"რუ­სებს ქარ­თვე­ლე­ბის მხა­რეს ვე­გო­ნე, ამე­რი­კე­ლებს და ევ­რო­პის ნა­წილს კი ზედ­მე­ტად შემ­რი­გებ­ლად მი­ვაჩ­ნდი" - რას წერს აგვისტოს ომზე ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებში - კვირის პალიტრა

"რუ­სებს ქარ­თვე­ლე­ბის მხა­რეს ვე­გო­ნე, ამე­რი­კე­ლებს და ევ­რო­პის ნა­წილს კი ზედ­მე­ტად შემ­რი­გებ­ლად მი­ვაჩ­ნდი" - რას წერს აგვისტოს ომზე ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებში

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

მაშინ აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. სარკოზიმ 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. 8 სექტემბერს კი, მედვედევთან და სააკაშვილთან სამშვიდობო გეგმის ახალი დეტალები დააზუსტა.

სწორედ 2008 წლის მოვლენებზე წერს დეტალურად ნიკოლა სარკოზი მემუარული წიგნში Le Temps des Tempêtes (ქარიშხლების დრო). ის დეტალურად იხსენებს, როგორ დაიწყო ყველაფერი მაშინ, როდესაც თავად პეკინის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა. ავტორი მემუარულ ჟანრში ვრცლად აღწერს ომს და მოლაპარაკების პროცესში მის პირად მონაწილეობას.

თავაზობთ ნაწყვეტს სარკოზის წიგნიდან, რომელიც საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბუბა კუდავამ თარგმნა:

8 აგვისტო, 2008. პეკინი. ოლიმპიადის გახნის ცერემონია სტადიონზე

გაფითრებული და მკაცრი სახით მოემართება ჩემსკენ ჩემი დიპლომატიური გუნდის უფროსი და ამავდროულად "შერპა" ჟან-დავიდ ლევიტი. "ახლახან შევიტყვე უკიდურესად შემაშფოთებელი ამბავი. რუსეთის არმია საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პროცესშია. როგორც ჩანს, ქვეყნის დაპყრობა უნდათ. ახლა ვამოწმებ ამ მოვლენების სინამდვილეს".

ვლადიმერ პუტინი ჩემგან ოც მეტრში იყო. მაშინვე გავემართე მისკენ. ვთხოვე, ორმოცდარვა საათი მოეცა, ამბის ჩასაწყნარებლად. მკაცრი უარი მითხრა "Niet, niet, niet".

აქ ნამდვილად არ იყო ამგვარი დისკუსიისთვის შესაფერისი ადგილი. თან, არ მინდოდა საჯარო სკანდალი. ნამდვილად ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ცუდად დასრულებულიყო. ბოლოს ტრიბუნაზე ჩემს ადგილს დავუბრუნდი და აღვფრთოვანდი გახსნის ცერემონიის სოცარი სილამაზით. პეკინში იმ დილით ჩამოვედი და ცერემონიის დასრულებისთანავე უკან უნდა გავფრენილიყავი. ლუი მახლდა თან, ჩემი 11 წლის შვილი. დიდი სიჩქარით გადავკვეთეთ ღამის პეკინი. პრეზიდენტის თვითმფრინავში შევედით თუ არა დაღლილობისგან მოვიცელეთ. რამდენიმე წუთით ჩემს თანმხლებ გუნდს გავესაუბრე. "სამწუხაროდ, ფაქტები დასტურდება" - იყო ჟან-დავიდ ლევიტის პირველი კომენტარი.

ამ შუაღამეს არაფრის გაკეთებას ან მცდელობას აზრი არ ჰქონდა. ჩემი თვითმფრინავი ტულონში უნდა დაშვებულიყო, რომ 15 აგვისტოს უქმეები კაპ ნეგრზე გამეტარებინა, სადაც უკვე კარლა მელოდებოდა. ზუსტად დილის საუზმისთვის მივედი. ჯადოსნური დილა იყო, მზე უკვე კარგად აცხუნებდა. ჩემი ცოლი მელოდებოდა. ზღვა ფარფლებით დაფარულ ტბას გავდა, რომელზეც თვალისმომჭრელი სინათლე ბრწყინავდა. თვითმფრინავში გატარებული გრძელი ღამის შემდეგ დაღლილობა გამიქრა.

ყოველდღიურ ჯოგინგზე გავემართე. დაბრუნებულს მითხრეს, რომ პარიზში ჩასულმა ჟან-დავიდ ლევიტმა ორჯერ სცადა ჩემთან დაკავშირება. გადავურეკე უსაფრთხო კავშირით, რომელიც უკვე დააყენეს აქ. ცუდი ამბები იყო, რუსეთის არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო და უარესიც, დედაქალაქ თბილისისკენ მიემართებოდა. მსოფლიო შოკში იყო.

გადავწყვიტე რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევისთვის დამერეკა. ამ პირველმა გადაწყვეტილებამ დიპლომატების ცხარე კამათი გამოიწვია. იყვნენ ისეთები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ იმ დროს ნამდვილი და ერთადერთი პატრონისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის უნდა დამერეკა და ისეთები, რომლებიც პროტოკოლური წესების პატივისცემისკენ, პრეზიდენტის პრეზიდენტთან საუბრისკენ იხრებოდნენ. მე ამ მეორე შეთავაზების სასარგებლოდ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან ვფიქრობდი რომ სხვაგვარი ქმედებით პრეზიდენტ მედვედევს დავამცირებდი, რასაც ნამდვილად არ იმსახურებდა.

და ისიც მესმოდა, რომ კრიზისის სიმწვავის გათვალისწინებით, თუ პუტინს მოუნდებოდა ჩარევა, უკან ნამდვილად არ დაიხევდა. ასე რომ, მხოლოდ მომგებიანი იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე, მედვედევით დაგვეწყო. ყოველგვარი სირთულის გარეშე დავუკავშირდი. სიტუაცია მიუღებელი იყო, მაგრამ უნდა მქონოდა გულწრფელობა მეღიარებინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა მოვლენების დასაძაბად. გაგრძელება