"პოლიტიკური ელიტა გადამწიფებული თინეიჯერია, რაც აწყობს იმას იჯერებს, რაც არ აწყობს, ტყუილია..." - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური ელიტა გადამწიფებული თინეიჯერია, რაც აწყობს იმას იჯერებს, რაც არ აწყობს, ტყუილია..."

თითქოს, NDI-ს მიმართ რევერანსებია, ამასთანავე, შეურაცხოფას აყენებენ და ერთ წინადადებაში ახერხებენ ამას, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც NDI-ს ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

ხუხაშვილის განმარტებით, ეს საქართველოს პოლიტიკური ელიტის არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს, რომელიც იმას იჯერებს, რაც აწყობს და ტყუილად რაცხავს იმას, რაც მის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტის უმწიფარობა, არაპროფესიონალიზმი, უტიფრობა, რომელიც ვერ გაიზარდა. გადამწიფებული თინეიჯერია ეს პოლიტიკური ელიტა, რომელსაც, რაც აწყობს იმას იჯერებს და რაც თვითონ არ აწყობს, მის ხედვებს არ შეესაბამება, ეს ყველაფერი მისთვის ტყუილია. ოპოზიციაც ასე აზროვნებს, მარტო ხელისუფლებას არ ეხება ეს. ეს თავისთავად აბსურდია, როდესაც აცხადებ, რომ ნდობას უცხადებ ხელმძღვანელს, მაგრამ არ ენდობი მის თანამშრომელს - ძალიან სასაცილოა. მე NDI-ს ვენდობი, მაგრამ არ ვენდობი იმ ადამიანებს, ვინც მისი დაკვეთით კვლევას ატარებენ - ეს არის უხარისხო ვირეშმაკობა, უშინაარსო და უაზრო. თითქოს NDI-ს მიმართ რევერანსებია, მაგრამ, ამასთანავე, შეურაცხოფას აყენებენ და ერთ წინადადებაში ახერხებენ ამას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე განმარტებით, საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების პროცესი ორეტაპიანია და საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია არჩევნების ადმინისტრირების პროცესი.

"ძალაუფლების ბოროტად გამოყენება არჩევნების პროცესში სხვადასხვა ფორმით, მოსყიდვით, პროპაგანდით, კონტროლირებადი მედიის საშუალებით, ამომრჩევლისთვის ტვინის გამორეცხვით, ვირტუალური დაპირისპირების პროპაგანდირებით, ბუნებრივია, ძალადობრივი მეთოდია, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც საინფორმაციო ნაკადები დიდწილად განსაზღვრავენ საზოგადოების განწყობებს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, პირდაპირი და ირიბი მოსყიდვები და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქმნის არაჯანსაღ საარჩევნო ვითარებას. რა ხდება არჩევნების დღეს, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ეს არ არის მხოლოდ ამ ხელისუფლების პრობლემა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ლაიტმოტივად გასდევს მთელს უახლეს ისტორიას და მასზე არცერთი ხელისუფალი უარს არ ამბობდა. ალბათ, ამაზეა საუბარი NDI-ს კვლევაშიც, რომ ადმინისტრირების ეტაპი არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე საკანონმდებლო ცვლილებები“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.