"დღეს რომ პოლიტიკაში არ ვარ, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ..." - რას ამბობს დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებაზე, ივანიშვილსა და "ნაცმოძრაობაზე"?
05-08-2020
"დღეს რომ პოლიტიკაში არ ვარ, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ..." - რას ამბობს დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებაზე, ივანიშვილსა და "ნაცმოძრაობაზე"?
"არჩევნებზე "ოცნების" წარმატების ფორმულაა ადმინისტრაციული რესურსი პლუს "მიშა საფრთხობელაა" და პლუს კოვიდ-19"

"ხანგრძლივი ფიქრის, განსჯისა და შინაგანი ბრძოლის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება ჩამოვცილდე პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას და, შესაბამისად, დავტოვო რესპუბლიკური პარტია. არსებულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ძალთა განლაგებაში, ვერსად ვხედავ ჩემს თავს და ადგილს. აქვე ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვრჩები ოპოზიციონერად და ხელისუფლების ოპონენტად. მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს არა აქვს წინსვლისა და განვითარების პერსპექტივა და ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე
დაფუძნებული პროდასავლური კოალიციური ხელისუფლებით", - ეს არის ამონარიდი რესპუბლიკური პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრის ფეისბუქ-სტატუსიდან. დავით ზურაბიშვილი kvirispalitra.ge-სთან გაერთიანებული ოპოზიციის მთავარ შეცდომებზე საუბრობს და მიაჩნია, რომ სამი თვე საკმარისია საიმისოდ, რომ ოპოზიციამ მოახდინოს ამომრჩევლის მობილიზება და არ დაუშვას ხელისუფლების გამარჯვება.

- ექსპერტ-პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ "ოცნება"
გავა პირველ ადგილას და შეიძლება არც დასჭირდეს კოალიციის გაკეთება...
- ეს, რა თქმა უნდა, რეალური ვარიანტია. არჩევნებამდე სამი თვე დარჩა და დღეს არსებული მონაცემებით, თუნდაც იმ სუბიექტური განწყობებით, რასაც მე ვუყურებ, არის იმის შესაძლებლობა, ყოველგვარი კოალიციის გარეშე ხელისუფლება კვლავ დარჩეს მესამე ვადით. რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, ასეა. ამას არ ვგულშემატკივრობ, მაგრამ ობიექტურად ეს ასე ჩანს.

- ამის მიზეზი, გაერთიანებული ოპოზიციის დაშლა-დაქსაქსვა ხომ არ არის?
- ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ერთადერთი მიზეზი. ბევრი ფაქტორია და მათ შორის, წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, პანდემიის გავრცელებამაც წინასაარჩევნოდ ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავა. ხელისუფლებამ რომ კოვიდთან დაკავშირებით წარმატებული შედეგი დადო, ამან მის რეიტინგზე სერიოზულად იმოქმედა. აქამდე ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი პრეტენზია ის იყო, რომ ესენი არაფრის გამკეთებლები არ არიან, ამიტომ კოვიდით ძალიან გაუმართლა ხელისუფლებას. ოპოზიციას რაც შეეხება, არის ასეთი ძველი ანდაზა - მიჩვეულს ნუ გადააჩვევ და მიუჩვეველს ნუ მიაჩვევო. ეს გამონათქვამი, გარკვეულწილად, საარჩევნო სიტუაციას ერგება ხოლმე იმიტომ, რომ ამომრჩეველი იგებს არჩევნებს. ამომრჩეველი თუ ეჩვევა იმას, რომ ოპოზიცია ერთიანად არის წარმოდგენილი, ამის შემდეგ, როდესაც ოპოზიციაში ხდება უთანხმოება, ეს ბუნებრივია, ოპოზიციის სასარგებლოდ არ მუშაობს. რატომ მოხდა, რომ ოპოზიცია ერთიანად იქნა აღქმული? გასაგებია, რომ საერთო მოთხოვნა იყო პროპორციული არჩევნები, ამიტომ, როცა გარკვეული სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გამო, წინა საარჩევნო ნიშნულამდე ეს ოპოზიცია ერთიანად მოვიდა, ჩემი აზრით, აქ იყო ორი ვარიანტი - ან რაღაცნაირად მუდმივად უნდა ყოფილიყო იმის დაფიქსირება, რომ ეს ერთობა დროებითია (საარჩევნო კანონის მიღებამდე) და მერე ყველა იმუშავებდა თავის კონკრეტულ ამომრჩეველზე. მეორე ვარიანტია - როცა აქამდე მოხვალ, მაშინ უნდა გააკეთო ერთიანი სია, "ამირან დევი შეიბნეს" და დაუპირისპირდე ხელისუფლებას. რაც, რა თქმა უნდა, რთული იყო. ბოლოს სააკაშვილს ჰქონდა ეს იდეა - ერთიანი სია გავაკეთოთო. ჯერ ერთი, ეს გაკეთდა ძალიან გვიან. მეორეც, იმ სიაში ის ლიდერად თავის თავს თუ მოიაზრებდა და "ნაცმოს" მის გარშემო გაერთიანებად, ბუნებრივია, ამას სხვები არ დათანხმდებოდნენ. ასეთი სიის შედგენა, ყველას ამბიცია მეტნაკლებად რომ იყოს გათვალისწინებული, ტექნიკურადაც ძალიან რთულია.

