რატომ აშფოთებთ ამერიკელებს საქართველოში ჩინური კაპიტალის შემოსვლა?! - კვირის პალიტრა

რატომ აშფოთებთ ამერიკელებს საქართველოში ჩინური კაპიტალის შემოსვლა?!

"ვფიქრობ, ივანიშვილს მოუწევს სადღაც სექტემბრის მეორე ნახევარში გააქტიურება"

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, ფაქტობრივად, კარსაა მომდგარი, თუმცა პოლიტიკური ძალები აქტიური საარჩევნო კამპანიის დაწყებას არ ჩქარობენ. ოპოზიცია შიგა გარჩევებში ისეა გახლართული, სახელისუფლებო ძალასთან ოპონირებას ნაკლებად ახერხებს, "ქართული ოცნება" კი კვლავინდებურად საგარეო კრიტიკის მოგერიებაშია. ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებლისთვის, გიორგი რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯას ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან კრიტიკის ახალი ტალღა მოჰყვა. ისინი ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დარღვევას აბრალებენ. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა. ამის პარალელურად ოპოზიციამ გაასაჯაროვა 27 ივლისით დათარიღებული წარმომადგენელთა პალატის 6 წევრის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს სახელზე დაწერილი წერილი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქად არის მოხსენიებული და ამასთანავე, გამოთქმულია შეშფოთება ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო. წერილში ასევე ლაპარაკია, თითქოს საქართველოში ტარდება მიზანმიმართული პოლიტიკა ამერიკული ბიზნესის ქვეყნიდან გასაძევებლად და ხელი ეწყობა რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების შემოსვლას. სწორედ ამ წერილის განხილვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და უმნიშვნელოვანესია მისი მხარდაჭერა, მაგრამ, იმავდროულად, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ზოგიერთი განცხადება, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელია და ქვეყნის საქმეებში ჩარევას ჰგავს. ამ განცხადებების დიდ ნაწილს სკეპტიკურად ვუყურებ და არ მჯერა, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმაც გაუწიოს დიდი ანგარიში. ვფიქრობ, ეს პომპეო-გახარიას სატელეფონო საუბრის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციითაც გამოჩნდა.

იმაში, რომ კონგრესმენთა ნაწილი მაინცდამაინც ობიექტურად არ იქცევა, "ფრონტერას" მაგალითიც მარწმუნებს. უკაცრავად პასუხია და, ეს არის აფერისტი კომპანია, რომელსაც აშშ-ის ხელისუფლებაში ძლიერი ლობი ჰყავს, რაშიც კარგად იხდიან და ზოგიერთი კონგრესმენი სწორედ ამ გასამარჯელოს გამო ლაპარაკობს. ვეჭვობ, კონგრესმენთა ნაწილზე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც ახდენს გავლენას.

საქართველოში ყველამ იცის, გიორგი რურუა რა პოლიტიკური პატიმარია და რა მორალური ფასეულობები ჰქონდა. ძალიან მაინტერესებს, საიდან აქვს სახსრები ტელეარხის დასაფინანსებლად? გარდა ამისა, არსებობს კანონი ფულის გათეთრების შესახებ. რატომღაც არავის სთხოვენ დაამტკიცოს შემოსავლების წარმომავლობა, რაც უსამართლობა და ორმაგი სტანდარტია.

პროცესები ობიექტურად უნდა გაანალიზდეს, ისევე, როგორც უნდა ითქვას სიმართლე "ფრონტერას" თაობაზე. ეს კომპანია აშკარად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.

- ამ ცოტა ხნის წინ "ფრონტერასთან" საქართველოს ხელისუფლებამ აშკარად უკან დაიხია...

- რაც ძალიან ცუდია. უნდა არსებობდეს რაღაც პრინციპები, ბოლოს და ბოლოს, კანონის უზენაესობას ვაღიარებთ და მისი დარღვევა ვიღაცისთვის რატომ უნდა იყოს დაშვებული? "ფრონტერამ" ნამდვილად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა და წააგო საარბიტრაჟო სასამართლო. სხვათა შორის, ამ სასამართლო გარჩევისას ერთ-ერთი მოსამართლე აშშ-ის მოქალაქე იყო... ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს უკან დახევა არასწორია, რაც მეტად დავიხევთ უკან, მით მეტი კრიტიკული წერილი მოვა ამერიკიდან.

