რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადებს ფსონს ვაშინგტონი?! - კვირის პალიტრა

რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადებს ფსონს ვაშინგტონი?!

"პომპეომ ამერიკის მხარდაჭერა დააფიქსირა, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ როგორც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა. ამერიკა ქვეყნის მოკავშირეა და არა რომელიმე პარტიის. ამიტომ ამბობს პომპეო, რომ მისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალე პოლიტიკური პროცესი, დემოკრატიული არჩევნები და არა ის, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოიგებს ან წააგებს არჩევნებს"

"ახლა უნდა დავწყნარდეთ, დავმშვიდდეთ. ზოგი კონგრესმენი შეგვაქებს, ზოგი გაგვაკრიტიკებს, მაგრამ მთავარია, ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას არაფერი ემუქრება", - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 6 წევრის აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილს. წერილში კი ნათქვამია: "თქვენ მომავალში გამართავთ შეხვედრებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან, განსაკუთრებით კი გახარიასთან. გთხოვთ, გახსოვდეთ ჩვენი შეშფოთება რიგ საკითხებთან დაკავშირებით: 1. საქართველოს ამჟამინდელი "ქართული ოცნების" მთავრობა, რომელიც რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა მანიპულირებული, ცდილობს ამერიკელი ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევოს. ეს კეთდება რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად; 2. საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გაძევების მიზანი საქართველოს რუსული და ჩინური გავლენის შედეგად დაზიანება იყო; 3. ის, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია კანონი "საარჩევნო რეფორმის შესახებ", რომელსაც 2020 წლის შემოდგომის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმედია, თქვენ და თქვენი გუნდი განიხილავთ ნაბიჯებს, რაც ჩვენს ურთიერთობას გაამყარებს და საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს".

პრემიერი გახარია ამ წერილის საპირწონედ ასახელებს ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის წერილს, რომელშიც, გახარიას თქმით, საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში წარმატება არის აღნიშნული. ამასთანავე, პრემიერმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან უაღრესად პოზიტიური სატელეფონო საუბარი ჰქონდა. საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის შემდგომი განვითარების სფეროში და მათ შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროებშიც. მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას დიალოგის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია: "სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრემიერ გახარიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მან ასევე გააფრთხილა საქართველოს მთავრობა სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზების შესახებ". თავად პომპეომ "ტვიტერზე" დაწერა: "დღეს ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოქტომბერში საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ".

რამდენად გამოდგება სენატორ ჯო ვილსონის წერილი 6 სენატორის წერილის საპირწონედ, რა მინიშნებები უნდა დავინახოთ მაიკ პომპეოს განცხადებაში და რა გავლენას მოახდენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დემოკრატიისა და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შესახებ, საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე გვესაუბრება.

- როდესაც საქართველოს მმართველი გუნდი ამერიკელი სენატორის კრიტიკულ წერილებს და შენიშვნებს სათანადოდ არ აფასებდა, ვამბობდი, ჩვენი ხელისუფლება მანამდე არ გამოფხიზლდება, სანამ თავად მაიკ პომპეო არ დაგვიქნევს თითს-მეთქი. ეს დღეც დადგა. ახლა თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მიანიშნა გახარიას დემოკრატიული არჩევნების მნიშვნელობაზე. საქართველოს პრემიერი რა პოზიტიურ დიალოგზე ლაპარაკობს, ძნელად გასაგებია. ამერიკელებთან უბრალოდ საუბარი მხარდაჭერას არ ნიშნავს. დიახ, ამერიკა საქართველოს მოკავშირეა, მაგრამ ეს არ არის ცალმხრივი ურთიერთობა. ორივე ქვეყანას ერთმანეთთან ვალდებულებები აქვს აღებული. ამერიკას ძალზე დიდი თანხა და რესურსი აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. სწორედ ამიტომ გააკეთა სახელმწიფო მდივანმა აქცენტი იმაზე, რომ მისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობა და მაღალი დემოკრატიული სტანდარტი. პომპეომ დიახაც დააფიქსირა მხარდაჭერა, მაგრამ ეს არ უნდა გავიგოთ როგორც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა. ამერიკა ქვეყნის მოკავშირეა და არა რომელიმე პარტიის. ჩვენ არა ვართ საუდის არაბეთი, სადაც ქვეყნის მოკავშირეობა მმართველი დინასტიის მოკავშირეობას ნიშნავს. ამიტომ ამბობს პომპეო, რომ მისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალე პოლიტიკური პროცესი, დემოკრატიული არჩევნები და არა ის, თუ რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოიგებს ან წააგებს არჩევნებს. ამერიკელები ჩვენს ხელისუფლებას არასდროს მიუთითებენ, ხელისუფლებიდან წადიო. ისინი ლაპარაკობენ კონკურენტიანი გარემოს შექმნაზე, რომ მმართველმა ძალამ დემოკრატიულ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში არ შექმნას ძალის გადაბარების პრობლემა.

