"ჩვენს ქვეყანაში პრინციპული ადამიანი თავსატეხია ხელისუფლებისათვის" - კვირის პალიტრა

"ჩვენს ქვეყანაში პრინციპული ადამიანი თავსატეხია ხელისუფლებისათვის"

"საქართველოს უკვე იმხელა ვალი აქვს, მზად არის მიწები იპოთეკაში ჩადოს"

რას იხსენებს ბასკეთის "ნაციონალისტური პარტიის" მრჩეველი საქართველოს ხელისუფლებაში არსებულ ფარულ ინტრიგებზე?!

სოფლიოში მიმდინარე სამოქალაქო ომების ფონზე ნატყვიარი რუსთაველის პროსპექტი და ძმებს შორის დაღვრილი სისხლი  ხშირად გვახსენდება. რა გზა გავიარეთ ქართველებმა ზვიად გამსახურდიას მმართველობიდან სააკაშვილის მმართველობამდე? "კვირის პალიტრამ" ამ თემით დაიწყო საუბარი ესპანეთში მცხოვრებ თამარ გამილაღდიშვილთან, რომელიც  თავის დროზე ზვიად გამსახურდიას, ბოლო პერიოდში კი სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელიც იყო.

თამარ გამილაღდიშვილი იმითაც არის საინტერესო რესპონდენტი, რომ უკვე წლებია თანამშრომლობს ბასკეთის მთავრობასთან, სადაც მას სხვადასხვა დროს  მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, ასევე იყო ესპანური არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპის ერების ინსტიტუტის” დირექტორიც". 2008 წელს დიასპორის საკითხებში  ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, იულონ გაგოშიძის მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ როგორც ამბობს, მისი თანამდებობა სიმართლისთვის უსამართლობასთან ბრძოლასა და შიდასახელისუფლებო ინტრიგებს შეეწირა.

თამარ გამილაღდიშვილი: - 1988 წლიდან ჟურნალისტად ვმუშაობდი ჯერ ტელე-რადიოკომიტეტში, შემდეგ სხვადასხვა გაზეთში. მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია განდევნეს, იძულებული გავხდი, თავადაც დამეტოვებინა სამშობლო, რადგან  იმჟამინდელი უზენაესი საბჭოს შენობაში სახელდახელოდ მოწყობილ პრესსამსახურში ვმუშაობდი და ქვეყნიდან გაუსვლელობის შემთხვევაში დაპატიმრების ან ფიზიკური განადგურების საფრთხე მემუქრებოდა. ამიტომაც წავედი ესპანეთში, სადაც ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა დავამთავრე, შემდეგ თარჯიმნადაც ვიმუშავე, ბასკეთის მთავრობის რამდენიმე  დეპარტამენტის და მმართველი "ნაციონალისტური პარტიის" მრჩეველიც ვიყავი სხვადასხვა საკითხში.

- როგორი იყო ზვიად გამსახურდიას ფსიქიკურ-ემოციური მდგომარეობა, ვიდრე განდევნიდნენ?

- უკანასკნელი ინტერვიუ მასთან მე ჩავწერე 1992 წლის 2 იანვარს, როცა ცეცხლი ეკიდა მაშინდელი უზენაესი საბჭოს (ამჟამინდელი პარლამენტის) შენობას. მოგეხსენებათ, იქიდან  როგორც გამოგვყარეს და ინტერვიუს ჩანაწერიც განადგურდა, ხალხამდე აღარ მიუღწევია. დღემდე მახსოვს პრეზიდენტის ხმა, რომელიც ემუდარებოდა  ქართველებს, შეეწყვიტათ სროლა, ეს არის ყველაზე სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში, ამით არა ქვეყნის ხელისუფლებას, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობას ესვრიანო.

