რამაზ საყვარელიძე: "ნაცმოძრაობა" პირველი ოპოზიციური პარტიის რეიტინგისთვის იბრძვის" - კვირის პალიტრა

რამაზ საყვარელიძე: "ნაცმოძრაობა" პირველი ოპოზიციური პარტიის რეიტინგისთვის იბრძვის"

"ნულოვანი ბარიერი ბევრ პარტიას აძლევს შანსს, დეპუტატის სავარძელში მოიკალათოს. იქნებიან დეპუტატები და ექნებათ შესაბამისი პატივი და დიდება"

პოლიტფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან 2020 წლის არჩევნებზე ვისაუბრებთ. როგორ ჩაივლის და რომელი პარტია რას მოელის ამ არჩევნებისგან - სწორედ ეს იყო ჩვენი საუბრის თემა.

- არჩევნები ალბათ, მშვიდად და თანაც რევოლუციური სცენარით ჩატარდება. ხელისუფლება სიმშვიდის დაცვას ეცდება, ოპოზიცია - რევოლუციური სცენარის ხორცშესხმას. რადგან ხელისუფლებას მეტი ძალა აქვს, არჩევნების მშვიდად ჩატარება მოხერხდება, მაგრამ რევოლუციური სცენარის იმპულსებიც იქნება... ტრაგედიები მოხდა და იმის გამოყენება უნდათ რევოლუციისთვის. საარჩევნო პროცესშიც ექნებათ ტენდენცია, ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ. ამ შემთხვევაში ეს ვერ მოახერხეს, არ აჰყვა საზოგადოება, იმიტომ რომ პოლიტელფერი ვერ შესძინეს ამ ორ ტრაგიკულ ფაქტს. ამასთან, დისკრედიტირებულია მათი ჰუმანიზმი. ხორავას ქუჩის საქმეზე მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა გულწრფელად, მაგრამ რომ დაინახეს, ოპოზიცია ცდილობდა ამ ემოციების პოლიტიკისთვის გამოყენებას, იქაურობას გაეცალნენ. ეს გამოცდილება მოსახლეობას უკვე აქვს...

ცდილობენ შექმნან სათავისო სცენარი - ბერა ივანიშვილის მეგობარი იპოვეს, მაგრამ არ გამოდის ისეთი პირდაპირი პოლიტიკური ბმა, როგორიც გირგვლიანის საქმეში იყო, არადა, სწორედ ამის საპირწონეს ეძებენ. "ნაციონალები" "ოცნების" ხელისუფლებაში ეძებენ თავიანთი ხელისუფლების ანალოგიურ მოვლენებს - დატაცებას, ბიზნესის წართმევას, ძალადობას, სასამართლო განაჩენის დეფორმაციას... რატომ ეძებენ ასე გაფაციცებით? იმიტომ, რომ მოსახლეობამ დაასკვნას - ერთიც ცუდია და მეორეც! ნაწილი თუ დაასკვნის, რომ ორივე ცუდია, დარჩება სახლში. ესენი, ძირითადად, "ოცნების" ამომრჩევლები იქნებიან. მათი ნაწილი თუ სახლში დატოვეს, თავიანთი ძალების მობილიზაციით პროცენტულად მეტი მომხრე გამოსდით და მივიღებთ იმ სურათს, რაც იყო პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში - ლამის რომ გათანაბრდა ამ პარტიების მომხრეთა რაოდენობა...

- "ოცნება", "ნაცმოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლელო" და წვრილ-წვრილი პარტიები... სინამდვილეში ვინ რისთვის იბრძვის? - 2012 წლის მერე "ნაციონალებს" არც ერთ სოციოლოგიურ გამოკვლევასა და არჩევნებში არ გაუმარჯვიათ. ანუ ნათლად გამოჩნდა, რომ საზოგადოებას ეს ჯგუფი არ უნდა ხელისუფლებაში. მათ მიერ ჩატარებულ გამოკვლევებშიც "ოცნების" რეიტინგი გაცილებით მეტია, ვიდრე "ნაცმოძრაობის", ამიტომ შეუძლებელია, მათ გამარჯვების იმედი ჰქონდეთ, მიუხედავად იმისა, რომ თქმით ასე უნდა თქვან. ეს ბრძოლის რიტორიკაა - ყველა მხარე ამტკიცებს, მე გავიმარჯვებო. რეალურად ისინი მეორე პარტიის, ანუ პირველი ოპოზიციური პარტიის რეიტინგისთვის იბრძვიან, იმიტომ, რომ ანაზღაურება უფრო მაღალი იქნება. უფრო ნაკლები, მაგრამ მაინც ანაზღაურებისთვის იბრძვიან სხვა პარტიებიც. "ევროპული საქართველო" უფრო ჭკუადამჯდარი პარტიაა, მაგრამ არც მას უნდა ჰქონდეს იმედი...

რიტორიკა ასეთია: თუ "ოცნებამ" ვერ მოიპოვა ხმების 40% და ოპოზიციურმა პარტიებმა მოიპოვეს, დავუშვათ 60%, მაშინ ისინი ჩამოაყალიბებენ კოალიციურ მთავრობას... ჯერ ერთი, "ოცნება" არ აპირებს, 40%-ით დაკმაყოფილდეს - მათ მეტის პრეტენზია და ამის საფუძველიც აქვთ; მეორე - ვინც უმრავლესობით გადის, კოალიციას ის აყალიბებს. უმცირესობაში მყოფებისგან კოალიცია რომ ყალიბდებოდეს, მაშინ აზრი აღარ ექნებოდა არჩევნებს.

