ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახლად დანიშნული მინისტრი, თეა ახვლედიანი? - კვირის პალიტრა

ვინ არის და რა ქონებას ფლობს ახლად დანიშნული მინისტრი, თეა ახვლედიანი?

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი წარადგინა. როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა თეა ახვლედიანმა დაიკავა, რომელიც აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.

"დღეს ჩვენ გვყავს ჩვენი გუნდის ახალი წევრი, ქალბატონი თეა ახვლედიანი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი. მინდა მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან. მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა აქამდე ჯანდაცვის სამინისტროში შრომობდა, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მას დიდი გამოცდილება აქვს ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში", - განაცხადა გახარიამ.

თეა ახვლედიანი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2019 წლის ივნისში დანიშნეს, ის უწყებაში შრომითი მიგრაციის საკითხებს ხელმძღვნელობდა.

მანამდე კი ის 2014 წლიდან მოყოლებული ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას იკავებდა.

1997 წლიდან, საქმიანობას შეუდგა საქართველოს საგარეო უწყებაში, სადაც ევროკავშირთან ურთიერთობების მიმართულებით დეპარტამენტის დაარსებიდან, შესაბამისი დიპლომატიური საფეხურების გავლით, სხვადასხვა შესაბამისი პოზიციიდან მუშაობდა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე. თეა ახვლედიანი ორჯერ ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტს (2004 წელს და 2008-2014 წლებში); ხოლო 2004-2008 წლებში იკავებდა ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩოს, ევროკავშირთან საქართველოს მისიის მრჩევლის თანამდებობას. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის წარმოებისა და ევროინტეგრაციის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის პარალელურად, თეა ახვლედიანი, მუშაობდა ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციის მიზნით, სავიზო დიალოგის წარმოებაზე; ასევე, აღმასრულებელი მდივნის სტატუსით ახორციელებდა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების პროცესს.

თეა ახვლედიანი არის კარიერული დიპლომატი - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგით, რომელსაც განათლება საერთაშორისო პოლიტიკის დარგში სამაგისტრო პროგრამაზე მიღებული აქვს ბრიუსელში (Summum cum Laude) - (European Centre for International and Strategic Research (CERIS), Master of Arts in International Politics და დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

თეა ახვლედიანს ქონებრივი დეკლარაცია 2020 წლის 30 იანვარს აქვს შევსებული, რომელშიც მას ოჯახის წევრები მითითებული არ ჰყავს.

დეკლარაციის მიხედვით, თეა ახვლედიანი ფლობს თბილისში 70,74 კვ/მ ფართის ბინას, რომელიც 2016 წელს 40 000 დოლარად შეიძინა. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება ახვლედიანის სახელზე არ ფიქსირდება.

დეკლარაციის შევსების მომენტში, თეა ახვლედიანს საბანკო ანგარიშებზე ჰქონდა - 2 177,52 დოლარი, 2 009,59 ლარი, 7,13 ევრო და ასევე 413,67 დოლარი. გაგრძელება