...როცა ჩაწერას მოვრჩით, ვთხოვე, "ბატონო პრეზიდენტო, გამაყოლეთ დაცვის ორი წევრი და გამიშვით ანძაზე". მაშინ ანძაზე მოწყობილი სტუდიიდან გადაიცემოდა ახალი ამბები, რადგან ტელევიზიის შენობა გაპარტახებული იყო. შუაგულ თბილისში, რუსთაველზე ძმათამკვლელი ომი მიმდინარეობდა. ანძა მოწინააღმდეგე მხარის, ქუთათელაძის ბატალიონს ჰქონდა დაკავებული, საიდანაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლებს მოგვიწოდებდნენ, მათთან ავსულიყავით და დებატები გაგვემართა. მაშინ ვერ მივხვდი, რომ ეს სატყუარა იყო... ჩემმა თხოვნამ  პრეზიდენტი შეაშფოთა:

"ანძაზე ასვლის ნებას არ მოგცემ! ამ ეტაპზე  უფრო მეტი თავგანწირვა საჭირო არ არის. ჩვენ ვეღარაფერს შევცვლით. ახლა  მთავარია, შენ და შენი თაობა ფიზიკურად არ განადგურდეთ! შექმენით ოჯახები, გააჩინეთ რაც შეიძლება მეტი შვილი და გაზარდეთ ქრისტიანებად, პატრიოტებად, ქართველებად!" მახსოვს, გავიფიქრე,  რა დროს ოჯახების შექმნასა და შვილების გაზრდა-გაჩენაზე ლაპარაკია, ქვეყანა თავზე გვექცევა-მეთქი. ახლა ვხვდები, რომ ამ სიტყვებით ზვიად გამსახურდიამ ანდერძი დაგვიტოვა.

- პოლიტდევნილობის შემდეგ როგორ აღმოჩნდით საქართველოს ხელისუფლებაში ერთ-ერთ თანამდებობაზე?

- დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტი ყოფილმა  სახელმწიფო მინისტრმა იულონ გაგოშიძემ შემომთავაზა. ვიფიქრე, რომ უცხოეთში მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას ქვეყანას მოვახმარდი. მინდოდა, რაც შეიძლება მეტი გამეკეთებინა თანამემამულეებისათვის, რომლებიც მსოფლიოში არიან მიმოფანტული, მაგრამ ძალიან ბევრ სფეროში დიდ, ყრუ კედელს შევეჩეხე. შიდასახელისუფლებო ინტრიგებში შემთხვევით აღმოვჩნდი ჩართული.

- რა ინტრიგებს გულისხმობთ?

- იულონ გაგოშიძისა და საზოგადოდ, ჩვენი უწყების საწინააღმდეგო ინტრიგებს, რამაც შეიწირა კიდეც ბატონი იულონის თანამდებობა.  მუდმივად  ქილიკობდნენ მის ასაკზე, თითქოს მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გაარკვიეს, რამდენი წლის იყო ბატონი იულონი. მერე იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი ეროვნების ხალხი "დიასპორებად" მოიხსენია. არადა, სომხეთისთვის საქართველოში მცხოვრები  სომხები სწორედაც სომხური დიასპორაა, ისევე როგორც აზერბაიჯანისთვის - აზერბაიჯანული დიასპორა საქართველოში და ა.შ.. ამას დაემატა ისიც, რომ რამდენიმე თანამშრომელი არაადეკვატურად და არაპროფესიონალურად იქცეოდა” და როცა მიუთითეს, განაწყენდნენ. შანტაჟისა და ინტრიგების უკიდურეს ფორმას მიმართეს, რასაც ბატონ იულონთან მათი დაპირისპირება მოჰყვა. ეს რომელიღაც სახელისუფლებო შტომ  მშვენივრად გამოიყენა და ჩვენი სახელმწიფო მინისტრიც თანამდებობიდან მოხსნეს - ბატონმა იულონმა მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებისგან გაიგო, რომ მთავრობას  მისი შემცვლელი  უკვე ჰყავდა.

- თუ მოგწონთ ან თუ იზიარებთ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს?

- გულწრფელად გეტყვით, რომ მონდომებით ვცდილობდი ამ კურსის არსში გარკვევას, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: რა კურსი შეიძლება ეწოდოს დევნილების ძალით გამოსახლებასა და  ჩასახლებას გადაკარგულ ადგილებში, სადაც ცხოვრებისთვის პირობები არ არსებობს?

ერთი წუთით  წარმოიდგინეთ, სუბელიანი ან თუნდაც გილაური რომ ჩაასახლონ ფოცხოეწერში, საინტერესოა, რამდენ ხანს გაძლებენ?

