“მიჭირს, სარკოზის ნათქვამი სერიოზულად აღვიქვა” – პრეზიდენტი ილვესი 2008 წლის ომზე - კვირის პალიტრა

“მიჭირს, სარკოზის ნათქვამი სერიოზულად აღვიქვა” – პრეზიდენტი ილვესი 2008 წლის ომზე

"თუ მართლა გინდა ხალხს დაეხმარო, ანკესი უნდა მისცე და არა თევზი", - ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია ხუხაშვილი მთავრობის ანტიკრიზისული სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპს. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულების დახმარებას ითვალისწინებდა, დაიხურა და მთავრობა მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური დახმარების მესამე ეტაპს იწყებს.

- ასეთ რთულ ვითარებაში მორალური უფლება არა გვაქვს ვთქვათ, ხალხს არ უნდა დავეხმაროთო. უნდა დავეხმაროთ, მაგრამ იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რატომ მივედით ასეთ მძიმე ვითარებამდე.

სამწუხაროდ, ჩვენთან ეკონომიკური კრიზისი მხოლოდ პანდემიით არ არის განპირობებული. ჩვენი ხელისუფლება ხალხს თევზს უყრის, ანკესს კი არ აძლევს.

კაცს სამუშაო უნდა მისცე, ღირსეული შემოსავალი გაუჩინო. ის მერე ხელისუფლებაზე უკეთ გადაწყვეტს, რა სჭირდება. დღეს მიცემულ თევზს რომ შეჭამენ და ხვალ ისევ მოშივდებათ, რა ქნან?

ხელისუფლება სოციალურ დახმარებად რაღაცას აძლევს, მაგრამ სისტემური რეფორმების გატარებისთვის, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის არაფერს აკეთებს. რაც მთავარია, სოციალური პაკეტები უკავშირდება პოლიტიკურ დღის წესრიგს, ათასგვარი მანიპულაციისა და პოლიტიკური კამათის საფუძველია და ისევ არასტაბილურ ვითარებას ვიღებთ. ერთჯერადი დახმარებებიც რაზეა გათვლილი? - მოდი, ახლა რაღაც მივცეთ და მერე ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო. ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის ხედვა არა აქვთ, არც აინტერესებთ, ჰქონდეთ.

ერთადერთი გამოსავალი რეალობისთვის თვალის გასწორებაა, ეკონომიკაში პრიორიტეტების რადიკალური ცვლილება და რეალური სექტორის აგრესიული სტიმულირება. იცით, ჩვენი მთავარი პრობლემა რა არის? დღემდე მომხმარებელი ქვეყანა ვართ, მათ შორის კვების პროდუქტებისაც. რუსული და თურქული პროდუქტით სავსეა ქართული ბაზარი. დაახლოებით მილიარდი დოლარის პროდუქტს ვყიდულობთ უცხოეთში. წარმოიდგინეთ, ამ ღირებულების პროდუქტი საქართველოში რომ იწარმოებოდეს, რამდენად იხეირებდა ქვეყანა, რამდენი კაცი დასაქმდებოდა, რამდენად სტაბილური ეკონომიკა გვექნებოდა. ჩვენ ამ სექტორის განვითარება მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისთვის კი არა, უპირველესად სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვჭირდება.

პანდემიის გამო ქვეყნის დაკეტვა რომ გახდეს საჭირო, რასაც ვჭამთ და ყოველდღიურად მოვიხმართ, იმის წარმოება მაინც ხომ უნდა შეგვეძლოს?!

- მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები და ვალდებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების დროს გაფორმდა, მისცემს თუ არა ხელისუფლებას შესაძლებლობას უარი თქვას სხვა ქვეყნების თუნდაც უხარისხო პროდუქტის გასაღებაზე? - ეს იყო წინა ხელისუფლების მანკიერი პოლიტიკა, რომელიც ამ ხელისუფლებამ განაგრძო. რა თქმა უნდა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების წინაშე აღებულ ვალდებულებებს მარტივად თავს ვერ დავაღწევთ, მაგრამ სახელმწიფო ინტერესი უნდა დადგეს ყველაზე მაღლა და მოლაპარაკება ვაწარმოოთ, თუნდაც გარდამავალ პერიოდზე. უნდა ვთქვათ, რომ საჭიროა კორექცია, რომ პროტექციონისტული პოლიტიკა ახლა აუცილებელია. ასე იქცევა თითქმის ყველა ქვეყანა. ხალხს სულაც არ სჭირდება მათხოვრობა და სოციალური დახმარების პაკეტები, მას სამუშაო სჭირდება. ეს კარგად იცის ამ ხელისუფლებამ, მაგრამ მას ხელს არ აძლევს ფინანსურად დამოუკიდებელი ამომრჩეველი. ის უფრო მოსწონს, როცა წინასაარჩევნოდ 200 ლარად შეგიძლია ამომრჩევლის ყიდვა.

- ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათ აქვთ ქვეყნის ჩიხური სიტუაციიდან გამოყვანის რესურსი და პოლიტიკური ნებაც. - როდესაც "დაპირებების დოღი" იწყება, ყველა პარტია ცდილობს მეტი თანხა დაასახელოს, მეტი პირობა მოგვცეს. ოპოზიცია ერთი მხრივ, ამბობს, რომ დახმარების პაკეტით ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ხალხის მოსყიდვას ცდილობს, მეორე მხრივ კი, დახმარებები უნდა გაორმაგდესო. მოსახლეობაში ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილების გაშვება არა მგონია ხელს აძლევდეთ. ხელისუფლებას ახლა ნამდვილად არა აქვს იმის საშუალება, რომ დიდი თანხები ჩადოს სოციალურ პაკეტებში. მეტსაც გეტყვით, ჯობდა ეს თანხები ეკონომიკის განვითარებას მოხმარებოდა. დახმარებას, თუნდაც ის პოლიტიკურად იყოს მოტივირებული, მივესალმები, თუმცა, როდესაც ბაზარზე დიდი თანხა გამოდის და ეს არ არის გამაგრებული ეკონომიკური ზრდით, იწყება ინფლაციური პროცესები - ანუ ის მოქალაქე, ვისაც დღეს დაეხმარებიან, ხვალ უფრო გაღარიბდება, მომავალ წელს უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება.

- როდესაც პრემიერმა გვითხრა, რომ წინ ღრმა ეკონომიკური კრიზისი გველის, თქვენი ვერსიით, ის გულწრფელი იყო, თუ ამომრჩეველი შეაშინა? - თავი დაიზღვია, თუ სოციალური აფეთქება დაიწყება, სათქმელი ექნება, ხომ გაგაფრთხილეთო.

ხათუნა ბახტურიძე