"ბელორუსი ომის ზღვარზეა" - კვირის პალიტრა

"ბელორუსი ომის ზღვარზეა"

"ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობა, რომელიც საბჭოთა მმართველობისა და დღევანდელი კორუმპირებული რუსეთის სინთეზია, აუცილებლად დასრულდება"

9 აგვისტოს ბელორუსში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომლის შედეგად ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმათა 80%-ზე მეტით გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ცნო, საპროტესტო აქციები მოჰყვა. ბელორუსის ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თითქოს ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტ სვეტლანა ტიხანოვსკაიას ხმათა 10%-ზე ნაკლები ჰქონდა, მისმა მომხრეებმა მინსკში მასშტაბური აქციებით უპასუხეს.

ქვეყანაში ვითარება ისე გამწვავდა, რომ მილიცია, "ომონი" და სპეცრაზმი თითქმის ერთი კვირაა, დემონსტრანტებს ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით უსწორდებიან. გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც. ჰოსპიტალიზებულია 300-ზე მეტი ადამიანი, დაკავებული - 7000-მდე და დაღუპული - ერთი დემონსტრანტი. ინტერნეტში ვრცელდება სასტიკად ნაცემი ადამიანების ფოტო და ვიდეომასალა. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც, თუმცა ლუკაშენკომ, რომელმაც დემონსტრანტები "უცხოელი პატრონების მიერ მართულ ცხვრის ფარად" მოიხსენია, აღნიშნა, რომ უკან დახევას არ აპირებს და რეპრესიები უფრო გამკაცრდება.

ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში გაემგზავრა. ეს ფაქტი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმაც დაადასტურა და მისი მიღება ბელორუსში დარჩენის საფრთხეს დაუკავშირა. 11 აგვისტოს ტიხანოვსკაიამ გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვება თვითონ გადაწყვიტა, მანამდე კი მოსახლეობას პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ლინას ლინკევიჩუსმა ამ ფაქტზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ "წნეხის ქვეშ ნათქვამი ზუსტად არ უნდა გავიგოთ..."

ბელორუსი პოლიტოლოგი, ინსტიტუტ "პოლიტიკური სფეროს" დირექტორი ანდრეი კაზაკევიჩი "კვირის პალიტრასთან" ამ პროცესებში რუსეთის როლსა და სამომავლო სცენარებს მიმოიხილავს:

- მილიცია მუდმივი შეტაკებების დროს ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, წყლის ჭავლითა და ხელკეტებით სასტიკად უსწორდებოდა დემონსტრანტებს, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა. უკვე გვაქვს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტიც და გვყავს დაღუპულიც - 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც, მილიციის მტკიცებით, ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა. არის მეორე ვერსიაც, რომელსაც "ომონი" ავრცელებს, თითქოს მან ხელყუმბარა გახსნა და აუფეთქდა, არადა, თვითმხილველი დემონსტრანტების ცნობით, ბიჭი ცდილობდა სამართალდამცავების გადმოგდებული ხელყუმბარა უკან გადაეგდო, მაგრამ ვერ მოასწრო...

მასშტაბური დაკავებების ფონზე გადატვირთულია წინასწარი დაკავების იზოლატორები და მილიციის განყოფილებები. მიუხედავად ამისა, ბელორუსში პროტესტი გრძელდება. ადამიანები მინსკსა და სხვა ქალაქებში ცოცხალ ჯაჭვს კრავენ და ანტისახელისუფლებო ლოზუნგებით გამოდიან, სპეცრაზმმა კი მათზე პირდაპირი ნადირობა გამოაცხადა. ერჩიან იმ მძღოლებსაც, ვინც აქციის მონაწილეებს სოლიდარობას სიგნალით უცხადებს. სპეცრაზმმა არც ისინი დაინდო, ვინც საკუთარი სახლის აივნებიდან ტაშით ამხნევებდა დემონსტრანტებს. მათ რეზინის ტყვიები დაუშინეს, რამდენიმეს კი დაურეკეს და დაემუქრნენ...

- რა იქნება ამ პროტესტის შედეგი? - ეს დამოკიდებულია იმაზე, ორგანიზებული იქნება თუ არა დემონსტრანტთა ტალღა, როგორ იმოქმედებენ ისინი ლიდერის გარეშე და გაუძლებენ თუ არა ლუკაშენკოს ხელისუფლების ზეწოლას... ბელორუსის დიქტატორული რეჟიმისგან ძალადობის მეტი რა გვიწვნევია - გაყალბებული არჩევნები, მუქარა, დარბევა, მაგრამ ის, რაც ახლა მინსკის ქუჩებში ხდება, წარმოუდგენელია... ჩემი ვარაუდით, თუ აქციებს ლუკაშენკოს ხელისუფლების წასვლა არ მოჰყვება, კონფლიქტი უფრო გამწვავდება და ლოგიკური შედეგით - ლუკაშენკოს გაძევებით დასრულდება. მოსალოდნელია სახელმწიფო უწყებების პიკეტირებაც, რაც გაამწვავებს შიდა პოლიტიკურ კრიზისს, გააუარესებს ბიზნესკლიმატს; ამასთან, გართულდება დასავლეთთან ურთიერთობაც, რაც, უპირველესად, მმართველ ელიტას დააზარალებს, რადგან უკვე ვიცით, რომ ევროკავშირი ძალადობაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ლაპარაკობს. გარდა ამისა, ფინანსური დახმარება, რომელსაც ქვეყანა, წლებია, დასავლეთისგან იღებს, მნიშვნელოვნად შემცირდება, ეს კი მკაფიოდ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე...