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო იმავე შენობაში იყო, სადაც ჩვენი დეპარტამენტის აპარატი. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცი, რომ თანამდებობის პირები ძალიან მაღალ ხელფასებსა და პრემიებს იღებდნენ. საინტერესოა, რა დამსახურებისთვის? მაგალითად, ჩვენს დეპარტამენტში აპარატში პრემიები იშვიათად, ისიც მცირე ოდენობით გაიცემოდა და ვანაწილებდით ყველა თანამშრომელზე,  მძღოლისა და  დამლაგებლის ჩათვლით. საინტერესოა, ეკა ტყეშელაშვილმა რა დამსახურებისთვის აიღო ანაზღაურების ტოლფასი პრემია თანამდებობაზე დანიშვნიდან (როცა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდა) ორ კვირაში? რატომ ატყუებს ხელისუფლება მოსახლეობას, ქვეყანა აყვავებულიაო...

გვატყუებენ, რომ გვეუბნებიან, საქართველოში უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოდის, ვიდრე მიდისო. არადა, მიგრაციის საკითხებზე ვმუშაობ და ვიცი, რომ ყოველთვიურად უფრო და უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე გადის ქვეყნიდან.

ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, განათლებული და პრინციპული ადამიანი  თავსატეხია ხელისუფლებისათვის. წარმოიდგინეთ, გავლენიან ჩინოვნიკთან მიდის ვინმე თამარ გამილაღდიშვილი და ეუბნება: როდესაც დიასპორა აგროვებს ჰუმანიტარულ ტვირთს, გზავნის საქართველოში, და უნდა მიიღოს იმ ორგანიზაციამ, რომელსაც კანონით ეს ევალება, ტვირთი "იკარგება". შემდეგ კი, როცა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე "დაკარგვის" მიზეზს კითხულობს, ეუბნებიან, თანამდებობა დატოვეო. ერთმა მეგობარმა მირჩია, მომეთმინა, მომეძლიერებინა ხელისუფლებაში ჩემი პოზიცია და მერე დამესვა "ზედმეტი" კითხვები.

ამ მოსაზრებაში ლოგიკური მარცვალი დავინახე, მაგრამ... იმავე შედეგს მივიღებდი მაშინაც, როცა კითხვებს დავსვამდი. ამ გზით მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი  თუ გამიხანგრძლივდებოდა, რაც ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ომის შემდგომ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გასცა   ბრძანება (სიტყვიერი), რომ რუსეთიდან წამოსული სტუდენტები სასწრაფოდ დაესვათ შესაბამის კურსზე და ფაკულტეტზე საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.

ამისთვის სახელმწიფოს თანხები უნდა გამოეყო. ეს მან კანცელარიის მაშინდელ უფროსს, კახა ბენდუქიძესა და განათლების იმჟამინდელ მინისტრ ნიკა გვარამიას დაავალა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. ამის გამო  პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტებს რამდენჯერმე მივმართე. საჭირო იყო კანონში შესწორების შეტანა, რომ რუსეთიდან ჩამოსულ სტუდენტებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში საბუთების გადმოტანა შესძლებოდათ. დრო გააჭიანურეს და კანონში ცვლილება გვიან მიიღეს. სინამდვილეში, ფული "დაზოგეს", უფრო სწორად, "მოტეხეს".

როდესაც კახელ გლეხს მიწის დამუშავების საშუალებას თავად არ აძლევ და თან ზარმაცს ეძახი, ქართულ მიწაზე ბურების ჩამოსახლებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაპუნა დავითაიას ავალებ, ეს გონივრული საქციელია? შე დალოცვილო, თუ მაინცდამაინც მშრომელ ხალხს ეძებ, ფერეიდნელი ქართველები რომ გყავს ისტორიული დიასპორის ნიმუშად, იმათ მიეცი ეს ისტორიული მიწები სახნავ-სათესად.

მაგათმა წინაპრებმა თუ ირანის უდაბნო ააყვავეს, კახეთს ვეღარ მოუვლიან? არა, არ ჰყოფნის ხელისუფლებას ვაჟკაცობა, რომ აღიაროს: საქართველოს უკვე იმხელა ვალი აქვს, მზად არის მიწები იპოთეკაში ჩადოს.

ვაღიარებ, საქართველოს ხელისუფლებაში ბევრი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ მათი ნიჭი გამოიხატება მხოლოდ ხელისუფლების მოპოვებასა და შენარჩუნებაში. ქართული საქმის კეთებას კი ნამდვილად სხვა ნიჭი სჭირდება.