ეკა ბესელია: "ხელისუფლება მოსამართლეების დადებულ ნაღმზე აფეთქდა" - კვირის პალიტრა

ეკა ბესელია: "ხელისუფლება მოსამართლეების დადებულ ნაღმზე აფეთქდა"

"მართალია, ვიღაცებს ეგონათ გადამიყოლებდნენ, მაგრამ მე იმდენი რამ მაქვს უკვე გამოცდილი, მთავარ ღირებულებას არასდროს გადავუხვევ"

პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი ეკა ბესელია მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, აგვისტოს შუა რიცხვებისთვის რამდენიმე ოლქში კიდევ რამდენიმე კანდიდატს წარადგენს და ამომრჩეველს გააცნობს საარჩევნო სიის წევრებსაც, რომლებიც "უთანასწორო ბრძოლაში ჩაებმებიან".

- ძალიან რთული არჩევნები იქნება, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია ხელისუფლების შეცვლა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

მართალია, შედარებაც არ შეიძლება სააკაშვილის მმართველობასთან, მაგრამ ბევრად უკეთესი ხელისუფლება გვჭირდება, ვიდრე "ოცნების" რვაწლიანი მმართველობა იყო. ბოლო წელიწად-ნახევარია ბევრ შეცდომას უშვებენ. ეს მაძლევს სტიმულს, რომ ცვლილებებისთვის ვიბრძოლო.

- მუდმივად გვესმის, რომ კადრების დეფიციტია, განსაკუთრებით ახალი გუნდის შერჩევისას. - ჩვენი პარტია ახალია და პირველად მონაწილეობს არჩევნებში. ეს იქნება გამოცდა, შევძლებთ თუ არა იმ იდეის ხორცშესხმას, რისთვისაც ამდენი წელია ვიბრძვით. ბევრი ახალი სახე გვეყოლება... მეკითხებიან, ცნობილი სახეები ვინ გყავთო - ანუ ჩვენს ამომრჩეველს ორივე ერთდროულად უნდა. ამიტომ უნდა ჩამოვყალიბდეთ - ახალი სახეები უნდა მოვიდნენ და სისტემა შეცვალონ, თუ ისევ ცნობილებმა იტრიალონ?

- თქვენი პოლიტიკური გუნდი რით იქნება გამორჩეული?

- ჩვენ გვეყოლება მეტი კანდიდატი ქალი, გამორჩეული კეთილსინდისიერებითა და კვალიფიკაციით. ბევრ მათგანს საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ თუ სიახლეები არ შემოვიტანეთ, არაფერი შეიცვლება.

- ბოლოდროინდელ საგამოძიებო საქმეებზე გკითხავთ. ბევრი კითხვაა, არის უნდობლობა. რით არის ეს განპირობებული? - რომ არა ქართული მედიის შეუპოვარი აქტიურობა, ბეჭდურის, ონლაინმედიისა და ტელევიზიების, თუნდაც ბოლო ორი გახმაურებული საქმის გამოძიება რა მიმართულებით წავიდოდა, ადვილი წარმოსადგენია.

თუ რამე და ვინმე აკონტროლებს დღეს ხელისუფლებას, დამოუკიდებელი მედიაა, რომელიც ისეთი გავლენით სარგებლობს, რომ მთავრობას ბინძური საქმეების მშვიდად კეთების უფლებას არ აძლევს.

როდესაც ქვეყანას არა ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, ის ვერასდროს იქნება დემოკრატიული. როგორც კი ეს მოგვარდება, მაშინვე დალაგდება საგამოძიებო ორგანოები, ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუტები და სოციალური პრობლემებიც მოგვარდება. თუ როგორია საგამოძიებო ორგანოების მუშაობის დონე, ხარისხი, რამდენად კეთილსინდისიერია მოსამართლე, ეს ქმნის სასამართლოს სისტემის სახეს. როდესაც მას არაფრად მიაჩნია კანონის დარღვევა. ადამიანი, რომელიც ადგენს, ვინ არის ქვეყანაში მტყუანი და მართალი, არადა, თავად არის საპატრონო და გასაკონტროლებელი, გამომძიებელს ან პროკურორს როგორ უნდა მოსთხოვო რამე?! ასეთია დღევანდელი "ქართული ოცნების" სასამართლო, ამიტომაც ვაპროტესტებდი მართლმსაჯულების რეფორმის შეჩერებას, მოსამართლეთა ათკაციან სიას. ეს გახდა მიზეზი, რისთვისაც "ქართული ოცნება" დავტოვე. მართალია, ვიღაცებს ეგონათ გადამიყოლებდნენ, მაგრამ მე იმდენი რამ მაქვს უკვე გამოცდილი, მთავარ ღირებულებას არასდროს გადავუხვევ.

