნარო უძახეს, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში ყველაზე ქმედითი აღმოჩნდა. თუმცა ამან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაკლოვანება დაგვანახა - "ოცნების" გუნდს, როდესაც სჭირდება, კარგი მუშაობა შეუძლია, მაგრამ როცა არ სჭირდება, არაფერს აკეთებს ქვეყნისთვის.


ხათუნა ბახტურიძე  (სპეციალურად საიტისთვის)

ალექს
30 ივლისი 2020 09:07
იმ ფონზე, ნაცებმა ოპოზიციონერ პრეზიდენტ მიშას უშუალო ხელმძღვანელობით რომ 2012-ს ოქტომბრიდან ფულები გაზიდეს ქვეყნიდან, აწყობდნენ ღია საბოტაჟს , დესტრუქციას , შანტაჟს , პორტირებით საკადრო ინტერვეციას , საერთაშორისო დიპკომპრომეტაციას, კონფლიქტების პროვოცირებას, და სხვა უამრავ საძაგლობას, ამ უნიათო ქოცებმა , კიდევ კარგად გაქაჩეს - ნაცებო, ამათ ადგილას ჩაგყრიდით ვირის აბანოში პირველსავე დღეს , ეგზიტპოლებამდე დაგადებდით კანდალებს და ახლა პოლიტპატიმრად გამოგიშვებდით -მადლია, მაგრამ რა ვუყოთ კრემლს და ვაშინგტონს , რომ გადაგეფარათ !? არც ეხლაა გვიან , მალე შეხვალთ, მალე გამოხვალთ !

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები