"ძველი ნარატივი - წყენა დავივიწყოთ და რუსებს დავუტკბეთ, უკვე იმდენჯერ განმეორდა, რომ ჩნდება განცდა, დასავლეთს ან სწავლა არ შეუძლია, ან არ სურს" - კვირის პალიტრა

"ძველი ნარატივი - წყენა დავივიწყოთ და რუსებს დავუტკბეთ, უკვე იმდენჯერ განმეორდა, რომ ჩნდება განცდა, დასავლეთს ან სწავლა არ შეუძლია, ან არ სურს"

"თუ სარკოზი ფიქრობს, რომ 6-პუნქტიანი შეთანხმება, რომლის შეუსრულებლობაში თვითონვე გადამწყვეტი როლი ითამაშა, დიდი წარმატებაა, ეს არასერიოზულია"

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰენდრიკ ილვესი ერთ-ერთი იყო სახელმწიფოს მეთაურთა იმ დელეგაციიდან, რომელიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს ეწვია და ხალხსა და ქვეყანას მხარდაჭერა აღუთქვა - როგორც ამბობს, ეს იყო დაპირება, რომლის ერთგულიც ის დღემდე რჩება. 12 წლის შემდეგ პრეზიდენტ ილვესს აგვისტოს ომსა და მის მნიშვნელობაზე ვესაუბრეთ.

- მე და პრეზიდენტმა კაჩინსკიმ გადავწყვიტეთ, რადგან მსოფლიო პოლიტიკური ელიტა საკმარის ყურადღებას არ აქცევდა იმას, რაც ხდებოდა საქართველოში, უნდა ჩამოვფრენილიყავით. ამავე აზრზე იყვნენ ლატვიის პრემიერიც და ლიტვის პრეზიდენტი ადამკუსიც. პირდაპირ თბილისში ვერ ჩამოვფრინდით, რადგან რუსებმა ქართულ საჰაერო ზონაში შემოსვლის უფლება არ მოგვცეს, ასე რომ, განჯაში მოგვიწია დასხდომამ. შემდეგ ავტომანქანით 180 კილომეტრი გავიარეთ და საქართველოში ფაქტობრივად მთვარის შუქზე ჩამოვედით, რადგან შემოსვლისას ფარები ჩაგვაქრობინეს. გვითხრეს, შეიძლება რუსებმა გესროლონ ან დაგბომბონო. ჩამოვედით თბილისში და პირდაპირ პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან წაგვიყვანეს, სიტყვით გამოვედით, ვეცადეთ გაგვემხნევებინა. გაუხარდათ ჩვენი გამოჩენა, მით უმეტეს, რუსები 30 კილომეტრში იდგნენ და არავინ იცოდა, რა მოხდებოდა. შემდეგ შევხვდით პრეზიდენტ სარკოზის, რომელმაც გვითხრა, რომ ამ დილემიდან გამოსავალი იპოვა - გამოსავალი, რომელზეც თვე-ნახევრის შემდეგ თვითონვე თქვა უარი.

- რა გამოსავალს გულისხმობთ? - რომ ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობა გაიყინებოდა, სანამ რუსები სამხედრო დანაყოფებს არ გაიყვანდნენ, შემდეგ კი თავად დათმო მეექვსე პუნქტის ეს კომპონენტი, რამაც ვნახეთ, სადამდეც მიგვიყვანა - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღემდე შეუსრულებელია.

- ახლახან გამოქვეყნდა სარკოზის მემუარები, სადაც ის დეტალურად იხსენებს აგვისტოს ომის მოვლენებს. საგულისხმოა პასაჟი, სადაც ის ამბობს:, რომ სააკაშვილს ძალიან სურდა ეროვნული სენტიმენტებისთვის აება მხარი და საბოლოოდ რუსი დათვი გააღვიძაო. რას იტყოდით მის ამ შეფასებაზე? - ჯერ თავად სარკოზის ქმედება შევაფასოთ: ის ამბობდა, რომ "მშვიდობას მიაღწია", შემდეგ კი ევროსაბჭოს ყრილობაზე მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ მოსკოვში მისი გაჩარხული გარიგება არ შეიცავდა მთავარ გარანტიას - ბერკეტს, რომელიც რუსეთს აიძულებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეესრულებინა. იმავე შეხვედრაზე, დიდწილად ფრანგების დაჟინებით, გადაწყდა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა არ შეეწყვიტათ. მახსოვს, წამოიძახა: "მადლობა ღმერთს, საღმა აზრმა გაიმარჯვა!" - ასე რომ, ცოტა მიჭირს სარკოზის შეფასებების უმეტესობის სერიოზულად აღქმა.

- ზოგისთვის ეს შეთანხმება დღემდე დასავლური დიპლომატიისა და კონფლიქტის მოგვარების წარმატებული მაგალითია. - მე არც თავიდან მიფიქრია, რომ ეს წარმატება იყო და არც შემდეგ შემიცვლია აზრი. ეს თავსმოხვეული ნარატივია იმ ხალხისგან, ვისაც სურს ეს შეთანხმება წარმატებად გაასაღოს. დატოვეს რუსმა სამხედროებმა ქართული ტერიტორიები? არა, შესაბამისად, არანაირ წარმატებაზე არ შეიძლება საუბარი. თუ სარკოზი ფიქრობს, რომ შეთანხმება, რომლის შეუსრულებლად დარჩენაში თვითონვე გადამწყვეტი როლი ითამაშა, დიდი წარმატებაა, ეს არასერიოზულია.

- 12 წელი, ალბათ, საკმარისი დროა, რათა აგვისტოს ომი ბოლომდე გავიაზროთ. როგორია მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა? - 2014 წელს ყირიმისა და დონბასის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აგრესორთან ლოლიავი მას მხოლოდ მადას უღვიძებს. დასავლეთისა და ლიბერალური დემოკრატიის უეფექტო რეაქციამ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცებაზე დაანახა კრემლს და პუტინს, ისევ შეგიძლიათ მსგავსი რამ ჩაიდინოთ და ისევ შეგრჩებათო. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა - უკრაინის კრიზისი ჯერ კიდევ გადაუჭრელია.

- ფიქრობთ, რომ დასავლეთს მეტის გაკეთება შეეძლო? რას გულისხმობთ "მეტში"? - მაგალითად, სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ - ჩვენი პასუხი ბევრად უფრო მტკივნეული უნდა ყოფილიყო. პასუხგაუცემლობამ რუსეთი უფრო გაათამამა. ცოტა ხანში კი ვნახეთ ე.წ. გადატვირთვის მცდელობა, რითაც რუსეთს, ფაქტობრივად, ვუთხარით: "მერე რა, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში შეიჭერი, ჩვენ მაინც გვსურს შენთან კარგი ურთიერთობა".

- ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ომს წინ უძღოდა, იყო ნატოს სამიტი ბუქარესტში. ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის მაპ-ის ნაცვლად ბუნდოვანი დაპირების მიცემამ რუსეთს ქმედებისკენ უბიძგა. საქართველოს რომ მაპ-ი მართლაც მიეღო ბუქარესტში, რუსეთს საქართველოში შემოჭრას გადააფიქრებინებდა? - ვერ გეტყვით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მწამს, რომ ბუქარესტის სამიტის გზავნილი იყო ახდენილი ოცნება რუსებისთვის. მათ დაინახეს, რომ დასავლეთი ამ საკითხს სერიოზულად არ უდგებოდა, რომ მაპ-ის მოცემის ნაცვლად გითხრეს, ნატოს წევრები გახდებით, მაგრამ ვინ იცის, როდისო, შეიძლება 100 წლის მერეც. ეს არასერიოზული დამოკიდებულება რუსეთისთვის მწვანე შუქის ანთების ტოლფასი იყო.

- რა არის აგვისტოს ომის მთავარი გაკვეთილი და ისწავლა თუ არა დასავლეთმა ის? - აგვისტოს ომის გაკვეთილი, როგორც თქვენ უწოდებთ, დასავლეთს მართლაც რომ ესწავლა, 2014 წლის მოვლენები არ მოხდებოდა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინამ ასწავლა რამე, რადგან სულ ახლახან პრეზიდენტი მაკრონი გამოვიდა და, ფაქტობრივად, თქვა, დავივიწყოთ უკრაინა, რუსეთთან კარგი ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანიაო. ისევ ძველი ნარატივი - წყენა დავივიწყოთ და რუსებს დავუტკბეთ. ეს უკვე იმდენჯერ განმეორდა, რომ ჩნდება განცდა, დასავლეთს ან სწავლა არ შეუძლია, ან არ სურს, რაც შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს.

ვაჟა თავბერიძე

ინტერვიუ მომზადდა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პროექტის "პუტინის რუსეთის გაგება" ფარგლებში