- ამერიკელმა სენატორმა რიშმა და ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა მიანიშნეს მმართველ გუნდს, რომ სასამართლო სისტემა არ უნდა გამოიყენონ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მიზანშეწონილი იქნებოდა პოლიტიკური კლიმატის დეპოლიტიზებისთვის. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ შეიწყალოს რურუა? - პრობლემა არც გიორგი რურუას ან სხვა პოლიტიკური ლიდერების დაკავება იყო და არც არის. პრობლემა ის არის, რომ დასავლელ პარტნიორებს საქართველოს დემოკრატიზაციის შეუქცევადობაში ეჭვი ეპარებათ. პრობლემაა ისიც, რომ ნდობით ვერ სარგებლობენ ჩვენი ქვეყნის ის ინსტიტუციები, რომლებზეც ქვეყნის დემოკრატია უნდა იყოს დაფუძნებული. ცხადია, საზოგადოებაში არის ეჭვი, მოსაზრება და, ალბათ, საფუძვლიანიც, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავება პოლიტიკურად იყო მოტივირებული. საქართველოში რომ კონსოლიდირებული დემოკრატია იყოს და კანონის უზენაესობას ვცემდეთ პატივს, ასეთი ტიპის დაკავებები მაშინაც კი გააჩენდა კითხვის ნიშნებს, მაგრამ ინსტიტუციების სანდოობის შემთხვევაში ამგვარი კრიტიკა და ზეწოლა არ იქნებოდა. თავად ის, რომ უცხოელი პარტნიორები, კონგრესმენები და ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ პოლიტიკური ლიდერების დაკავება შესაძლოა პოლიტიკურად იყოს მოტივირებული, მიუთითებს, რომ საქართველოს არ აღიქვამენ დემოკრატიის გზით მიმავალ მყარად მდგარ ქვეყნად. უკვე ხშირად გვხვდება დასავლელი პარტნიორების ოფიციალურ თუ არაოფიციალურ დოკუმენტებში ისეთი ტერმინები, როგორიცაა არაფორმალური მმართველობა.

პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს უდანაშაულო პატიმარს, პოლიტიკური პატიმარი ნიშნავს ადამიანის დაპატიმრებას პოლიტიკური მოტივით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჩნდება ვარაუდი, რომ ადამიანმა კი ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ის დააკავეს იმიტომ, რომ ოპოზიციური მედიასაშუალების დამფუძნებელია.

ჩვენი ტიპის ქვეყნებში, სადაც დემოკრატია ძალიან მყიფეა, სადაც დემოკრატიის რევერსის რისკებია, სადაც არაფორმალურ მმართველობაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მედიასაშუალების მფლობელის დაკავება ყოველთვის გააჩენს კითხვებს.

- როგორ გგონიათ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ზურაბიშვილი მმართველი ძალის მხარდაჭერილი კანდიდატი იყო და ახლაც მმართველი ძალის დღის წესრიგის გამტარებელია, ძნელია იმის თქმა, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო თუ არა. კიდევ ერთი პრობლემაა - რურუას შეწყალება შეიძლება მმართველი პოლიტიკური კლასის სისუსტედ აღექვათ. ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი დიდი პრობლემა ის არის, რომ ნებისმიერი კომპრომისი სისუსტედ აღიქმება. როგორც ჩანს, ქალბატონი პრეზიდენტი სისუსტის დემონსტრირებას მოერიდა.

- ასეთი პოლიტიკური თამაშებიდან გამომდინარე, არჩევნებისთვის რას უნდა ველოდოთ, როგორი შეიძლება იყოს ვაშინგტონისა და მოსკოვის ფსონები, ვინ რომელ პოლიტიკურ ძალაზე დაყრდნობით შეეცდება საკუთარი ინტერესების გატარებას? - ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი მანკიერება ის არის, რომ პოლიტიკური პარტიები ცდილობენ თავიანთი თავი გარე ძალების, ვაშინგტონი იქნება თუ მოსკოვი, ექსკლუზიურ მოკავშირედ, დასაყრდენად წარმოაჩინონ. წესით, ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე უნდა ფიქრობდეს ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. გარწმუნებთ, ვაშინგტონი ფსონს არც ერთ პოლიტიკურ ძალაზე არ დადებს. არა მგონია, საქართველოში არსებობდნენ "ამერიკის კაცები". ვაშინგტონი ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც განსაზღვრავს პოლიტიკურ კლიმატს საქართველოში.

