"მჯერა, რომ მთელს მსოფლიოს, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები" - კვირის პალიტრა

"მჯერა, რომ მთელს მსოფლიოს, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები"

მე მჯერა, რომ ჩვენ მთელს მსოფლიოს, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახებთ და ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ბოლნისში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის წარდგენაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ყველა არჩევნების დროს ისინი იღებდნენ ძალიან მაღალ შეფასებას და დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც იგივე განმეორდება.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ მხარეში ვიმყოფები. სიამაყით მავსებს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ჩემს ხალხს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ენაზე მივმართავ, ენაზე, რომლის დამწერლობის უძველეს ნიმუშთაგანი სწორედ აქ, ჩვენთვის განსაკუთრებულ საეკლესიო ძეგლზე - ბოლნისის სიონის კედლებზეა შემონახული.

სწორედ ამ კუთხის შვილია საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე, სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ იღწვოდა ჩვენი ქვეყნისთვის ევროპულ ოჯახში ადგილის დასამკვიდრებლად.

2012 წელს, “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად, ქვეყანა მოძალადე რეჟიმისგან გაათავისუფლა, დაამკვიდრა ადამიანის უფლებების ძალიან მაღალ სტანდარტზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემა, რამაც ჩვენ დაგვაახლოვა ევროპულ ოჯახთან, მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლის უფლება. ძალიან მეამაყება, როგორც ამ ქვეყნის შვილს, რომ ქართული პასპორტით თავისუფლად არის შესაძლებელი გადაადგილება ევროპულ ქვეყნებში.

ყველა კარგად ხედავთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველა მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა, ჯანდაცვა, მეწარმეობის ხელშეწყობა, თუ სხვა მიმართულებები.

ამავდროულად, დიდი ყურადღება ექცევა განათლებას და საამაყოა, რომ სულხან-საბას მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 150-მდე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლე გამოვლინდა.

ამ წარმატებების კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე, დიდი გამოწვევებია. გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. შესაძლოა ადამიანები ფიქრობდნენ, რომ ეს არ არის მარტივი საქმე. რა თქმა უნდა გეთანხმებით, რომ არ არის მარტივი, მაგრამ ყველაფერი არის შესაძლებელი, მთავარია ჩვენ დავდგეთ ერთად“,- განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, 2012 წლის მერე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ყველა მიმართულებით.

"ბევრი რთული ვითარება გვაქვს გამოვლილი. მინდა, გავიხსენო 2012 წელი. ყველას გვახსოვს თუ რა ხდებოდა ქვეყანაში , როგორი მდგომარეობა სუფევდა, რა დამოკიდებულება იყო განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ, იმ ოჯახების მიმართ, ვისავ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ყველას კარგად გვახსოვს თუ როგორი ზეწოლა, როგორი წნეხი იყო ასეთ ოჯახებზე. ეს ჩვენ ყველამ ერთად საკუთარ თავზე, საკუთარ ოჯახებზე, ჩვენს მეგობრებზე, ახლობლებზე გამოვცადეთ. თუმცა ამასთან იყო ძალიან დიდი სულისკვეთება ჩვენი ერთობისა და ზუსტად ამ ერთობამ მიგვიყვანა გამარჯვებამდე და მშვიდობიანი გზით, როგორც ეს განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება, არჩევნების გზით ყველაფერი ცუდი , რაც იყო და რაც ხდებოდა ჩავაბარეთ წარსულს.

2012 წლის მერე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ყველა მიმართულებით, უამრავი პროგრამა ამოქმედდა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ სოფლის მეურნეობას, ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას, ხელი შევუწყოთ იმას , რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს კეთილდღეობა.

არ იფიქროთ რომ ვართ თვითკმაყოფილები, რომ რაც გაკეთდა მაგარია და გულზე ხელი დავიკრიფოთ.

ჩვენ გვინდა კიდევ უფრო ძლიერი საქართველო, ეკონომიკურად უფრო წინწასული, უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა და ამისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიტანეთ და მივაღწიეთ ამ ბოლო წლების განმავლობაში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ამჯერადაც მივაღწევთ გამარჯვებას. ყველა კარგად ხვდებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. მე მჯერა, რომ ჩვენ მთელს მსოფლიოს , საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახებთ და ვაჩვენებთ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ყველა არჩევნების დროს ჩვენ ვიღებდით ძალიან მაღალ შეფასებას და მე დარწმუნებული ვარ ამჯერადაც იგივე განმეორდება“,- განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"