"ქართული ოცნების" რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე " - როგორ აფასებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რამაზ საყვარელიძე? - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე " - როგორ აფასებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას რამაზ საყვარელიძე?

"ქართული ოცნების" რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოდესმე, მოსყიდვაზე ზრუნვა დამაჯერებლად არ გამოიყურება, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს"განუცხადა, ხელისუფლება მოსახლეობას პანდემიის ფონზე რომ არ დახმარებოდა, ოპოზიცია მაინც იტყოდა, რომ მთავრობას საკუთარი მოქალაქეების მიმართ დაუნდობელია.

რამაზ საყვარელიძის თქმით, ოპოზიცია ხელისუფლების ანტიკრიზისულ ღონისძიებებს იმის გამო აკრიტიკებს, რომ შემდგომ საერთაშორისო არენაზე არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენოს.

"არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე რამდენი კვლევაც ჩატარდა, "ქართული ოცნების"რეიტინგი უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმ ოპოზიციის, რომელიც დღეს ხელისუფლების მხრიდან მოსყიდვაზე საუბრობს, მათ შორის ბოლო ხანებში გაცილებით მაღალი იყო ხელისუფლების რეიტინგი ისეთ კვლევებშიც კი, რომელიც ოპოზიციის დაკვეთით ჩატარდა. გარდა კვლევებისა, ოპოზიციამ ვერცერთ არჩევნებში საკმარისი ადგილი ვერ მოიპოვა და "ქართული ოცნება"თავის პოლიტიკურ მიზანს აღწევს. ამ ფონზე, თან წელს, როდესაც "ქართული ოცნების"რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე არჩევნებამდე ოდესმე იყო, მოსყიდვაზე ზრუნვა დამაჯერებლად არ გამოიყურება. მითუმეტეს, კოვიდ-19-ის ფონზე არის ეს დახმარებები და ეს რომ არ გაკეთებულიყო, მაშინ ოპოზიცია იტყოდა, რომ "ხელისუფლება მოსახლეობის მიმართ დაუნდობელიაო". "ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები"- ასეთი სიტუაციაა. ამიტომ, ჩემი აზრით, ასეთი განცხადები ძირითადად უცხოელებისთვის კეთდება, რომ მათ არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი შეიტანონ. ვფიქრობ, ასეთი განცხადებები უფრო სამარცხვინოა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას და ადამიანებს ძალიან უჭირთ. იმის თქმა, რომ თუ ამ ადამიანები რაიმე დახმარებას მისცემენ, თავიანთ პოლიტიკურ მრწამსსა და კრედოს უღალატებენ, უპირველეს ყოვლისა, ამ ადამიანების შეურაცხყოფაა", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი განმარტებით, 2012 წელს ამომრჩეველი მოისყიდეს, დააშინეს კიდეც, თუმცა, მოქალაქეებმა მაინც "ქართულ ოცნებას"მისცეს ხმა.

"2012 წელს დარიგებითაც დაურიგეს, დაშინებითაც დააშინეს და ხალხმა მაინც ხელისუფლების ოპონენტ პარტია "ქართულ ოცნებას"მისცა ხმა. ასე, რომ ხალხს მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მათთან ამ ტიპის მეთოდები არ ჭრის. ყველამ გაიხსენოს, რომ 2012 წელს ხელისუფლების ვერავითარმა ძალისხმევამ მოსახლეობის პოლიტიკური ნება ვერ შეაჩერა. თუკი არსებობს პოლიტიკური ნება იმისა, რომ "ქართული ოცნება"ხალხს არ უნდა და "ნაციონალური მოძრაობა"უნდა, ამას ვერაფერი შეაჩერებს. თუმცა, ძალიან კარგად იციან ამ რეპლიკების ავტორებმა, რომ საქმე სულ პირიქითაა. ხალხს თუ რაიმე არ უნდა, ჯერ "ნაციონალური მოძრაობაა". მეორე, მესამე რიგში თუ "ნაციონალური მოძრაობა"პოლიტიკურ არენაზე აღარ იქნება, მერე დაფიქრდება იმაზე, "ქართული ოცნებაც"ხომ არ არის გასაშვებიო, მაგრამ სანამ ამ რეპლიკების ავტორები არიან, რომლებიც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებენ, ისინი ამ ადამიანებზე ვერასდროს გაიმარჯვებენ, ეს თვითონაც იციან", - განაცხადა საყვარელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"