"საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის "ფინიშის ხაზი" დიდი ხნის წინ გადაკვეთა" - კვირის პალიტრა

"საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის "ფინიშის ხაზი" დიდი ხნის წინ გადაკვეთა"

ნატო-ს ჯარების ყოფილი მთავარსარდლისა და ამჟამად ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპის ინიციატივის თავმჯდომარის, გადამდგარი გენერლის ფილიპ ბრიდლოვის შეფასებით, საქართველო უკვე გავიდა "ფინიშის ხაზზე", როცა საქმე ნატოსთვის გაღებულ წვლილს ეხება. როგორც მან "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ის საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე იმ პირობებში, როდესაც რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას აგრძელებს, გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა უპასუხა, რომ საქართველომ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ნატოში წევრობის "ფინიშის ხაზი" დიდი ხნის წინ გადაკვეთა.

"ჩემი მოსაზრება არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ნატოს ჯარების მთავარსარდალი გავხდი. მანამდე ევროპაში ამერიკის საჰაერო ძალებს და აფრიკაში ამერიკის საჰაერო ძალებს ვხელმძღვანელობდი და ძალიან კარგად ვიცოდი საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები და ის საქმიანობა, რასაც ქვეყანა არაჩვეულებრივად წარმართავდა იმისთვის, რომ დასავლეთში ინტეგრაცია მოეხდინა. მას შემდეგ, რაც ნატოს ძალების მთავარსარდალი გავხდი, ერთ-ერთი ყველაზე პირველი რამ, რაც გავიგე იყო ის, თუ რამდენი რამ გასცა საქართველომ ნატოსთვის. მათ შეცვალეს ბევრი რამ, რაც ვთხოვეთ, იქნებოდა ეს მთავრობაში, თუ ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით ანგარიშვალდებულებების შემოღებით, კანონის უზენაესობით თუ სხვა.

ველა ამ მიმართულებით პროგრესი არის. როგორც სამხედრო მეთაური, გეტყვით იმას, თუ რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. სულ მოსახლეზე არავის ჰყავს იმდენი ჯარისკაცი ავღანეთის ძალისხმევაში, რამდენიც საქართველოს. სულ მოსახლეზე არავის დაუკარგავს საქართველოზე მეტი ჯარისკაცი. როცა საქართველოს ზომაზე ფიქრობ და აცნობიერებ იმას, თუ რამდენი გაიღო ქვეყანამ, დაინახავ, რომ ავღანეთის მისიაში მათზე მეტი წვლილი არავის მიუძღვის.

მე უღრმესი პატივისცემა მაქვს ერთის მხრის საქართველოს შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ხელმძღვანელების მიმართ და მეორეს მხრის ჩემი სამხედრო ძმებისა და დების მიმართ, რომლებიც მსახურობენ და რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს.

საქართველოზე მეტი ნატოსთვის არავის გაუღია. ჩვენ ისინი ძალიან გვიყვარს და მათი მადლიერები ვართ. სამოქალაქო სფეროში, მე დიდი ექსპერტი არ ვარ. მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ვთხოვეთ. მათ ყველა მოლოდინს გადააჭარბეს, როცა საქმე სამხედრო ადაპტაციას და წვლილის შეტანას ეხება. ჩემი აზრით, საქართველო უკვე გავიდა ფინიშის ხაზზე, როცა საქმე ნატოსთვის გაღებულ წვლილს ეხება", - განაცხადა ბრიდლოვმა.

"ინტერპრესნიუსი"