"საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე, თუ რა მოხდა 12 წლის წინ" - კვირის პალიტრა

"საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე, თუ რა მოხდა 12 წლის წინ"

"მაინცდამაინც ხალხი ქუჩაში უნდა გავიდეს, რომ პროფესიონალურად წარმართონ გამოძიება?!"

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა, თუმცა დღესაც უამრავი კითხვაა უპასუხო როგორც ომის დაწყების პირობების, ისე - უშუალოდ საომარი მოქმედებების თაობაზე. ერთ-ერთი, ვინც დიდი როლი ითამაშა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ მემუარები გამოსცა სათაურით: "ქარიშხლების დრო". წიგნში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა 2008 წლის ომის მოვლენებს. "ეს იყო ჩემი პირველი ქარიშხალი ევროკავშირის პრეზიდენტის რანგში," - წერს სარკოზი აგვისტოს ომზე. ის ჰყვება რუსეთსა და საქართველოში ჩასვლის დეტალებზე და ამბობს, მოლაპარაკებებისას უნდა მეღიარებინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მანამდე ყველაფერი გააკეთა მოვლენების დასაძაბავადო. "სააკაშვილს თანამოქალაქეების ეროვნულ გრძნობებზე მოქმედება სურდა, სამაგიეროდ კი მხოლოდ რუსული დათვის გაღვიძება მოახერხა. მისი ბუნაგში დაბრუნება სასიამოვნო საქმე არ იქნებოდა", - წერს ექსპრეზიდენტი. სწორედ ამ თემით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან:

- იმ მძიმე დღეებიდან გავიდა 12 წელი და ჩვენი უმთავრესი შეცდომა, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო ძვირი გვიჯდება, ის არის, რომ ეს მოვლენები არც სამართლებრივად და არც მორალურად არ შეფასდა. ჩვენმა საზოგადოებამ ისევ არ იცის სიმართლე მომხდარის თაობაზე. არ ვიცით, რა ხდებოდა ომის დროს, არც ის, რა იყო ომამდე თუ მის მერე - ვგულისხმობ, მაგალითად, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას, რომლის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებებში სარკოზი იყო მთავარი ფიგურა. საზოგადოებამ კი არა, პარლამენტში მყოფი პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმაც არ იცის, რა წერია ამ შეთანხმებაში. არც ის არის გარკვეული, მართლაც არსებობს თუ არა დოკუმენტის ორი ვარიანტი, რომელთაგან ერთს მედვედევმა და სარკოზიმ მოაწერეს ხელი, მეორეს კი - სააკაშვილმა და სარკოზიმ. ბევრი უპასუხო კითხვაა ამ შეთანხმების მე-6 პუნქტის თაობაზეც, რომელიც გულისხმობდა ჩვენი რეგიონების სტატუსის გადაწყვეტას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ცნობილია ასეთი ამბავიც, თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ნაწილი, მაგალითად, კაჩინსკი, სთხოვდა სააკაშვილს, არ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე, რათა მსოფლიო თანამეგობრობის თვალში ოკუპაცია დადასტურებულიყო იმ ფორმით, როგორიც სინამდვილეში იყო... მოკლედ, ბევრი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომლებიც საზოგადოებამ არ იცის. ჩემთვისაც კი, ვინც წლებია, ვსწავლობ ამ საკითხებს, ბევრი რამ არის უცნობი. ჩვენი უზარმაზარი შეცდომაა, რომ ეს ყველაფერი არ შევაფასეთ, სიმართლე არ გავარკვიეთ და დამნაშავეებს თავისი არ მივუზღეთ.

შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ქართულმა მხარემ დაიწყო ომი, მაგრამ ქართულმა მხარემ, სააკაშვილის მეთაურობით, კარგად იცოდა, რომ რუსეთი ომს აპირებდა, კრემლი ხაფანგს გვიგებდა... პუტინი ომისთვის 2006 წლიდან ემზადებოდა და მიუხედავად ამისა, შეგნებულად გაყვეს ხაფანგში თავი. თუ მიაქციეთ ყურადღება, "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს დაამკვიდროს შეხედულება, რომ ომი 8 აგვისტოს კი არა, 7-ში დაიწყო. ეს ხდება, რათა გადაფარონ ტალიავინის დასკვნის მიხედვით ბრალდება, რომ ქართულმა მხარემ 8-ში გამთენიისას პირველმა დაიწყო საარტილერიო შეტევა და ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში დაამკვიდრონ აზრი, რომ 7-ში შემოიჭრა რუსეთი და ეს იყო ამ შემოჭრაზე პასუხი. ვითომ თვითონ არაფერში იყვნენ დამნაშავეები! არადა, დამნაშავეები იყვნენ არა მხოლოდ იმაში, რომ საბაბი მისცეს მოწინააღმდეგეს, არამედ იმაშიც, რომ მიატოვეს მოსახლეობა და ჯარის ნაწილებიც. გახსოვთ, ალბათ, რა ბაკქანალია იყო... ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ბორდერიზაციის თემა რაიმე კონკრეტულ დოკუმენტს ეყრდნობა, თუ ეს მხოლოდ რუსების თავნებობაა. ბევრი ლაქაა იმ პერიოდის ქართულ ისტორიაში, რომლის გაშიფვრა და გაანალიზება არ მოინდომა შემდგომმა ხელისუფლებამ, რაც ძალიან ცუდია. სარკოზის მემუარების რუსეთ-საქართველოს ომის ნაწილი ამ ვითარებაში არის დამატებითი ინფორმაცია და არა - მთავარი. სარკოზის ისეთი არაფერი უთქვამს, რაც ჩვენც არ ვიცოდით, მაგრამ ეს ცოდნა არის ზოგადი და ასეც დარჩება, თუ მომხდარს არ შევისწავლით და არ შევაფასებთ...

- დავუბრუნდეთ დღევანდელობას. ქვეყანა საარჩევნო პროცესშია. წინასაარჩევნო კამპანია სულ უფრო აქტიურდება, სახელისუფლებო პარტიის შემდეგ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა "ევროპულმა საქართველომაც". დღევანდელ ვითარებას თუ გადავხედავთ, რას ელოდებით, როგორ შეიძლება განაწილდეს მანდატები მომავალ პარლამენტში? - ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ საზოგადოებაში ანტაგონიზმი ძალიან ღრმაა და ოპოზიციურ სპექტრს თავისი მხარდამჭერები ჰყავს, მაინც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს. არა 40%-იანი და მეტი მხარდაჭერით, მაგრამ კოალიციის შექმნა არ გაუჭირდება, რადგან ვფიქრობ, ბევრი პატარა პარტია მოახერხებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, მათ შორის ისეთებიც, ვისაც "ოცნება" მეგობრად მიიჩნევს. რომ არ ვილაპარაკოთ ადმინისტრაციულ რესურსზე, ფინანსურ საშუალებებსა და სხვა შესაძლებლობებზე, კვლავ აქტუალურ თემად რჩება "ნაცმოძრაობის" მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება, უფრო ძლიერი სხვა პარტია კი კვლავაც არ ჩანს. სამწუხაროდ, "ლელომ" ვერ შეძლო ე.წ. მესამე ძალად ქცევა.

"ნაციონალებმა", ალბათ, უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, რა გააფუჭეს ასე ძალიან ქვეყანაში, რომ წლების მერეც საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, ოღონდ "ნაცები" არა და სხვა ვინც უნდა იყოსო...