- "ლელოზე" რას იტყვით? - იმას, რომ იქნებიან პარლამენტში. ნულოვანი ბარიერი ბევრ პარტიას აძლევს შანსს, დეპუტატის სავარძელში მოიკალათოს. იქნებიან დეპუტატები და ექნებათ შესაბამისი პატივი და დიდება.

- იმ პარტიებიდან, რომლებიც ბარიერს გადალახავენ, ვის ვისთან ექნება ურთიერთობა? - ვერ გეტყვით. როცა უკვე პარლამენტში იქნებიან, თამაშის წესები შეიცვლება. ალბათ, თუ თვითონ "ოცნებას" დასჭირდა, ის შესთავაზებს რამეს, ან სხვა პარტია...

- ახლა ვის როგორი ურთიერთობა აქვს? - ნათელაშვილის ეზოს პარტიები ძალიან გულმოდგინედ უჭერენ მხარს სააკაშვილის ხელისუფლებას.

- ერთიან ოპოზიციურ ძალაზე იყო ლაპარაკი, თუმცა ზოგიერთმა პარტიამ უკვე წარადგინა თავისი დამოუკიდებელი კანდიდატი. ამ პარტიების ერთობა რას ეფუძნებოდა? - ინგლისელების გამოთქმაა - პოლიტიკაში არ არის მეგობარი და მტერი, არის ინტერესები. მათ რაღაც ეტაპამდე ჰქონდათ საერთო ინტერესი. ახლა ინტერესები შეეცვალათ, იმიტომ, რომ "ნაცმოძრაობამ" თუ ნათელაშვილის პარტიამ და "ლელომ" ცალკე დაიწყეს კანდიდატების წარდგენა. ეს ნიშნავს, რომ გაერთიანებაც და განცალკევებაც იმპულსურად გაჩენილი სტრატეგიებია. ახლა იფიქრეს, ხმები რატომ უნდა დავკარგოთო და ცალ-ცალკე თამაშს აპირებენ.

- არჩევნებამდე უფრო დაიქსაქსებიან? - დაიქსაქსონ, ამას რა სჯობია! თუ ვინმეს რამის აღება შეუძლია, ახლა აიღონ. მათ გაერთიანება უნდოდათ იდეით: ყველა წარვადგენთ ერთ კანდიდატს ხელისუფლების ერთი კანდიდატის წინააღმდეგ. ყველა ჩვენ დაგვიჭერს მხარს და ხელისუფლების კანდიდატი დამარცხდება. თუმცა, რეიტინგებმა აჩვენა, რომ ამ პარტიების მხარდამჭერთა საერთო რაოდენობაც კი ვერ აჭარბებს ხელისუფლების რეიტინგს. ასე რომ, ასეთი გაერთიანების შემთხვევაში ყველა პარტია კარგავს შანსს. ამიტომ ახლა ცალ-ცალკე ბრძოლას უფრო აქვს აზრი.

- სააკაშვილის როლს როგორ ხედავთ? - მხოლოდ ტელევიზორში ვხედავ. ეს არის მისი მონაწილეობა ამ პროცესში. ის ლიდერად რჩება საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც მხარს უჭერს ქარიზმატულ ლიდერს. ასეთად აღიქმებოდა გამსახურდიაც. მისი მომხრეები ზვიადის გარდაცვალების შემდეგაც მიტინგებს აწყობდნენ და ამტკიცებდნენ, არ მომკვდარა, დაბრუნდებაო. ასეთ "შეყვარებულ" ადამიანებს არ სჯერათ ლიდერის არყოფნა, მით უმეტეს თუ, ღმერთმა დიდხანს ამყოფოს და, ცოცხალია, თან ტელევიზორითაც ელაპარაკება...

მიშა რამდენი ხანია, გაიძახის, დაამხეთ ეს ხელისუფლებაო, მაგრამ რეალობის გრძნობა ღალატობს და მისი სტრატეგია ჭკვიანური არ არის, ამიტომ არც შედეგია ისეთი, როგორიც მათ უნდათ. ის რევოლუციურ სცენარზე ამახვილებს ყურადღებას და ანგარიშს არ უწევს, რომ რევოლუციასაც ხალხის მხარდაჭერა სჭირდება. არჩევნებით ის ვერ მოიგებს, რადგან ასეთი მხარდაჭერა არა აქვს, ქუჩაში კი ხალხს თავს ვერ უყრიან, "ნაცმოძრაობას" ხალხმა ზურგი შეაქცია, მაგრამ ამ მდგომარეობას სააკაშვილმა ალღო ვერ ან არ აუღო...

- რა მოლოდინი გაქვთ, რით იქნება ეს არჩევნები გამორჩეული? - მე მგონი, გამორჩეული იქნება იმით, რომ "ოცნება" უპრეცედენტო რაოდენობის მანდატებს მოიპოვებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს კვლევები და მისი ოპონენტების ბრძოლის დაბალი ხარისხი.