"ჩვენი ამოცანა იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ხელისუფლებას ეხმარება, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ამოცანა იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ხელისუფლებას ეხმარება, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში"

"ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, გიორგი რურუას სახელმწიფო სისტემა ებრძვის.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის, რურუას მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

"ხელისუფლების დაკვეთით პოლიციაც, პროკურატურაც და სასამართლოც ჩართულია უკანონო დაკვეთის აღსრულებაში და უდანაშაულო ადამიანის დაჭერაში. ეს არის ის სისტემა, რომელიც ყოველთვის იყო ამ ქვეყნის პრობლემა, მაგრამ განსაკუთრებით შეისისხლხორცა ბოლო წლებში "ქართულმა ოცნებამ“. დღეს ეს სისტემა მუშაობს სწორედ ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების“ სამსახურში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ ქვეყანას, წარსულს ჩავაბაროთ ის მოცემულობა, როცა ხელისუფლების დაკვეთით ყველა ინსტიტუტი მუშაობს კონკრეტული უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ. ჩვენი ამოცანა იქნება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არა მხოლოდ გიორგი რურუას გათავისუფლება, არამედ იმ სისტემის დანგრევა, რომელიც ხელისუფლებას ეხმარება, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვას ციხეში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

"მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე მუხლში გაამტყუნა.