არის ელექტორატის ნაწილი, რომელიც ძალიან გაღიზიანებულია "ოცნების" მიმართ, მას არც "ქართული ოცნება" უნდა და არც - "ნაციონალური მოძრაობა", შესაბამისად, სწორედ ამ სპექტრის ამომრჩევლის ხმები განაწილდება პატარ-პატარა პარტიებზე. ეს მაძლევს საფუძველს, ვიფიქრო, რომ წვრილ-წვრილი პარტიები ბევრ ხმას მოაგროვებენ. მოკლედ, ამომრჩევლის ხმები გაიფანტება. ამიტომ, ვფიქრობ, მომავალი პარლამენტი იქნება ძალიან ჭრელი. ამ ვითარებაში "ქართულ ოცნებას", ჩემი აზრით, არ გაუჭირდება ხელის წაკვრა ე.წ. მეგობარი პარტიებისთვის, რომლებთანაც კოალიციას ჩამოაყალიბებს. ოპოზიციური ლიდერების ბაქიბუქი, რომ დაამარცხებენ მმართველ ძალას, ცარიელი ლაპარაკია. ერთმანეთთანაც კი ვერაფერზე მოულაპარაკიათ, რასაც საზოგადოებაც ხედავს, არ იციან, რეგიონებში როგორი სტრატეგიით იბრძოლონ... რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" გააყალბოს არჩევნების შედეგები... ჯერ ერთი, ჩემი აზრით, იმდენი ხალხი მივა არჩევნებზე, რომ გაყალბების შანსი მნიშვნელოვნად შემცირდება, ამის გარდა, ხელისუფლება იმ მასშტაბური კრიტიკის შემდეგ, რაც ბოლო ხანს დასავლეთიდან წამოვიდა, ხვდება, მისი გამარჯვების შემთხვევაში რაოდენ მნიშვნელოვანია დასავლეთიდან ლეგიტიმაციის მიღება, ამიტომაც, ვფიქრობ, ზედმეტ რისკზე არ წავა. ალბათ იქნება დარღვევები, როგორც ყველა არჩევნებზე, მაგრამ არა - მასშტაბური...

- ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს როგორ შეაფასებთ? - ცხადად ჩანს, რომ დღეს ოპოზიციური პარტიები გამარჯვებაზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, ვინ იქნება არჩევნების შემდეგ პირველი ოპოზიციური ძალა. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში პროცესები ისე მიმდინარეობდა, აშკარად ჩანდა, რომ "ნაცმოძრაობისთვის" მთავარი მტერი "ქართული ოცნება" კი არ იყო, არამედ "ევროპული საქართველო", რომლის დღევანდელმა ლიდერებმა, ფაქტობრივად, დაშალეს "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან სერიოზული წარმომადგენლობა პარლამენტში.

მომავალ არჩევნებზეც ისინი იქნებიან ერთმანეთის კონკურენტები და ეს ლაპარაკი ოპოზიციის ერთიანობაზე იყო ბლეფი. ხომ ხედავთ, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები უკვე იმას ამბობენ, ჩვენ მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის გამო ვიყავით გაერთიანებულიო, არადა, მანამდე სულ სხვას ლაპარაკობდნენ. სხვათა შორის, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ცოლმა ისიც კი თქვა, ჩვენი მოწინააღმდეგე ორთავიანი გველეშაპია, რომლის ერთი თავი ბიძინაა, მეორე კი - მიშაო.

- თქვენც ახსენეთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და სააკაშვილს ისევ მთავარ კონკურენტად განიხილავს "ქართული ოცნება" და დაახლოებით ასეთი შინაარსის გზავნილს სთავაზობს ამომრჩეველს - მე შეიძლება კარგი არ ვარ, მაგრამ ის უარესიაო... სააკაშვილის აქტიურობა უფრო აფრთხობს იმ ამომრჩეველს, რომელსაც მისი ხელისუფლებაში მობრუნება კატეგორიულად არ სურს... - ფაქტია, თითქმის ყველა არჩევნებზე "ქართული ოცნება" ცდილობდა, მთავარ კონკურენტად "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი წარმოეჩინა, რადგან ხედავდა მათ მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ითქვას, რომ მოსწონს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ვინმეს, ის ყველაზე მკაფიო და ძლიერი ფიგურაა მთელ ოპოზიციურ სპექტრში. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ მისი ძლიერი მხარეების დაუნახაობა სიბეცე იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ის, როგორც საფრთხე ამ ხელისუფლებისთვის, ყველაზე რეალურია, მით უფრო, რომ მხოლოდ ელექტორატის ნაწილს კი არ აკონტროლებს საქართველოში, მას ასევე აქვს ძალიან კარგი ურთიერთობები საერთაშორისო ასპარეზზე, ბევრი ფული და ამასთანავე - ამ ყველაფრის გამოყენების ნიჭი. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა ბოლო ხანს კონგრესმენთა ნაწილის მოქმედებაში.

