"ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ - ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს" - კვირის პალიტრა

"ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ - ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს"

ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა, როდესაც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამერიკული პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ახლა, არის ძალიან სხვადასხვა.

"მაგალითად მე გუშინ მივიღე ერთ-ერთი კონგრესმენისგან ჯო ვილსონისგან შესანიშნავი წერილი, რომელმაც საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატება ხაზგასმით აღნიშნა. გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო მდივანთან მქონდა საუბარი, რომელიც იყო უაღრესად პოზიტიური, მომავალზე ორიენტირებული და რომლის ძირითადი აქცენტები იყო რამდენად ფასეულია როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, არამხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, რომელიც ისტორიულად საუკეთესოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, არამედ ამ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება სხვადასხვა სფეროებში. უსაფრთხოების სფეროში, ადამიანის უფლებების სფეროში, დემოკრატიის შემდგომი განვითარების სფეროში და მათ შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებშიც. ეს არის რეალობა და ამ რეალობას ჩვენ ყველანი კიდევ ერთხელ დადასტურებულად დავინახავთ მას შემდგომ, რაც ეს ქვეყანა, ჩვენ ყველა ღირსეულ, დემოკრატიულ არჩევნებს ჩავატარებთ. ეს არის ობიექტური რეალობა“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სუბიექტური რეალობის მოდელირებით ზოგიერთები ცდილობენ არა "ოცნება“ ან მთავრობა, არამედ ქვეყანა დააზიანონ.

"ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი კონგრესმენი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება, ისევე როგორც ამერიკული ბიზნესის ინტერესებს საქართველოში. როცა ადამიანები, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ამერიკელები, თავიანთ ვალდებულებებს, საინვესტიციო ვალდებულებები იქნება თუ სხვა სახის ვალდებულებები, ვერ ასრულებენ და საქართველო არბიტრაჟს იგებს, ეს უნდა გვიხაროდეს მეგობრებო, ამის კი არ უნდა გვწყინდეს და ჯიბრში ქვეყანას კი არ უნდა ვუდგებოდეთ.

ეს ქვეყანა ჯერ კიდევ ოკუპირებულია და ჩვენ ჩვენი სტრატეტიული პარტნიორების გარდა ამ ოკუპაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის სხვა გზა არ გვაქვს და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილს უგზავნის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ შეშფოთებულები არიან ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო. კონგრესმენების წერილი ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჯაროეს.

“როგორც იცით, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უდიდესი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეკონომიკისა და გეოპოლიტიკად უსაფრთხო ურთიერთოებების ტრანსფორმაციისთვის, რათა ამ გზით უზრუნველყო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისთვის ბაზართან წვდომა, ურთიერთობები თავდაცვის სფეროში და ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თუმცა მას შემდეგ, რაც 2012 წელს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანამ რეგრესი განიცადა. თქვენს კოლეგებთან, ჩერილ ფერნანდესსა და აარონ რუპერტთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა კერძო საინვესტიციო გარემო, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, მონიტორინგის ქვეშ იყოს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის კუთხით. რადგანაც თქვენ მომავალში გამართავთ შეხვედრებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან, განსაკუთრებით კი გახარიასთან, გთხოვთ, გახსოვდეთ ჩვენი შეშფოთება რიგ საკითხებთან დაკავშირებით: 1. საქართველოს ამჟამინდელი “ქართული ოცნების” მთავრობა, რომელიც რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა მანიპულირებული, ცდილობს ამერიკული ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევოს. ეს კეთდება რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად. 2. საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის: ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გაძევების მიზანი საქართველოს რუსული და ჩინური გავლენის შედეგად დაზიანება იყო; 3. ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელსაც 2020 წლის შემოდგომის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმედი გვაქვს, თქვენ და თქვენი გუნდი განიხილავთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ურთიერთობას გაამყარებს და საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს,“ – წერენ კონგრესმენები მაიკ პომპეოს.

წერილი 27 ივლისითაა დათარიღებული და მას ხელს 6 კონგრესმენი აწერს.

"ინტერპრესნიუსი"