პრესტიჟული ფაკულტეტები აღარ დაფინანსდება! - კვირის პალიტრა

პრესტიჟული ფაკულტეტები აღარ დაფინანსდება!

"სიახლეების გენერატორი" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ისე მუშაობს, რომ მასწავლებლებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და  მათ მშობლებს მოწყენის საშუალებას არ აძლევს. მინისტრი დიმიტრი შაშკინი ცოტა ხნის წინ ლონდონში იმყოფებოდა და საქართველოში ახალი ამბებით  დაბრუნდა:

- დღეს ბაზარზე 900-მდე სახელმძღვანელო გვაქვს. არის საგნები, სადაც ერთდროულად ოცამდე სახელმძღვანელოა, რაც ქაოსსა და გაუგებრობას ქმნის. ბავშვი ერთ წელს ერთი, მეორე წელს მეორე ავტორის სახელმძღვანელოთი სწავლობს. 1-ელი მარტიდან ახალი სახელმძღვანელოების მიღებას ვიწყებთ. არ დავმალავ, გრიფირება იქნება ძალიან მკაცრი, რადგან ჩვენი მიზანია კარგი სახელმძღვანელოების შერჩევა. პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეები ერთი ავტორის ან ავტორთა ჯგუფის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების სერიით ისწავლიან.

სახელმძღვანელოები, რომელთაც გრიფი მიენიჭება, 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.

მომავალი წლიდან ინგლისური ენის სწავლება პირველივე კლასიდან გახდება სავალდებულო. ამიტომ ინგლისურ ენაში იქნება 12 დონე და შესაბამისად - 12 სახელმძღვანელო. მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მოსწავლეს მისი ცოდნის დონის შესაბამისი სახელმძღვანელოდან მისცენ დავალება.

კლასები გაიყოფა ორ ნაწილად: ძლიერ და სუსტ ჯგუფებად.

ეს საშუალებას იძლევა, არ დაიჩაგროს არც სუსტი და არც ნიჭიერი ბავშვი.

მიუხედავად ჩვენი სპეციალისტებისადმი დიდი პატივისცემისა, ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩვენ უკეთ დავწერთ ინგლისური ენის სახელმძღვანელოს, ვიდრე ოქსფორდის ან "მაკმილანის" გამომცემლობები, "მაკმილანის" გამომცემლობა საუკუნეების განმავლობაში მუშაობს სახელმძღვანელოებზე იმ მოსწავლეებისათვის, რომელთათვისაც ინგლისური მეორე ენაა და არა მშობლიური. თუმცა, პრობლემა იყო წიგნის მაღალი ფასი - 26 ლარი. ბაზარზე ეს წიგნები 40 ლარამდე ღირდა.

შესაბამისად, ამ წიგნებით მხოლოდ ელიტური კერძო სკოლები სწავლობდნენ.  გასულ კვირას ლონდონში მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, "მაკმილანმა" აიღო ვალდებულება, რომ მათ მიერ მომზადებული წიგნი არ ეღირება 10 ლარზე მეტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "მაკმილანი" ყველა ქართველ ინგლისურის მასწავლებელს უფასოდ მისცემს არა მხოლოდ სახელმძღვანელოს და დამხმარე ლიტერატურას (რუკები, აუდიოდისკები, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები და ვიზუალური მასალა), არამედ უფასოდ გადაამზადებს ზაფხულში. სახელმწიფოს ეს არაფერი დაუჯდება.

- აცხადებდით, რომ სახელმწიფოს არაფერი დაუჯდებოდა ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანაც, მაგრამ ეს ათმილიონიანი პროექტია.

- არ მითქვამს, რომ ეს არაფერი დაუჯდებოდა სახელმწიფოს. მე მხოლოდ იმას ვამბობდი, რომ ინგლისურენოვან მასწავლებლებს ხელფასს არ ვუხდიდით, თუმცა, მათ ვუნაზღაურებთ მგზავრობის საფასურს. ავიაბილეთები 2 ლარი ხომ არ ღირს? იმისათვის, რომ ჩვენი პედაგოგების ერთი ჯგუფი ერთი თვით საზღვარგარეთ გაგვეგზავნა გადასამზადებლად, მინიმუმ 100 ათასი დოლარი დაგვიჯდებოდა. რა სჯობია, ინგლისურენოვანი პედაგოგების აქ ჩამოყვანა თუ ქართველი პედაგოგების უცხოეთში გაგზავნა?