მიხეილ სააკაშვილი ძალიან ეფექტიანად ამუშავებს ლობისტურ ჯგუფებს, მჭიდროდ თანამშრომლობს და კარგად იყენებს ისეთ დიდ და გავლენიან ჯგუფს, როგორიც არის ევროპის სახალხო პარტია. ამას აკეთებს იმ სერიოზული დესანტის დახმარებით, რომელიც ჰყავს უკრაინაში.

მან იქ შექმნა მინიპოლიტიკური პლატფორმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესების მრავალმხრივ გაკონტროლებას ცდილობს და მათ შორის - დასავლური სტრუქტურის გამოყენებითაც. "ნაციონალურ მოძრაობას", რა თქმა უნდა, სჭირდება სააკაშვილის აქტიურობა - სხვანაირად საკუთარი ელექტორატის მობილიზება გაუჭირდებათ... რაც ხდება, ყველაფერი "ქართული ოცნების" ბრალია. მესმის, რომ თავის დროზე კონკრეტული სახის კოაბიტაცია აუცილებელი იყო, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ, მაგრამ კოაბიტაციასაც გააჩნია - ამას ასეთი მახინჯი ფორმა არ უნდა მიეღო. ადამიანების დასჯაზე არ არის ლაპარაკი, აქ მნიშვნელოვანი იყო, ძალიან ბევრ საკითხს მოჰფენოდა ნათელი, მათ შორის - 2008 წლის ომს.

- გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პანდემიის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით დაწყებული ანტიკრიზისული გეგმის მესამე ნაწილი წარადგინა. გახარიას თქმით, ყველა თვითდასაქმებული, ვინც მთავრობას 300-ლარიანი დახმარებისთვის მიმართა, მათ შორის ისინი, ვინც წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, ამ დახმარებას უპირობოდ მიიღებს; ასევე ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში 200 კვტ/სთ-ზე ნაკლები ელექტროენერგიისა და 200 მ3-ზე ნაკლები გაზის მოხმარების საფასურს მთავრობა გადაიხდის; 17 წლის ჩათვლით თითოეულ მოზარდს, სოციალური სტატუსისა და ოჯახში ბავშვების რაოდენობის მიუხედავად, ერთჯერადად 200 ლარი ჩაერიცხება და ა.შ. პრემიერის თქმით, სოციალური დახმარების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია. სოციალური გეგმის წარდგენამ პოლიტიკურ ასპარეზზე არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნება" სოციალურ პროექტებს შირმად იყენებს, სინამდვილეში კი არჩევნებამდე სამი თვით ადრე ასეთი საყოველთაო ფულადი დახმარება სხვა არაფერია, თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვა... - ოპოზიციის გამკვირვებია... ჯერ იყო და, თავს იკლავდნენ, გინდა თუ არა სოციალური დახმარების პაკეტები გაზარდეთ და ხალხს 1000-1000 ლარი დაურიგეთო, ახლა - მოსყიდვააო... როგორც აწყობთ, ისე ლაპარაკობენ და ვერ ხვდებიან, რომ საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი ამას აღარ "ჭამს". ეს სოციალური პაკეტები და დახმარება ძალიან კარგია, ცოტაა საქართველოს მწირი რესურსებიდან გამომდინარე, მაგრამ ოდნავი შვება მართლაც იქნება ადამიანებისთვის... ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს მთავრობა გახარიას მეთაურობით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დგამს, ძირითადად, სწორი და გააზრებულია, თუმცა არის შეცდომებიც... სოციალური დახმარება კარგია, მაგრამ ეს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად საკმარისი არ იქნება... ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მძლავრი ეკონომიკური განვითარების პროგრამის დროულად შექმნა.

