"ივანიშვილს ფარატინა ქაღალდის კი არა, ხალხის ძალის ეშინია" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილს ფარატინა ქაღალდის კი არა, ხალხის ძალის ეშინია"

მაშინ, როცა ყველა ოპოზიციონერი დროს უნდა ხარჯავდეს იმაზე, რომ ხალხის პრობლემებზე ვიფიქროთ, თავშესაქცევ მემორანდუმებს და დეკლარაციებს იგონებენ. პრობლემა იცით რა არის? - ფარატინა ქაღალდის კი არ ეშინია ბიძინა ივანიშვილს, ქმედების და ხალხის ძალის ეშინია, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" ორი სახის დეკლარაციის გაფორმების შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" კოალიციას არ შეუქმნის, თუმცა, ამისთვის დეკლარაციაზე ხელმოწერის საჭიროებას ვერ ხედავს. კითხვაზე, დეკლარაციაზე ხელმოწერის გარეშე იბრძოლებს თუ არა ასევე იმისთვისაც, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის ხმები დაიცვას, ელისაშვილი აცხადებს, რომ ის ყველა ხმას დაიცავს.

"თუ ვინმეს ოპოზიციაში მართლა რამე უნდა, რაღაც დეკლარაციაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ხალხის დარაზმვაზე და ხალხის პრობლემებზე უნდა ფიქრობდეს. ჩვენ ამ დეკლარაციას და მემორანდუმებს ხელს არ მოვაწერთ, მაგრამ რეალურად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" არჩევნებში დამარცხდეს, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხმები დავიცვათ, რეალურად ვიბრძოლებთ ასევე იმისთვის, რომ კოალიცია ვერ შექმნას და არ შევუქმნით "ქართულ ოცნებას". ჩვენი პოლიტიკური სივრცის პრობლემა არის ის, რომ სიტყვას აღარ აქვს ფასი და ჩვენთვის მემორანდუმებს არ აქვს მნიშვნელობა, იმ ხალხის ხელმოწერილს, რომელთა სიტყვასაც არანაირი ფასი არ აქვს - დღეს ამას ამბობენ და ხვალ იმას ამბობენ. ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი საჯაროდ ნათქვამი სიტყვისთვის არ გვიღალატია და არ გადაგვიხვევია, ასე ვაპირებთ გაგრძელებას. ჩვენ ვამბობთ სიტყვას, რომ არც ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" შევუკრავთ კოალიციას და ასევე, თითოეული ხმისთვის ვიბრძოლებთ. ოღონდ ამას ჩვენ რეალური ქმედებით განვახორციელებთ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაზე ვდარდობდეთ, რაღაც თავშექცევით არის დაკავებული ოპოზიცია, ამიტომ ასეთ მემორანდუმზე ხელმოწერისთვის დროს არ დავკარგავთ, ხალხზე ვფიქრობთ, თუ ვინმეს აინტერესებს.

ჩვენ ნებისმიერი ოპოზიციური ხმის დაცვისთვის ვიბრძოლებთ ნამდვილად და ყველა ხმის დაცვისთვის ვიბრძოლებთ ზოგადად, ყოველგვარი დეკლარაციების გარეშე,"- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციამ დეკლარაცია შეიმუშავა, რომლის თანახმად ისინი ვალდებულებას იღებენ, რომ არა მხოლოდ საკუთარი პარტიის, არამედ ერთამანეთის ხმებსაც დაიცავენ. ოპოზიცია ასევე გეგმავს, გააფორმოს მეორე დეკლარაციაც, რომლის თანახმად, აიღებენ ვალდებულებას, რომ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" კოალიციას არ შეუკრავენ.

"ინტერპრესნიუსი"