"ძაღლს რომ გამოაბამენ საბელს და რამხელაზეც უნდათ, ისე მიუშვებენ - აი, ასე ჰყავს ხალხი პუტინს დაჭერილი და ალექსეი ნავალნი ნამდვილად უქმნის საფრთხეს" - კვირის პალიტრა

"ძაღლს რომ გამოაბამენ საბელს და რამხელაზეც უნდათ, ისე მიუშვებენ - აი, ასე ჰყავს ხალხი პუტინს დაჭერილი და ალექსეი ნავალნი ნამდვილად უქმნის საფრთხეს"

კარგი იქნება ვიცოდეთ ზუსტად, რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვები არის იმასთან დაკავშირებით, რომ ნავალნი ნამდვილად მოწამლეს. ტომსკში გამოსვლები მართლა გავდა მინიბელარუსს, ამიტომ ბელარუსის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ პუტინს ალბათ, გარკვეული შიშები გაუჩნდა, - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეს გამოსვლები ბელარუსში გაგრძელდება, იყო გარკვეული საფრთხე იმის, რომ ეს გადაედოს რუსეთსაც. გოგოლაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ასეთ შემთხვევაში სწორედ ნავალნი იქნებოდა ლიდერი, რომელიც ამ გამოსვლებს სათავეში ჩაუდგებოდა.

"ბელარუსშიც არავინ მოელოდა ასეთ მასშტაბურ გამოსვლებს. ადრეც ხშირი იყო გამოსვლები, მაგრამ საკმაოდ ლოკალური, ხანმოკლე და არ იყო ასეთი ძლიერი ტალღა. რუსეთშიც ხომ იგივე სიტუაციაა, რაც ბელარუსში, აბსოლუტური დათრგუნვა ადამიანის უფლებების. ძაღლს რომ გამოაბამენ საბელს და რამხელაზეც უნდათ, ისე მიუშვებენ - აი, ასე ჰყავს ხალხი პუტინს დაჭერილი და ნავალნის და ნემცოვის მსგავსი ადამიანები ნამდვილად უქმნიან ამ კონტექსტში საფრთხეს მთელ სისტემას, რომელიც საკმარისია ერთი შეირყას და ჩამოინგრევა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მოვიდა დრო, როცა ნავალნი უნდა მოეშორებინათ, რადგან თუ ბელარუსში გაგრძელდება რევოლუცია, ეს შესაძლოა, გადაედოს რუსეთს და რუსეთში ლიდერი ვინც შეიძლება იყოს, ეს არის ნავალნი,“- აცხადებს გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნავალნისთან დაკავშირებული ინციდენტი შესაძლოა გახდეს ერთგვარი ბიძგი საპროტესტო გამოსვლების, დამაბრკოლებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში ინფორმაციის გავრცელების შეზღუდული შესაძლებლობები იქნება.

"ეს ფაქტი შეიძლება გარკვეული ბიძგის მიმცემის იყოს, მაგრამ პატარა ქვეყანაში როგორც ბელარუსი, ამაში ოპოზიციამ, თუ ის შეკრულია, ბევრად მარტივად შეიძლება ითამაშოს დიდი როლი. რუსეთი დიდი ქვეყანაა და იმპერიულ ძალებს აქვთ უფრო მეტი წვდომა ყველგან. ბელარუსში ინტერნეტი რომ გათიშეს, ალბათ, ორ- სამ დღეში მაინც გავრცელდა ინფორმაცია, მანქანით ერთ დღეში გადაივლი ბელარუსის ნახევარს. რუსეთში თვეები სჭირდება, რომ ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში წავიდეს ინფორმაცია. ეს არის ერთგვარი დამაბრკოლებელი ფაქტორი მასობრივი გამოსვლების, ამასთან პუტინს სხვა ბევრი რესურსი აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად ნავალნი მაინც სარისკო იყო მისთვის, ტომსკში, სადაც დაიწყო რაღაც რევოლუციის მაგვარი, უამრავი ისეთი ლოზუნგი გამოჩნდა, რაც თვალებს უხელდა ადამიანებს. ეს გამოღვიძებასვით არის, რუსეთი ფაქტობრივად დააძინა პუტინმა და მისმა რეჟიმმა, პოლიტიკური გემოვნების საკითხია, მოსწონთ თუ არა ნავალნი, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც ცდილობს გამოაღვიძოს რუსეთი, ასეთი ფიგურები განიხილება როგორც ძალიან სახიფათო,“- განაცხადა გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავმა ქალაქ ომსკში ავარიული დაშვება განახორციელა, სადაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია და კომაში იმყოფება. ნავალნის პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ ის, სავარაუდოდ, მოწამლულია.

"ინტერპრესნიუსი"