ლუკაშენკოს ხელისუფლებამ ქვეყანაში ლეგიტიმურობა დაკარგა, შესაბამისად, ის ეცდება რეპრესიები გააძლიეროს - პროტესტი ჯერ შეასუსტოს, შემდეგ კი ჩაახშოს. ზეწოლა იქნება მედიასა და დამოუკიდებელ ბლოგერებზეც... მისი მთავარი საყრდენი ახლა ძალოვანი სტრუქტურებია, რომლებიც დაგეშილი ძაღლებივით დასდევენ დემონსტრანტებს. რამდენიმე დღეა, ინტერნეტიც გაგვითიშეს... ხალხი, რომელიც ლუკაშენკოს თავის პრეზიდენტად აღარ მიიჩნევს - და ასეთი ძალიან ბევრია - ერთად და მტკიცედ უნდა დადგეს!..

ეს პროცესი მაგონებს საბჭოთა კავშირის მიწურულის აქციებს, რომლებიც ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა და მაშინდელმა ყრუ ხელისუფლებამაც კი დაასრულა არსებობა... ლუკაშენკოს 26-წლიანი მმართველობა, რომელიც საბჭოთა მმართველობისა და დღევანდელი კორუმპირებული რუსეთის სინთეზია, აუცილებლად დასრულდება, მთავარია, ეს მოხდეს მალე და ნაკლები სისხლის ღვრით.

- ბელორუსში რუსეთის გავლენა ძლიერია... თქვენი აზრით, როგორ მუშაობს რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რისი მიღწევა სურს ბელორუსში, უკრაინაში, საქართველოსა და მთელ სამხრეთ კავკასიაში? - რუსეთი ღიად თუ ფარულად დღემდე თავისი გავლენის ზონად მიიჩნევს პოსტსაბჭოთა სივრცეს, ამიტომ მისთვის ამ ტერიტორიების კონტროლის დაკარგვა უკიდურესი მარცხია და ცდილობს, გავლენა ძალის დემონსტრირებით აღადგინოს, მაგრამ საქმე ის არის, რომ ხვალ-ზეგ ბელორუსსაც გაუფუჭდება რუსეთთან ურთიერთობა, რადგან კრემლის ძალისხმევის მიუხედავად, ლუკაშენკომ მისი ერთგული ელექტორატი ვერ შექმნა. შესაბამისად, წნეხი მოსკოვისგანაც გაიზრდება...

ჩვენგან განსხვავებით, საქართველოში სხვა ვითარებაა, განსაკუთრებით - საგარეო მიმართულებით, თუმცა, რუსეთი მაინც ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ამ მხრივ უფრო მძიმე ვითარებაა უკრაინაში - ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში, წლებია, ომია...

დღევანდელი ვითარებიდან ჩანს, რომ ბელორუსი ომის ზღვარზეა, რადგან რუსეთს მხოლოდ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის სურვილის ჩაკვლა კი არა, კვლავ მასზე დამოკიდებული რესპუბლიკა უნდა, შეზღუდული სუვერენიტეტით. ლუკაშენკომ თავდაპირველად თითქოს უარყო ინფორმაცია, რომ ის და პუტინი ორი ქვეყნის ერთიანი მთავრობისა და პარლამენტის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ და განაცხადა, რომ ბელორუსი რუსეთის შემადგენლობაში არ შევიდოდა. ამას ემატება ნავთობის ფასის შესახებ დავაც, თუმცა ფაქტია, ბოლო დროს საქმე რუსეთ-ბელორუსის ერთ სივრცეში მოქცევისკენ მიდიოდა... ახლა რუსეთი ცდილობს, ბელორუსში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი სათავისოდ გამოიყენოს. საერთაშორისო სამყაროსა და ცალკეული ლიდერების მწვავე კრიტიკის ფონზე, რომლებიც ლუკაშენკოს მოუწოდებენ, შეწყვიტოს ძალადობა, მოსკოვი მხარს უჭერს მას და ამით მინსკზე ზეწოლას ახდენს, რათა უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე დაითანხმოს. ასე რომ, პუტინის მერყევ მოკავშირეს ახლა ცუდი დღეები უდგას და რით დასრულდება ეს ყველაფერი, ხალხზეა დამოკიდებული.

- რას იტყვით ოპოზიციის სხვა ლიდერებზე, ვინ შეიძლება პროცესების მართვა იკისროს?

- ჯერჯერობით ასეთი ლიდერი არ ჩანს, რადგან სვეტლანას ლიეტუვაში წასვლამდე მისი გარემოცვის 20-ზე მეტი წევრი დააკავეს, რომლებიც დღემდე იზოლატორებში უმძიმეს პირობებში არიან. ზოგი კი იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო... რომ არა ასეთი სასტიკი სისტემა, ლუკაშენკოს მმართველობა აქამდეც დამთავრდებოდა.