"ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, მოვუაროთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას" - კვირის პალიტრა

"ჩვენი ვალია, გვახსოვდეს ყველა დაღუპული, მოვუაროთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოკუპაცია ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მისი თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქის ვალია ემსახუროს ქვეყანას, რათა საბოლოო მიზანს, ქვეყნის დეოკუპაციას მივაღწიოთ.

"უაღრესად მძიმე დღეა საქართველოს უახლოს ისტორიაში, მაგრამ ჩვენი ვალია ყველაფრის მიუხედავად პატივი მივაგოთ ყოველ დღე, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, ყოველ წუთს, გვახსოვდეს ეს ხალხი, გმირები. საქართველომ ამ ომში ასობით მოქალაქე და ჯარისკაცი დაკარგა. ოკუპირებული გახდა საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის დღეს ქართული სახელმწიფოებრიობის ყველაზე დიდი გამოწვევა. თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალია, გვახსოვდეს ყველა ეს ადამიანი, ყველა დაღუპული და ვემსახუროთ ქვეყანას, მოვუაროთ ამ ქვეყანას იმისთვის, რომ მივაღწიოთ საბოლოო მიზანს - ქვეყნის დეოკუპაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეს იქნება თითოეული ქართველის მიზანი გამარჯვებამდე",- განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"