"ივანიშვილი და "ოცნება" ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი და "ოცნება" ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ"

"როგორც გამოიკვეთა, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ“, - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, თედ ჯონასმა საქართველოს მთავრობის მხრიდან ანაკლიის პორტისა და მისი ინვესტორის მხარდაჭერის არ არსებობის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა. მან მეორე მიზეზზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს ფოთის პორტთან დაკავშირებული ინტერესები აქვს.

"საქართველოს მთავრობის, კერძოდ, "ქართული ოცნებისა" და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კონსორციუმისა და ანაკლიის პროექტის მიმართ მხარდაჭერის არქონა და აგრესიული კამპანია პროექტისა და ინვესტორის წინააღმდეგ რამდენიმე მოტივით იყო განპირობებული. როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს შესაძლოა ამოძრავებდეს პირადი ინტერესები ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დაკავშირებულია ფოთის პორტთან. ასევე, როგორც გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ,"-აღნიშნა თედ ჯონასმა.

მისივე განმარტებით, თავდაპირველად კონსორციუმმა სარჩელის შეტანა პანდემიის გამო შეაჩერა, რათა მთავრობისთვის პანდემიასთან ბრძოლაში არ შეეშალა ხელი.

ცნობისთვის, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"