- კონგრესმენთა ბოლო წერილში ნაკლებად იყო რურუაზე ყურადღება გამახვილებული. წაგიკითხავთ ამონარიდს: "საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს... ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გაძევების მიზანი საქართველოს რუსული და ჩინური გავლენის შედეგად დაზიანება იყო". არ მეთანხმებით, რომ ძალიან სახიფათო შეფასებაა? აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკვე კარგა ხანია კონგრესმენთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს. - დავიწყოთ თქვენი კითხვის ბოლო ნაწილიდან. ძალიან ვთხოვ ამ წერილის ავტორებს, რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქები უფრო ახლოს - კაპიტოლიუმისა და თეთრი სახლის ახლოს მოიკითხონ. სხვათა შორის, მათი პრეზიდენტი ტიპური ოლიგარქია. ბიძინა ივანიშვილს ჩემი დაცვა არ სჭირდება. ის პოლიტიკური პარტიის ლიდერია და საკუთარი შეხედულებებისამებრ მოქმედებს. მოგვწონს თუ არა ეს, სხვა საკითხია. ჩემი აზრით, ამგვარი კლიშეებით ლაპარაკი, რაც ამ წერილში ვნახეთ, მიუღებელია. თუ ბიძინა ივანიშვილი ლობირებს რუსეთის ინტერესებს, კეთილინებონ და, ფაქტებით დაამტკიცონ. ხმებზე დაყრდნობით ლაპარაკი არასწორია. სად ხედავენ დადასტურებულად რუსული ინტერესების გატარებას?

- ამაზე პასუხად ყველა დაასახელებს ანაკლიის პორტის პროექტს. - ანაკლიის პროექტში აშკარად ცუგცვანგის ვითარება შეიქმნა. ხომ ფაქტია, რომ ვერც კონსორციუმმა მოახერხა თანხების მობილიზება. ყველაფრის მთავრობაზე გადაბრალება არასწორია. ისინი სახელმწიფოსგან გარანტიებს ითხოვდნენ, რაც არა მარტო გაუმართლებელი, არამედ დანაშაულიც იქნებოდა, რადგან კერძო კომპანიისთვის გარანტიების მიცემა ჩვენი კონსტიტუციით აკრძალულია. მეორე მხრივ, მთავრობამაც ვერ მიაქცია, როგორც ჩანს, საკმარისი ყურადღება ამ პროექტს. ჩემი აზრით, ორივე მხარეს მიუძღვის ბრალი და მხოლოდ ხელისუფლების დადანაშაულება არ შეიძლება.

რაც შეეხება ჩინური კაპიტალის ქვეყანაში შემოსვლას და მის გავლენას, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მიღებული კანონის თანახმად, საქართველოში ჩატარებული სახელმწიფო ტენდერების ერთადერთი კრიტერიუმი არის ფული, ანუ ვინც უფრო იაფად განახორციელებს ამა თუ იმ პროექტს, გამარჯვებულადაც ის ცხადდება. ბუნებრივია, ამ ტენდერებში ჩინური კომპანიები მონაწილეობენ და ხშირად იმარჯვებენ კიდეც, რადგან იაფად ასრულებენ ამა თუ იმ სამუშაოს. ბუნებრივია, აქვს საფუძველი ვარაუდს, რომ ამ კომპანიების აქტიურობის უკან შეიძლება პოლიტიკური ინტერესიც დავინახოთ. ჩინეთს სურს, კავკასიაში ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყოს. ამიტომაც მგონია, სანამ ზემოხსენებული კანონი არ შეიცვლება, ამ პროცესის გაკონტროლება რთული იქნება. ამასთანავე, კანონის შეცვლის შემთხვევაში, შეიძლება ახალი გამოწვევები გაჩნდეს, თუნდაც კორუფციის რისკების გაზრდა. ამიტომაც გადაწყვეტილებები ამ ვითარების ათასგზის აწონ-დაწონის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული.

ისევ ხელისუფლების რუსულ ინტერესთან დაკავშირებას მინდა დავუბრუნდე და გავიხსენო, რომ არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ლუგარის ლაბორატორია 2013 წელს სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებამ აამუშავა სრულად. სად ჩანს თუნდაც ამ საკითხში რუსული ინტერესების ლობირება?!

- საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის, თუმცა პოლიტიკური პარტიები ინერტულად იქცევიან. ოპოზიციურ ფლანგზე არ ცხრება შიგა გარჩევები, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების ნაცვლად კი ურთიერთბრალდებები გვესმის. ექსპერტთა თქმით, ეს არეულობა ოპოზიციურ ფლანგზე "ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს. - გვიანდელი შუა საუკუნეების ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ჯონ ლოკმა ამგვარი პროცესები ერთი საინტერესო ფრაზით შეაფასა: "ყველას ომი ყველას წინააღმდეგ". რაც ახლა ოპოზიციაში ხდება, ჩემი აზრით, განპირობებულია წმინდა ეგოისტური და ვიწროპარტიული ინტერესებით. დაახლოებით ერთი თვის წინ ვამბობდი, საეჭვოა ოპოზიციაში მოახერხონ შეთანხმების მიღწევა-მეთქი.