- გახარიამ ამ ინიციატივების წარდგენისას განაცხადა, შევდივართ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევსო... - ეს სოციალური პაკეტები ამ კრიზისს ვერ დასძლევს, ეს არის მხოლოდ კოსმეტიკური ღონისძიებები. კრიზისული ვითარებაა მსოფლიოში და საქართველოშიც. უნდა შევეგუოთ ამ ვითარებას. დღეს რამის არსებითად შეცვლას ვეღარ მოვახერხებთ, რადგან ამისთვის გუშინ უნდა დაგვეწყო ფიქრიც და საქმის კეთებაც, მაგრამ თუ უკეთესი ხვალინდელი დღე გვინდა, დღეს უნდა დავიწყოთ მოქმედება და წარმოების ამუშავებაზე ზრუნვა... ჩვენი ხელისუფლებების ბრალია, აქამდე რომ მივიდა ქვეყანა. არაფერი კეთდებოდა ინდუსტრიული დარგების განსავითარებლად და ტურიზმს ვიყავით ჩამოკიდებული, არადა, ჩვენ გვჭირდება მძლავრი ინდუსტრიული საწარმოები, რაც ადამიანთა სტაბილურად დასაქმების საშუალებას მოგვცემს და ეკონომიკასაც გააჯანსაღებს. საქართველოში არის ეკონომისტების სერიოზული ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ხელისუფლებამ როგორც პანდემიისას გადადგა სწორი ნაბიჯი და დაუჯერა ამ საქმის პროფესიონალებს, ახლაც იგივე უნდა გააკეთოს და ჩინოვნიკ-ეკონომისტებს კი არ დაეყრდნოს მხოლოდ, არამედ - ექსპერტ-ეკონომისტებსაც. სულ ცოტა, მათი აზრი უნდა მოისმინოს მაინც...

- 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის შემდეგ კიდევ ერთი საქმე იქცა უაღრესად რეზონანსულად. 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გარემოებები ისეა ბურუსში გახვეული, საზოგადოებას უამრავი კითხვა დაუგროვდა, პასუხები კი არ ჩანს. ამასობაში ამ საქმეებთან დაკავშირებით ჩნდება პოლიტიკური კონტექსტი და მათი პოლიტიკური მიზნით გამოყენების ცდებიც აშკარაა... ვითარება ისეთია, რომ საზოგადოება სამართალდამცავთა მიმართ ნდობას კარგავს... - თავდაპირველად ვიტყვი, რომ სამართალდამცავი ორგანოები ყოველთვის ჩამორჩებიან მოვლენების განვითარებას. ეს მათი მუშაობის სპეციფიკაა და ასე არა მხოლოდ საქართველოში ხდება - გავიხსენოთ ფლოიდის საქმე აშშ-ში, რომელშიც პოლიციელები ფიგურირებენ, გახსოვთ, როგორი ნელი ტემპით დაიწყო გამოძიება, რასაც უმართავი პროცესები მოჰყვა?

მოკლედ, სამართალდამცავები მუდამ თავს იკავებენ საწყის ეტაპზე საქმის მასალების გამოქვეყნებისაგან, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, უნდა მიხვდნენ, რომ თუ სურთ ნდობის შენარჩუნება, საზოგადოებასთან უნდა ითანამშრომლონ. ნებისმიერი ამგვარი დანაშაული ძალიან მგრძნობიარე თემაა და იწვევს საზოგადოების უკმაყოფილებას; ამასთანავე, ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს, ასეთი ტრაგედიები მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის.

სარალიძის საქმე იყო ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, საზოგადოების როგორი პროტესტი გამოიწვია არასწორად წარმართულმა გამოძიებამ, რის შემდეგაც იძულებული გახდნენ, შეცდომები გამოესწორებინათ. ყოველი ამგვარი საქმის დროს ხალხი ქუჩაში უნდა გავიდეს, რომ პროფესიონალურად წარმართონ გამოძიება?!