- თბილისში მაჟორიტარებზე, ასე თუ ისე, შეთანხმებას მიაღწიეს, რეგიონებში განსაკუთრებით გაჭირდა შეთანხმება...
- როგორც კი თბილისზე რაღაც დონეზე იქნა მიღწეული შეთანხმება, ამან ოპოზიციის მომხრეებში გააჩინა მოლოდინი, რომ ეს მარტო თბილისით არ დამთავრდება. ძალიან რთულია და თითქმის გამორიცხულია, ყველა მაჟორიტარზე შეთანხმდე, თუ ერთი სიით არ გადიხარ. ბუნებრივია, რეგიონებში გაჭირდებოდა იმიტომ, რომ ეს არარეალური მიზანია. ეს შეთანხმება ქვეცნობიერად, ამომრჩეველს უბიძგებს იმისკენ, რომ ოპოზიცია მაინც ერთია, ერთ თამაშს თამაშობს და ეს უკვე ხელს უშლის იმას, რომ გამოიკვეთოს კონკრეტული პარტიის კონკრეტული ამომრჩევლები. შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციური პარტიისთვის ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამომრჩეველს არ სჯერა გამარჯვების და გული უცრუვდება.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის გათვლა იყო და როგორც ამბობენ, მან მართლაც ხაფანგი დაუგო ოპოზიციას?
- არა მგონია... რაც მეტი დაპირისპირება იქნება ოპოზიციაში, ივანიშვილისთვის ხელსაყრელი კია, თუმცა ოპოზიცია სხვადასხვანაირია და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი უნდა მიჩვეოდა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში სხვადასხვანაირი პოლიტიკური პლატფორმაა, ისინი ერთი და იგივენი არ არიან. ამას შეიძლება არ ემუშავა ხელისუფლების სასარგებლოდ, მაგრამ ახლა ცოტა რთულადაა საქმე.

- ნულოვანი ბარიერი შესაძლებელია იყოს ის ფაქტორი, რამაც მისი დაშლა გამოიწვია?
- არა მგონია, მაინც ასე იქნებოდა. 75 მაჟორიტარი რომ ყოფილიყო, იქ მით უმეტეს, რთული იქნებოდა შეთანხმება.

- გითქვამთ, რომ ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, არ აქვს კითხვაზე პასუხი - რა იქნება ხელისუფლების დამარცხების შემდეგო. თქვენ რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე?
- დღეს რომ პოლიტიკაში არ ვარ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დიდი იმედები არ მქონდა, რომ რაღაც კარგი გამოვიდოდა. სერიოზული კოალიციური შეთანხმება რომ შედგეს, სადაც წამყვანი პოლიტიკური პარტიები დაახლოებით მაინც იტყვიან, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში და რას გააკეთებენ, ამის ალბათობა ძალიან დაბალი მგონია. ყველა ლაპარაკობს კოალიციურობაზე, არავინ ამბობს, მარტო მე უნდა ვმართო ქვეყანაო. და როგორ წარმოუდგენიათ ეს? მე რომ ვარ ამომრჩეველი, ვის ვაძლევ ხმას, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში? შეიძლება სიტუაცია შედარებით შეარბილოს იმან, რომ ყველა მსხვილმა ოპოზიციურმა საარჩევნო სუბიექტმა დაასახელოს, ვინ წარმოუდგენიათ მომავალი პრემიერი. კოალიციურობაზე როცა ვლაპარაკობთ, მაშინ ამას უნდა მოჰყოლოდა ერთიანი სია თუ არა, ერთიანი ჩრდილოვანი კაბინეტისმაგვარი მაინც. ახლა ძირითადად კამათი იმაზეა, ვინ სად იქნება მაჟორიტარად. ეს ვის აინტერესებს? საქართველოში პროგრამის მიხედვით არავინ არავის ირჩევს, მნიშვნელოვანი მთავარი გზავნილებია.

- ის, რომ კოვიდს წარმატებით გაართვა თავი, მხოლოდ ეს იქნება ხელისუფლების გამარჯვებაში გადამწყვეტი ფაქტორი?
- მარტო ეგ არა. ხელისუფლებას გამარჯვების დიდი შანსები აქვს. აქ სამი ფაქტორია და ეს კოვიდ-19 არის მესამე. პირველი და მთავარი იარაღი ადმინისრტრაციული რესურსია. ხალხში თუ არ არის გამარჯვების რწმენა, მაშინ ეს ადმინისტრაციული რესურსი კარგად მუშაობს. მეორე - "ოცნების" მუდმივი და ერთადერთი გზავნილია - მე თუ არა, მაშინ მიშა მოვა. ანუ "ოცნების" წარმატების ფორმულაა ადმინისტრაციული რესურსი პლუს "მიშა საფრთხობელაა" და პლუს კოვიდ-19.