მსოფლიო თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ისინი სარკისებურად აისახება სასამართლო სისტემაზე. ამის დასტურია ამერიკის ელჩის კელი დეგნანის ძალიან მკაფიო განცხადება გიორგი რურუას საქმის სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რაც, იმედია, მოსამართლემ დამოუკიდებლად მიიღო.

ჩემი აზრით, დეგნანის საქართველოში ელჩად დანიშვნის შემდეგ ქვეყანაში სრულიად განსხვავებული პოლიტიკური კლიმატია. მან ამ კომენტარით შეაფასა ჩვენს მართლმსაჯულებაში არსებული ვითარება. ქართულ სასამართლოს არც საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან, ამიტომ ჩნდება კონკრეტული გვარ-სახელი, რომ მის საქმეში სასამართლო ობიექტური არ იყო და მნიშვნელობა აღარ აქვს ამ ადამიანის წარსულს...

ასეთ დროს ჩნდება პოლიტპატიმრის სტატუსი. სწორედ ამაზე მიანიშნა ამერიკის ელჩმა დიპლომატიურად... მიუხედავად იმისა, რომ ასეთი იმიჯშელახული მოსამართლეების გამო აქვს გატეხილი სახელი ქართულ სასამართლოს, იუსტიციის საბჭო მაინც თავის ნათესავებს ასახელებს კანდიდატებად.

თავხედობის ზღვარს გადასცდნენ, არავინ აღმოჩნდა ხელისუფლებაში ისეთი, ვინც კლანს მოთოკავს და ეტყვის, გეყოფათ ეს გაუგონარი უსინდისობა, თქვენ გამო ქვეყნის იმიჯი ზარალდებაო. არც ივანიშვილი იღებს ხმას, რომელიც თავად ზარალდება მათ გამო, თუნდაც კონგრესმენების კრიტიკული წერილებით.

ხელისუფლება მოსამართლეების დადებულ ნაღმზე აფეთქდა, მაგრამ მაინც ჩუმად არის.

- უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ლევან თევზაძე წარადგინეს, რომელიც მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში 2019 წელსაც მონაწილეობდა. მის კანდიდატურას წინააღმდეგობა მოჰყვა, თუმცა ის პოზიციის შეცვლას არ აპირებს. - იმიტომ, რომ ის იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ცოლისძმაა. ანუ წრეზე ვტრიალებთ, ნეპოტიზმის პრევენციისთვის მექანიზმი არ არსებობს. თევზაძეც ამბობს, ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ და კონკურსში მონაწილეობის ლეგიტიმური უფლება მაქვსო.

სასამართლო კორპუსი ისეა შეზრდილი მმართველ პარტიასთან, ვინ ვისი მძევალია, ვერ გაარკვევ. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო წელია და როგორმე ნაკლები შეცდომა დაეშვათ, იმას მიაღწიეს, რომ ძველი "ოცნების" აჩრდილიღა დარჩნენ. თუნდაც ანაკლიის პროექტის ჩაფლავება რად ღირს - მთავარმა ინვესტორმა და განვითარების კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავა დაიწყეს ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთი დარტყმაა ქვეყნის იმიჯსა და საინვესტიციო გარემოზე.

- არჩევნებში რეალურ ოპონენტად ვის განიხილავთ?

- კონკრეტულად ვერ ჩამოვთვლი. სადაც კენჭს ვიყრი (მცხეთაში, თუშეთში, თიანეთში, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში), ვინც იქ ჰყავთ წარმოდგენილი, ყველა ჩემი კონკურენტი იქნება. მმართველ პარტიასაც ჰყავს თავისი კანდიდატი გუბერნატორის სახით. ახალი პარტია ვართ და არა გაქვს ისეთი ძლიერი ბერკეტები, როგორიც სხვებს, უთანასწორო ბრძოლაში ვართ ჩაბმული, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებ.