"ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა"

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის შიდა დაპირისპირება, სიძულვილი და ბოღმა, რომელსაც დღეს ვუყურებთ, გმირების უპატივცემულობაა და ამან ხელი შესაძლოა, მხოლოდ საქართველოს მტერს მისცეს.

"დღევანდელი დღე არის უაღრესად ტრაგიკული და ამავე დროს, ეს არის იმედის დღე ამ ქვეყნისთვის და ამ სახელმწიფოსთვის. ის გმირები, რომლებიც აქ განისვენებენ, არიან რეალურად ჩვენი სახელმწიფოს ძალა, მათზე ვდგავართ დღეს თუ ვდგავართ, როგორც საქართველო მთელი თავისი წინა საუკუნეების განმავლობაში იდგა იმათ ძალაზე, ვინც თავისი სამშობლოსთვის იბრძოდნენ და იღუპებოდნენ.

ეს არის ჩვენი ბედი ამ მსოფლიოში, მაგრამ ამ ბედს ჩვენ გავუძელით, გავუმკლავდით და კიდევაც გავუმკლავდებით.

დღევანდელი საქართველოს რეალობა ის არის, რომ ჩვენ ომმა ვერ დაგვამარცხა. საბოლოოდ, ომის მიუხედავად, ოკუპიურებული ტერიტორიების მიუხედავად, ჩვენ ვართ ძლიერი დემოკრატიული, თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა. ამისი ნიშანი არის ის გამოხმაურება, რაც იყო დღეს, გუშინ და გუშინწინ ყველა ჩვენი მეგობრისგან, საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომლებსაც არ ავიწყდებათ ის რაც მოხდა, არ ეგუებიან, როგორც ჩვენ არ ვეგუებით და ეს არის ჩვენი მთავარი გამარჯვება, რომ ჩვენ წინ მივდივართ და წარმატებით მივდივართ ისე, რომ არ ვეგუებით, არ ვუთმობთ რუსეთს, ქედს არ ვიხრით.

ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ამ ჩვენს გმირებს, დღეს არის დუმილის და დაფიქრების დღე. თუ დავფიქრდებით, დღეს რაც ხდება საქართველოში, არის სირცხვილი იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა სამშობლოსთვის თუ შესწირეს თავი, ამავე დროს ღირსეული საქართველოსთვის შესწირეს თავი და დღეს საქართველო არ არის ღირსეული. ის შიდა დაპირისპირებება, რაც არსებობს, ის შიდა ბოღმა, სიძულვილი, რომელსაც ყოველ დღე გამოაქვს შედეგი ჩვენს ახალგაზრდობაზე და ჩვენ ყველა ამას ვხედავთ, ეს არის მათი უპატივცემულობა, მათი დავიწყება იმიტომ, რომ ისინი დაიხოცნენ სამშობლოსა და ერთიანობისთვის და ჩვენ ერთიანობას კი არ ვაშენებთ, დაპირისპირებაზე ვართ გადასული", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, "ჩვენ, ერთიანობის მაგივრად, ვართ ჩავარდნილი სიძულვილში", რაც ხელს აძლევს მტერს.

"ჩვენ თუ გვინდა, რომ ტერიტორიები და ხალხი გავაერთიანოთ, ამისი საწინდარი არის ჩვენი ერთობა, ამას თუ ვერ მიხვდებით, მაშინ აქ მოსვლა არ არის საჭირო. ამას თუ ვერ მიხვდებით, მაშინ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია და ფორმალობა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველო გონს მოვა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"