- კარგია, რომ ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლება შემოდის, მაგრამ სახელმწიფო ენაზე რამდენად ზრუნავთ? კახა ლომაიას მინისტრობისას გაუქმდა ქართული ენის პალატა.

- მიღებულ გადაწყვეტილებას მე ვერ შევაფასებ... შემიძლია გითხრათ, რომ სამინისტროში ჩამოყალიბდა ქართული ენის სამმართველო, რომელმაც პირველად საქართველოში შექმნა ქართული ენის სტანდარტი და სწავლების მეთოდოლოგია. ქართული ენის სამმართველომ შექმნა ქართული ენის, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელოები და დამხმარე მასალა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები არაქართველი მოქალაქეებისათვის. მათთვის შეიქმნა პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც ერთ თვეში იქნება.

ქართული ენის უკეთ სწავლებისთვის, თბილისში ყველა რუსული სკოლა გადაყვანილია ბილინგვურ სწავლებაზე. ეს ნიშნავს, რომ პროგრამის 1/3 ამ სკოლებში ქართულად ისწავლება. მომავალ წელს უკვე პროგრამის 2/3 ბილინგვური სწავლებით წარიმართება.

- იმ მასწავლებლებისათვის, რომლებიც არაქართულენოვან რეგიონებში ასწავლიდნენ, სპეციალური პროგრამა არსებობდა, რომელიც გაუქმდა.

- 2010 წლიდან არსებობს პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის". ჩვენ გავაორმაგეთ იმ მასწავლებლების რაოდენობა, ვინც არაქართულენოვან რეგიონებში ასწავლიან. მათი ხელფასი, რომლებიც ქართულ ენას სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ასწავლის, 1.000 ლარია. მიმდინარე წლის ნოემბერში ახალქალაქში დასრულდება ქართული სკოლის მშენებლობა, სადაც ქართული ენის სწავლების ცენტრი გაიხსნება. იქ არა მარტო მოსწავლეებს, მათ მშობლებსაც ექნებათ ქართული ენის შესწავლის საშუალება.

- უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებამ საგრანტო დაფინანსებაში (სამართლის, ჯანდაცვის, ბიზნესის ადმინისტრირების, მასობრივი კომუნიკაცია-ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ფაკულტეტებზე ჩარიცხული სტუდენტები  მხოლოდ ასპროცენტიანი სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში დაფინანსდებიან. ყველა სხვა მიმართულებაზე სწავლას სახელმწიფო 100, 70, 50 და 30-პროცენტიანი გრანტით დააფინანსებს).

- დაფინანსების ახალი წესი შეეხება მათ, ვინც სტუდენტი 2011 წელს გახდება. როდესაც ეს საკითხი შევისწავლეთ, გაირკვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისთვის გამოყოფილი დაახლოებით 12 მილიონი ლარიდან 85% მიდიოდა სამართალმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამედიცინო და ბიზნესის ფაკულტეტებზე. ამ 4 ფაკულტეტს მიჰქონდა სახელმწიფო დაფინანსების 85%. საინჟინრო, ტურიზმი და საბუნებისმეტყველო მიმართულება, ფაქტობრივად, დაუფინანსებელი რჩებოდა.

აგრარულ უნივერსიტეტში წამყვანი ფაკულტეტი სამართალმცოდნეობა იყო! სტუდენტების 65% არ სწავლობდა აგრარული მიმართულებით.

ამიტომაც არის ქვეყანაში ინჟინრების, ფიზიკოსებისა და მათემატიკოსების დეფიციტი. იურიდიული და სამედიცინო ფაკულტეტების პრესტიჟულობა საბჭოთა პერიოდის გამოძახილია. მაშინ ვერ წარმოედგინათ, რომ ინჟინერი წარმატებული ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან დაბალი ხელფასი ჰქონდა. მეც მეგონა, რომ იურისტის პროფესია გამორჩეული იყო.

დღესაც ქვეყანაში იურისტების პროფიციტია. ამიტომ ბევრად უფრო საჭირო საინჟინრო და საბუნებისმეტყველო სპეციალობებია.

ვისურვებდი, რომ ჩემმა შვილმაც ეს სპეციალობები აირჩიოს.