ხომ არ შეიძლება მუდმივად ერთ წრეზე იარო და ფეხი ერთსა და იმავე რამეს წამოჰკრა?! ასეთი ტიპის დანაშაული პირველივე წუთებიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანი უნდა გახდეს. სხვა უბედურებაა ის, რომ კრიმინალური საქმეების პოლიტიზების ცდით მეორე მხარე გადადის ყოველგვარ ზღვარს - მორალურსა თუ პროფესიულს. ერთია ახალგაზრდის ფიზიკური მკვლელობა და მეორე - მორალური მკვლელობა, რასაც ისინი აკეთებენ, როცა ახალგაზრდა თანამშრომლებისგან არანორმალურ ადამიანებს ზრდიან...

როცა რაღაც ხდება, მოქალაქეები იძახებენ პატრულს. რომ არ სჯეროდეთ, 112-ში ამდენი გამოძახება არ იქნებოდა და რადგან სჯერათ, ეს ნდობა უნდა შეინარჩუნო!

ამ საქმეებზე კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, რადგან მათ კარგად არ ვიცნობ, მაგრამ როგორც გვერდიდან მაყურებელი, ვხედავ, მუშაობის პროცესში ზოგჯერ როგორი არასწორი ნაბიჯები იდგმება. ამასთან, არის საქმის უცოდინარობით თუ განზრახ "გაფუჭების" შემთხვევებიც.

- ახალქალაქში რამდენიმე პირის ფიზიკური დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღით ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, რასაც მასობრივი არეულობა მოჰყვა - გარდაცვლილის ახლობლებმა რამდენიმე სახლი და სასტუმრო დაწვეს. პოლიციის მობილიზების შემდეგ ვითარება კონტროლს კი დაექვემდებარა, მაგრამ სამართალდამცავთა რეაქციამ აშკარად დაიგვიანა, რის გამოც ოპოზიცია ხელისუფლებას სამართლიანად აკრიტიკებს... - უნდა ითქვას, რომ რეგიონსა და ცენტრს შორის კავშირი ხშირად სუსტია, თანაც ეს კავშირი, ძირითადად, ხორციელდება არაპოპულარული ადგილობრივი ჩინოსნების მეშვეობით. თუ ვინმე პრობლემას უქმნის ხელისუფლებას, ეს არის ზოგიერთი ადგილობრივი სახელმწიფო მოხელე. ბიუჯეტიდან მოპარული ფული, ტენდერებში ახლობლების გამარჯვების გარანტიები, შეუსრულებელი დაპირებები და ა.შ. - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მანკიერებებისა, რასაც რეგიონებში აქვს ფესვი გადგმული. ჯავახეთში უფრო რთული ვითარებაა. ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხალხი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს. აქაურობას აკონტროლებენ ან კარიერისტები, რომელთაც ავტორიტეტი არა აქვთ, ანაც ყველაფერი მიშვებულია ძალოვნების იმედად. სამწუხაროდ, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ასეთი რეგიონებისთვის უნდა არსებობდეს, არასრულყოფილად მუშაობს. მოკლედ, საბოლოოდ აქამდე მივყავართ სწორედ ამ მიზეზებს - პოლიტიკის არარსებობას, არასწორად შერჩეულ კადრებს და შესაბამისი უწყებების არასწორ მუშაობას. ხელისუფლებამ ამ რეგიონს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. იმას, რაც მოხდა ახალქალაქში, პოლიტიკური სარჩული არ ჰქონდა. თუმცა, თუ დაძაბულობა გაგრძელდა, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები ამას საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ, ამის დაშვება კი არ შეიძლება. ამიტომაც არიან საჭირო ხელისუფლებაში ისეთი ადამიანები, რომლებიც იცნობენ რეგიონს და ვისაც იქ სიტყვა ეთქმის.