"ასეთი დაქსაქსული ოპოზიცია ხმებს ართმევს ერთმანეთს და ნაკლები ენერგია რჩება "ოცნებასთან" საბრძოლველად..." - კვირის პალიტრა

"ასეთი დაქსაქსული ოპოზიცია ხმებს ართმევს ერთმანეთს და ნაკლები ენერგია რჩება "ოცნებასთან" საბრძოლველად..."

ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა - "ოცნების" ხელისუფლების დამარცხება, ჯერჯერობით ისევ ძალიან რთულ და შორეულ პერსპექტივად რჩება. საზოგადოების მოლოდინი, მესამე ცენტრის შექმნა და ერთი ლიდერის გარშემო გაერთიანება, ამაო აღმოჩნდა. ხელისუფლების დამარცხების იდეით "გაერთიანებული ოპოზიცია", არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იშლება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხმებს ერთმანეთს წაართმევენ, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. პოლიტოლოგ-ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისევ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის გაერთიანების მცდელობა საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ არის. თითქმის ყველა არჩევნების წინ ამის კონტურები ჩნდებოდა, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად უკვალოდ ქრებოდა და პარტიების ძალაუფლების სურვილი დაპირისპირების საგნად არა ერთხელ ქცეულა. ამჯერად, პოლიტიკურ გაერთიანებაში "ძალა ერთობაშია" განხეთქილების ვაშლი "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი და "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე გახდნენ, რომლებიც ერთიან კოალიაციას გამოეყვნენ და დამოუკიდებლად აპირებენ ბრძოლას "ქართული ოცნების" ხელისუფლების დამარცხებისთვის.

"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი პირიქით ფიქრობენ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის თქმით, მაჟორიტარის მიერ წარმართულ კამპანიას დიდი მნიშვნელობა აქვს პროპორციული სიით გამარჯვებაში, რაც მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში გამარჯვების საწინდარი იქნება.

"რეგიონებთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ გამარჯვებისთვის აუცილებელია საკუთარი კანდიდატების დაყენება. ეს არის პრინციპი, რომელიც არ შეიცვლება. თუ იქნება ცალკეული გამონაკლისები, რაღაც მოსაზრებით და თუ დავინახავთ, რომ ეს საერთო გამარჯვებას შეუწყობს ხელს, ამაზე შეიძლება კონსულტაციების გამართვა, მაგრამ პრინციპი რომ არ შეიცვლება, ეს არაერთხელ გვქონდა გაცხადებული. თბილისთან დაკავშირებით გადავდგით უპრეცედენტო ნაბიჯი, ორი ოლქი - დიდუბე და საბურთალო დღემდე არის დაუკომპლექტებელი და ეს ძალიან გვიშლის ხელს საარჩევნო კამპანიაში. აბა ნახეთ, რა ხდება გლდანში, სამგორში, მიდის ინტენსიური საარჩევნო კამპანია, ვინაიდან გვყავს მაჟორიტარი, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საარჩევნო კამპანიის ამუშავებაში. ნუ გვავიწყდება, რომ მანდატების 80 პროცენტი ნაწილდება პროპორციული სიით. აქ გამარჯვება მეორე ტურში თითქმის ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგების საწინდარი იქნება.

მაჟორიტარული ოლქი კი არ არის გამარჯვების მთავარი ნაწილი, არამედ პროპირციული სია, როცა გაერთიანებული ოპოზიცია იღებს იმაზე მეტ ხმას, ვიდრე "ქართული ოცნება" და მისი სატელიტი თუ სატელიტები. მარცხდები პროპორციულ სიაში? - მოდის ახალი ხელისუფლება და მეორე ტურში ფაქტობრივად, როგორც არაერთხელ გვინახავს, რჩება გამარჯვება იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც იგებს პროპორციულ სიას. აი, ეს არის ჩვენი პრინციპი. ეს გზა მიგვიყვანს გამარჯვებამდე, დანარჩენი გზა არის უბრალოდ მანდატების განაწილებაში ვაჭრობა,"- განაცხადა გოცირიძემ.

ექსპერტების ნაწილის თქმით,"ივანიშვილმა ნულოვანი ბარიერით ოპოზიციას ხაფანგი დაუგო". მათი აზრით, "დაქსაქსული ოპოზიცია ვერ იქნება კონკურენტუნარიანი. მით უფრო, რომ მათ არჩევნებამდე 3 თვით ადრე საარჩევნო გეგმა, სტრატეგია და ხედვაც არა აქვთ.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, ასეთი ოპოზიციის დამარცხება ხელისუფლებას არ გაუჭირდება. "ის, რომ ოპოზიციური ერთობა ვერ შედგებოდა, ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდი როდესაც ოპოზიციონერი ლიდერები ერთ ხმაში ამტკიცებდნენ რომ მათი ერთიანობა მონოლითური და მყარი იყო. ძალიან ბევრ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს მხოლოდ ლიდერი, ამიტომ ისინი ძირითადად 15 ათასი ხმის მოგროვებაზე და პარლამენტში შესვლაზე ფიქრობენ. ნულოვანი ბარიერი არის მთავარი ფაქტორი, რომელმაც ოპოზიციის ასეთი დაშლა გამოიწვია.

სააკაშვილმა თვე ნახევრის წინ როდესაც ერთიან სიაზე ისაუბრა, ამოსავლად ჰქონდა ის რეალობა, რომ როდესაც ოპოზიცია ერთიანია, ახერხებს ხელისუფლების დამარცხებას, ამაში ლოგიკა არის. ასეთი დაქსაქსული ოპოზიცია ხმებს ართმევს ერთმანეთს და ნაკლები ენერგია რჩება "ოცნებასთან" საბრძოლველად. ეს კი ხელისუფლებას უფრო უმარტივებს საქმეს. არის მეორე მოდელი, რომელზეც შეეძლო ეფიქრა ოპოზიციას, თუ არ არის ერთიანი სია, შეიძლება ეფიქრათ ერთიან იდეაზე, მაგრამ არც ამაზე ფიქრობენ. კლასში ჩატოვებული მოსწავლესავით დაზეპირებული გვაქვს, რომ "ოცნება" უნდა წავიდეს, მაგრამ რატომ უნდა მოვიდეს ოპოზიცია, როგორ სახელმწიფოს გვთავაზობს, ამას არ გვეუბნებიან.

ამერიკის ელჩიც კი შეწუხებულია ოპოზოციის პასიურობით. ერთ-ერთი ინტერვიუში მან პირდაპირ მიმართა, რომ დროზე წამოდექით და წინა საარჩევნო კამპანია დაიწყეთო. ოპოციზიის პასიურობა და დაქსაქსულობა.... რისი იმედი აქვს ოპოზიციას არჩევნებზე, არ ვიცი. მათი გამარჯვების კონტურებიც კი არ ჩანს", - უთხრა kvirispalitra.ge-ს ლაგაზიძემ.

ანალოგიურად ფიქრობს, ანალიტიკოსი ვახტაგ ძაბირაძეც, რომლის პროგნოზითაც, 2020 წლის არჩევნებს დიდი ალბათობით ისევ "ქართული ოცნება" მოიგებს.

"საერთოდ ოპოზიციას უნდა აერთიანებდეს ლიდერი ან იდეა და თუ ორივე ერთად არის ხომ კარგია, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ოპოზიციას არც იდეა აქვს და არც გამაერთიანებელი ლიდერი ჰყავს წინა წლებისგან განსხვავებით.

ოპოზიციაში არ არის იმის განცდა, რომ ისინი შეძლებენ უმრავლესობის მიღებას. ფიქრობენ, მხოლოდ ხელისუფლების დამარცხებაზე და მანდატების რაოდენობაზე. ამიტომ ჩემი პროგნოზით, დიდი ალბათობით "ქართული ოცნება" გავა პირველ ადგილზე. შეიძლება არც დასჭირდეს კოალიციის გაკეთება, რაც იქნება ძალიან ცუდი და ეს ყველაფერი არის ოპოზიციის შეცდომების შედეგი", - გვითხრა ძაბირაძემ.

(სპეციალურად საიტისთვის)