- ანუ პროგნოზირებთ, რომ მესამე ვადა და გამარჯვება "ოცნებას" გარანტირებული აქვს და ისევ გარდაუვალია პოლარული არჩევნები?
- რა თქმა უნდა. სააკაშვილმაც გაიმეორა ივანიშვილის სიტყვები - შუა უნდა გაიკრიფოს, იქეთაა ივანიშვილის რეჟიმი და აქეთ ვართ ჩვენო. ეს პოლარიზაცია მეტნაკლებად არ აწყობს ოპოზიციის დიდ ნაწილს. ეს თუ მაინც გარდუვალია, ჩემი აზრით, ჯობია ჩაჰყვე იმ გაგებით, რომ მიიღო ეს გამოწვევა და ერთიან სიაზე თუ არა, ერთიან კაბინეტზე მაინც შეთანხმდნენ, რათა არ გათამაშდეს ხელისუფლება VS "ნაცმოძრაობა". ანუ ბიძინა მიშას წინააღმდეგ კი არ გათამაშდეს, არამედ ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ, ამას უნდა ცდილობდეს ოპოზიცია. წინ 3 თვეა, მაგრამ რატომღაც არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, ეს მოხდეს, ვინაიდან ამას რატომღაც არ ექცევა დიდი ყურადღება. "ნაცმოში" უფრო დარწმუნებულნი არიან, რომ არ არის იგივე მოცემულობა, რაც 2012 წელს იყო. ამასთან, "ნაცმო" მათ მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას, არასწორად, პროპაგანდით ხსნის. ეს არ არის პროპაგანდა, ეს რეალობაა. რომლის მიღებაც იქ უჭირთ. ასობით ათასი ადამიანია რეპრესიებში მოყოლილი სხვადასხვა ფორმით - ზოგს ქონება წაართვეს, ზოგი ციხეში იჯდა, ზოგს საპროცესო შეეხო, ზოგს - პირობითი, ზოგი დაშინებული იყო და ეს ხომ ყველას ახსოვს, ეს ადამიანები ხომ ამომრჩევლები არიან? ეს კიდევ მუშაობს, შეიძლება ისე ვეღარ, მაგრამ მაინც მუშაობს.

- ევროპარლამენტიდან, კონგრესმენებიდან და ა.შ. გზავნილებს თუ გავითვალისწინებთ, ივანიშვილს და მის პარტიას მათი მხრიდან ფორა ექნება?
- ფორა როგორ არ ექნება. ვთვლი, რომ მათი მხრიდან უკვე მკვდარია ეს ხელისუფლება. ერთია, რომ მათ არ აწყობთ ეს ხელისუფლება, მაგრამ ხომ უნდა იყოს რეალური ალტერნატივა? დასავლეთის ფაქტორი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლება ჩვენთან იცვლება მაშინ, როცა გარე და შიდა ფაქტორები ემთხვევა ერთმანეთს - როცა აქაც იგებ და იქიდანაც გაქვს მხარდაჭერა. 2003-ში ასე იყო, 2012-შიც, დასავლეთი რომ არა, ვერ შეიცვლებოდა ხელისუფლებები. დასავლეთის ფაქტორი არსებობს, მაგრამ ეს არასაკმარისია, საჭიროა შიგნითაც მოიგო. არ გამოვრიცხავ ამ ვარიანტსაც, ოპოზიციამ მოიგოს, მაშინ დასავლეთი არ მისცემს ხელისუფლებას საშუალებას, გააყალბოს არჩევნები და მიიღოს ლეგიტიმაცია. 3 თვეა არჩევნებამდე და ეს დიდი დროა იმისთვის, რომ ოპოზიციაში მოხდეს რაღაც ძვრები, წამოვიდეს პოზიტიური გზავნილები და მეტად მოახდინონ ამომრჩევლის მობილიზება. მეორე მომენტია, რომ შეიძლება "ოცნებამ" ჩაიდინოს რაღაც საოცრება და სრულად ამოაყირაოს სიტუაცია, ან თავის დამაზარალებელი სისულელე ჩაიდინოს, რაც არა ერთხელ უქნია ასეთ ვითარებაში. მომავალზე ცალსახა და კატეგორიული პროგნოზი არ მაქვს, თუმცა დღეს ოპოზიციისთვის არ არის ხელსაყრელი ტენდენცია და ამაზე უნდა იფიქრონ.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თვის კითხვადი სტატიები