ზვიად ძიძიგური: "ჩვენი კოალიცია შესაძლებელია "ოცნებასთან", კატეგორიულად გამოვრიცხავთ კავშირს "ნაცმოძრაობასთან" - კვირის პალიტრა

ზვიად ძიძიგური: "ჩვენი კოალიცია შესაძლებელია "ოცნებასთან", კატეგორიულად გამოვრიცხავთ კავშირს "ნაცმოძრაობასთან"

როგორი ძალთა ბალანსი იქნება მომავალ პარლამენტში, ამ კითხვით "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურს მივმართეთ.

- ეს არჩევნები იქნება სრულიად განსხვავებული ყველა იმ არჩევნებისაგან, რაც აქამდე გვინახავს. მინდა შეგახსენოთ, როდესაც ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდია მოვიდა, მან თავისი ფლანგი შეკრიბა და დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებინა მთავრობა, ისევე როგორც შემდეგ შევარდნაძემ ორგზის, 1995 და 1999 წლებში, სხვა პარტიების დახმარების გარეშე. ასეთივე მდგომარეობაში იყო სააკაშვილი, რომელმაც ორ არჩევნებზე - 2003-ში და 2008-ში მოახერხა, დამოუკიდებლად ჩამოეყალიბებინა მთავრობა. "ოცნებაც" ანალოგიურად მოიქცა 2012 და 2016 წლებში. ახლა ქვეყანაში განსაკუთრებული მდგომარეობაა - შეიძლება ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ ჩამოაყალიბოს მთავრობა კოალიციის გარეშე. ეს არის პროპორციული არჩევნების წილის გაზრდის შედეგი, პარტიების უმეტესობაც სწორედ იმიტომ ითხოვდა პროპორციულ არჩევნებს, რომ არ სურდათ, რომელიმე ერთი პარტია გამხდარიყო ძალაუფლების მონოპოლისტი. აქედან გამომდინარე, დღევანდელი პარტიებისთვის, გარდა ორი პარტიისა ("ქართული ოცნება" და სააკაშვილის ორბიტაზე მყოფი ძალები), გაჩნდა მარტივი კითხვა: რას აპირებენ ისინი, როგორი კონფიგურაციით წარმოუდგენიათ საკუთარი თავი არჩევნების შემდეგ? როდესაც ითხოვ პროპორციულ არჩევნებს, შემდეგ კი, დაბალი ბარიერის შემთხვევაში, მას გადალახავ და შედიხარ პარლამენტში, ასეთი კითხვისთვის მზად უნდა იყო.

"კონსერვატორები" მზად ვართ პასუხის გასაცემად: ჩვენ რვა წლის განმავლობაში ვიყავით "ოცნების" ნაწილი, ამიტომ ვფიქრობთ, მომავალ პარლამენტში შესაძლებელია ჩვენი კოალიცია "ოცნებასთან" და კატეგორიულად გამოვრიცხავთ ასეთ კავშირს "ნაცმოძრაობასა" და მასთან ასოცირებულ ძალებთან. პასუხი, რომ არც ერთ და არც მეორე ძალას არ მივცემ საშუალებას, შექმნას კოალიცია, ბადებს ახალ კითხვას: მაშ, ვადამდელი არჩევნების მომხრე ხარ? ამას ხომ ისევ კრიზისი მოჰყვება?"

თუკი რომელიმე პოლიტიკური ძალა, "ოცნებისა" და სააკაშვილის პარტიების გარდა, იტყვის, რომ თვითონ ჩამოაყალიბებს მთავრობას, არასერიოზული იქნება, ვინაიდან ყველა კვლევა ადასტურებს, რომ პირველ ორ ადგილზე "ოცნება" და სააკაშვილის პარტიები არიან.

ამიტომ პარტიებს წინასწარ მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვაზე, როგორ კონფიგურაციაში ხედავენ ისინი საკუთარ ადგილს არჩევნების შემდეგ.

- რამდენი პარტია შევა პარლამენტში?

- ათამდე პარტია მაინც. ისეთი ბარიერია, ამის გადალახვის რესურსი აქვს მეტ პარტიას, ვიდრე 3-4%-იანი ბარიერის შემთხვევაში ექნებოდა. დარწმუნებული ვარ, ვერც "ოცნება" და ვერც "ნაცმოძრაობა" ვერ მოაგროვებენ ხმების 50%-ზე მეტს და მათ დასჭირდებათ სხვა პარტიების შეამხანაგება, რათა მთავრობა ჩამოაყალიბონ. რაც შეეხება იმას, რომელი პარტია ვის აირჩევს, ეს თვითონ უნდა გადაწყვიტონ.