- შეუძლებელია ვაშინგტონი უპირატესობას არ ანიჭებდეს პოლიტიკურ ძალას, რომლის მმართველობისას მეტად იქნება გათვალისწინებული მისი ინტერესები. - თავისთავად მეტ-ნაკლებად მისაღები პოლიტიკური ძალები იქნებიან როგორც ვაშინგტონისთვის, ისე მოსკოვისთვის, ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რომელთაც საქართველოში ეკონომიკური ინტერესები აქვთ. თუმცა ქვეყნების სტრატეგიულ და პარტნიორულ ურთიერთობაში არსებითად არაფერი შეიცვლება - ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, თვით "პატრიოტთა ალიანსიც" (თეორიულად ვამბობ, თორემ ეს შეუძლებლად მიმაჩნია), გარწმუნებთ, ვაშინგტონი მასაც გამოუცხადებს მხარდაჭერას და აიძულებს იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთის წინაშე აქვთ აღებული. ამერიკასაც და რუსეთსაც იმ პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე მოუწევთ მოქმედება, რაც საქართველოში იქნება, და შეეცდებიან იმ პოლიტიკურ ჯგუფთან იმუშაონ, რომელიც ხელისუფლებაში მოვა.

- საეჭვოა, რუსეთმა საქართველოს დღის წესრიგის შეცვლა არ სცადოს. - ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, ამერიკა ყველას შესთავაზებს თანამშრომლობის პოზიტიურ დღის წესრიგს, რუსეთის ფედერაცია კი ყველას წინააღმდეგ დაიწყებს მუშაობას - დესტრუქციით, დესტაბილიზაციითა და პოლარიზაციის შექმნის მცდელობით.

ამერიკა იმიტომ კი არ მიუთითებს საქართველოს დემოკრატიის განვითარებაზე, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ვინ მოვა ხელისუფლებაში, არა, მისთვის მნიშვნელოვანი დემოკრატიული არჩევნებია. რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო დემოკრატიული ქვეყანა იქნება საქართველო, მით უფრო დაშორდება რუსულ ორბიტას და მიუახლოვდება დასავლურ სამყაროს.

ეს რუსეთმაც კარგად იცის. იცის, რომ დემოკრატიული საქართველო პრეცედენტი გახდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც შეიძლება დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს რუსეთის მმართველი პოლიტიკური კლასი. დიახ, მმართველი პოლიტიკური კლასი და არა რუსული სახელმწიფო. საქართველო ევროკავშირსა და ნატოში ისევე ვერ გახდება რუსეთის სახელმწიფოსთვის საფრთხე, როგორც დღეს არ არის, მაგრამ წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო შეიძლება სერიოზული სიგნალი იყოს პოსტსაბჭოთა საზოგადოებებისთვის და მათ შორის რუსი ხალხისთვის.

- თქვენც აღიარებთ ორი რუსეთის არსებობის თეორიას? - არა, აქ უფრო მარტივად არის საქმე. პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ დემოკრატია და ლიბერალიზმი გარყვნილება და ბოროტებაა. ამ დროს, თუ რუსი ხალხი დაინახავს, რომ დემოკრატიულ საქართველოში ხალხი კარგად ცხოვრობს, იკითხავენ, თუ სტაბილურობა და განვითარება დემოკრატიის გზითაც შესაძლებელია, ჩვენ რატომ უნდა ავიტანოთ პუტინის რეჟიმი 40 წლის განმავლობაშიო და პუტინს ხუხულასავით დაენგრევა ის საძირკველი, რომელზეც თავის პოლიტიკას აშენებს. რუსებს დღემდე უკვირთ, როგორ შეიძლება საქართველოში კორუფცია დამარცხებულიყო, რომ პოლიციელი ქრთამს არ იღებს, რომ უმაღლეს სასწავლებელში ლექტორს ჩათვლის წიგნაკში ფული არ უნდა ჩაუდო. შესაბამისად, დემოკრატიული საქართველო კონკრეტული პოლიტიკური კლასისთვის არის საფრთხე. სწორედ ამავე მიზეზით არის რუსეთისთვის დასავლეთი საფრთხედ აღქმული, თორემ იმიტომ კი არა, რომ საფრანგეთი, პორტუგალია ან ამერიკა გარისკავენ და ბირთვულ რუსეთს ომს დაუწყებენ. ამ რეალობის გათვალისწინებით, ვინც უნდა მოვიდეს საქართველოს ხელისუფლებაში, რუსეთი საქართველოში ისევ აგრესიულ პოლიტიკას გაატარებს. ამით შექმნის მაგალითს, თუ რა შეიძლება დაემართოს ქვეყანას, რომელიც თუნდაც ერთხელ დასავლეთისკენ გაიხედავს.

ხათუნა ბახტურიძე