შეხედეთ, რამდენი პოლიტიკური პარტიაა საქართველოში. ამერიკაში 2 პარტიაა, საქართველოში კი, ვისაც ამბიცია აქვს, იმის მიუხედავად, აქვს თუ არა იდეები, ყველა პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს და მისი ლიდერი ხდება. გიორგი ვაშაძე თავის დროზე წამოვიდა "ნაციონალური მოძრაობიდან" და თავისი მოძრაობის ლიდერი გახდა, იმიტომ, რომ ლიდერობა უნდოდა.

- ის გასულ კვირას წავიდა ოპოზიციური გაერთიანებიდან "ძალა ერთობაშია" და სტრატეგია "აღმაშენებლის" წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა. ახალი პლატფორმის სახელით ვაშაძე დასახელდა პრემიერობის კანდიდატად, რომელმაც ამბიციური 5-პუნქტიანი პროგრამული დაპირებები გასცა. - გავეცანი მის პროგრამას და ჩემი აზრით, ცარიელი წყალია. გვპირდება, რომ საქართველოში თურმე ღარიბები და მშიერი ბავშვები აღარ იქნებიან, რაც ტყუილია, ამიტომ ამაზე ლაპარაკში დროს აღარ დავკარგავ.

ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესები რომ შევაფასოთ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ძალები გამარჯვებისთვის, ანუ "ქართული ოცნების" დამარცხებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ იმისთვის, ვის დარჩება პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, ვინ მოიპოვებს მეტ სახელმწიფო დაფინანსებას და უცხოურ მხარდაჭერას. მოკლედ, ამათ ქვეყანა ნაკლებად აინტერესებთ და მხოლოდ საკუთარი ვიწროპარტიული მიზნები აქვთ. ფუჭი ლაპარაკია, თითქოს საქართველოზე შესტკივათ გული. ამიტომაც არ მჯერა, რომ მოხერხდეს თუნდაც მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება. შესაძლოა 3-4 ოლქში მოახერხონ გარიგება, დანარჩენი ძალიან საეჭვოა.

გავიხსენოთ, როგორ მოიგო 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები. მან ძალიან ბევრი იშრომა და მოახერხა მთელი ოპოზიციური სპექტრის შემოკრება, ანუ არჩევნებზე გადიოდა 2 დიდი ძალა - "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება", დღეს კი ვხედავთ ძლიერ "ქართულ ოცნებას" და დაქუცმაცებულ ოპოზიციას. ასეთ ვითარებაში არჩევნებში რომელიმე ოპოზიციური ძალის გამარჯვება წარმოუდგენელია. თუმცა იქმნება ძალიან საინტერესო ვითარება - არსებობს როგორც "ნაციონალურ მოძრაობაზე", ისე "ევროპულ საქართველოზე" გაბრაზებული ამომრჩეველი. ეს კარგად აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებმა, როდესაც ამომრჩეველი პირველ ტურზე არ წავიდა, მაგრამ მეორე ტურზე მივიდა მხოლოდ იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გამარჯვება არ დაეშვა. ეს მოქალაქეები მომავალ არჩევნებზე ან არ წავლენ, ან ხმას პატარა პარტიებს მისცემენ.

ჩემი აზრით, მომავალი პარლამენტის და მთავრობის გასაღები სწორედ ამ მცირე პარტიების, ჩვენი საზოგადოებისთვის შედარებით ახალი სახეების ხელში აღმოჩნდება.

უდიდესი მნიშვნელობა ექნება ამ მცირე პარტიების საარჩევნო კამპანიების დამაჯერებლობას, აქტიურობას და მათ მზადყოფნას "ქართულ ოცნებასთან" შექმნან კოალიცია. მათ უნდა მოახერხონ და "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობაზე" განაწყენებული ამომრჩეველი საარჩევნო ურნასთან მიიყვანონ.

- თქვენ მაინც იმედი გაქვთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდება საჭირო? - დიახ. ეს უმნიშვნელოვანესი მგონია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ვფიქრობ, "ქართულ ოცნებას" 36-37%-იანი მხარდაჭერა ექნება და იძულებული იქნება საერთო ენა გამონახოს სწორედ ამ პატარ-პატარა პარტიებთან. დარწმუნებული ვარ, ის არც "ევროპულ საქართველოსთან" და მით უფრო არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციას არ შექმნის. მოკლედ, წინ პარადოქსული და ძალიან საინტერესო პროცესები გველის. აქვე ვიტყვი, რომ,

ჩემი აზრით, "ლელომ" დაკარგა შანსი გამხდარიყო შუალედური, შემრიგებელი ძალა, ასე ვთქვათ, ცენტრი დაეკავებინა. ის მკვეთრ ოპოზიციაში გადავიდა და ამით ელექტორატის დიდი ნაწილის მხარდაჭერა დაკარგა.

ასევე, მინდა შევაგულიანო ის ამომრჩეველი, ვინც ფიქრობს, რომ რადგან "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" არ მოსწონს, მის ხმას მნიშვნელობა აღარ აქვს. არა, პირიქით, ეს არის არჩევნები, როდესაც, დიდი ალბათობით, სწორედ პატარა პარტიებისთვის მიცემული ხმა იქნება უმნიშვნელოვანესი.

- იყო მოლოდინი, რომ პანდემიის შესაჩერებლად მიღებული მკაცრი ზომების შემდეგ შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო მმართველი პარტიის რეიტინგი დაეცემოდა, თუმცა ასე არ მოხდა. "ქართული ოცნება" ინარჩუნებს რეიტინგს და დღეს ჩატარებული გამოკითხვებით ის მომავალ არჩევნებში გამარჯვების მთავარი კანდიდატია. ამის მიზეზი უპირველესად, ალბათ, ის არის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ, რომელსაც წლების განმავლობაში უნიათოს ეძახდნენ, პანდემიის დროს მეტად ეფექტიანად იმუშავა. სხვათა შორის, ეფექტიანად იმოქმედეს რაჭაში სტიქიით გამოწვეული კრიზისის დროსაც. როგორ ფიქრობთ, ეს ეფექტიანი ნაბიჯები დიდწილად მოახლოებული არჩევნებით არის განპირობებული თუ ხელისუფლებამ რეალურად გადაწყვიტა საქმის კეთება? - ჩემი აზრით, ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი შეიტანა გიორგი გახარიამ, რომელიც მკვეთრად განსხვავდება წინა პრემიერ-მინისტრებისგან. განსხვავდება, ერთი მხრივ, სიხისტითა და პრაგმატიზმით, მეორე მხრივ კი პროფესიონალების მოსმენის უნარით. ის ერთადერთი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც მთავრობა სინერგიულად აამოქმედა. მაგალითად, მაია ცქიტიშვილი თუ ნათია თურნავა კომპეტენტური ადამიანები არიან, აკეთებენ თავიანთ საქმეს, რომლის წვრილმანებში არავინ ერევა, არავინ მიუთითებს მათ დეტალებზე, თუმცა მათ შეთამაშებულ მოქმედებებს განაპირობებს პრემიერის ორგანიზატორული ნიჭი. გახარიამ მეტ-ნაკლებად ყველა მინისტრს მისცა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება, თუმცა შედეგს გახარია ითხოვს, თანაც, როგორც ვიცი, საკმაოდ მკვახედ. სწორედ ეს გამოჩნდა რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისას - ყველა რგოლი გამართულად მუშაობდა.

არ დაგავიწყდეთ, რომ "ქართულ ოცნებას" აქტიური საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია. მხოლოდ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

- როგორ აფასებთ ამ კანდიდატებს? - თავს შევიკავებ მათი შეფასებისგან. არ შეიძლება მაჟორიტარობის კანდიდატების განხილვა პროპორციული სიისგან დამოუკიდებლად. ასევე უნდა ვიცოდეთ, სხვა პარტიები ვის სად დაასახელებენ და მერე დავასკვნათ, სწორად შეარჩიეს ხალხი თუ არა. ყველაფერი შედარებითია, ალბათ, გათვლები ჰქონდათ, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკებ, როდესაც "ქართული ოცნების" საარჩევნო სტრატეგია და ტაქტიკა გახდება ცნობილი.

- როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო კამპანიაში მოუწევს ჩართვა? - ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. ის პრაგმატული ადამიანია და შეეცდება, რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დახარჯოს. თუ "ქართულ ოცნებას" დასჭირდება, რა თქმა უნდა, ჩაერთვება, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. ჩემი აზრით, უნდა თუ არა, ივანიშვილს მოუწევს სადღაც სექტემბრის მეორე ნახევარში მკვეთრად გააქტიურება. ვნახოთ, თუ გამართლდება ჩემი პროგნოზი.