"მუქარის წერილის" საქმე, ანუ უნდა იყოს თუ არა მშვიდად გახარია?!
"მუქარის წერილის" საქმე, ანუ უნდა იყოს თუ არა მშვიდად გახარია?!
"სამწუხაროდ, საქართველოში პატიოსანი არჩევნები ერთი-ორჯერ თუა ჩატარებული, ისიც - გასული საუკუნის 90-იან წლებში"

არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო თვალში საცემია პოლიტიკური ძალების აქტიურობა. თითქმის ყველა ძირითადმა პარტიამ უკვე წარადგინა მაჟორიტარობის კანდიდატები. მმართველი პარტია ყოველდღიურად ამომრჩეველთან რეგიონებში პარტიულ შეხვედრებს მართავს და ახალ-ახალი პროექტების პრეზენტაციას აწყობს. ოპოზიციაც ცდილობს იაქტიუროს, თუმცა ზოგჯერ შიდა გარჩევებში დიდ დროს კარგავენ. დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით როგორ შეიძლება შეფასდეს პოლიტიკურ ძალთა საარჩევნო სტარტი და ვის რა შანსი აქვს წარმატების
მისაღწევად? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან:


- პოლიტიკური პარტიები, რა თქმა უნდა, გააქტიურდნენ და ეს პროცესი არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო დინამიკური გახდება, თუმცა ამ ეტაპზე ვხედავთ ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას - ხელისუფლებას უკვე ჩამოყალიბებული აქვს საარჩევნო სტრატეგია, იციან, რა ინიციატივებით გამოვიდნენ, როგორი რესურსი
აქვთ, ასევე მთლიანად აწყობილი აქვთ ორგანიზაციული სისტემა და მას მეთოდურად მიჰყვებიან, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე.
სახელისუფლებო ძალა ყოველდღიურად მართავს მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენის ხალხმრავალ ღონისძიებებს. არ ვიცი, იქ შეკრებილი საზოგადოება ნებაყოფლობით მიდის ამ შეხვედრებზე თუ შერჩევით მიჰყავთ. როგორც წესი, მეორე ვადით მოსული ხელისუფლება შერჩეულ აუდიტორიას ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ასეა თუ ისე, ხელისუფლება ამ საარჩევნო პროცესში უკვე ძალიან აქტიურია, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციურ სპექტრზე, სადაც ჯერ ისევ ჩამოყალიბების პროცესში არიან, ამიტომ არ ვიცით, მომავალი არჩევნები ისევ შავ-თეთრ ტონებში წარიმართება, რაც ხელს აძლევს "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც", თუ მრავალფერი იქნება...

ოპოზიციამ თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმებას თითქოს მიაღწია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილებები. ოპოზიციურ შეთანხმებას დასრულებულად მივიჩნევ მაშინ, როდესაც კანდიდატები დარეგისტრირდებიან, მანამდე კი ოპოზიციაში შეიძლება გადათამაშებები ისევ მოხდეს.

როცა ერთიან გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი, ობიექტური პრობლემები ჩნდება. საქმე ის არის, რომ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც ყველაზე მეტი მანდატის მოპოვება შეუძლია, აქვს პრეტენზია, რომ თუ ოპოზიციურ კოალიციაზე მიდგა საქმე, მისი მთავარი ბირთვი და მამოძრავებელი ის იქნება, ამიტომ მან უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატიც.
უკვე არაერთგზის ითქვა და უთქმელადაც ადვილი მისახვედრია, რომ პრემიერობაზე პრეტენზია მიხეილ სააკაშვილს ექნება, ეს გვარი კი მნიშვნელოვანწილად უშლის ხელს ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბებას.
მიიღეს დეკლარაცია და 30 ოპოზიციური პარტია შეთანხმდა, რომ 2020 წლის არჩევნებზე პარტიები საარჩევნო უბნებზე ერთმანეთის ხმების დაცვის ვალდებულებას იღებენ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

რაც თავი მახსოვს, ასეთი დეკლარაციები აქამდეც არაერთგზის მიუღიათ, თუმცა პროცესები სხვაგვარად წარმართულა - მინახავს გარიგებები, შეთანხმების დარღვევა და ა.შ. ზოგიერთის პირობასა და ხელმოწერას დიდი ფასი არა აქვს. რაც შეეხება მეორე დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც პარტიებმა უნდა დადონ პირობა, რომ არ შევლენ კოალიციაში "ქართულ ოცნებასთან", ეს ძალიან საჭოჭმანო საკითხია.
გარდა იმისა, რომ ოპოზიციურ სპექტრში არაერთი ძალაა, რომლისთვისაც "ქართულ ოცნებაზე" მიუღებელი "ნაციონალური მოძრაობაა", ეს მიდგომა ამოვარდნილია საპარლამენტო მმართველობის ლოგიკიდან და გაუგებარია ამის მოთხოვნა იმ პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც ამბობენ, ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების გასატარებლად გვინდაო.

თუ პოზიტიური ცვლილებები გინდა და სამოქმედო პროგრამაც გაქვს, მაშინ კოალიციაში იმის მიხედვით კი არ უნდა შეხვიდე, ვინ მოგწონს და ვინ არა, არამედ იმის გათვალისწინებით, ვისთან შეძლებ იმგვარ თანამშრომლობას, რომ შენი პროგრამა და შეხედულებები საქმედ იქცეს.
ამგვარი ქცევა იქნებოდა სახელმწიფოებრივი ინტერესით განპირობებული და ქვეყნის აღმშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ როგორც გამოჩნდა, ასე არავინ ფიქრობს.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენში სულ ასეთი დამოკიდებულება იყო - ოღონდ ეს გავუშვათ ხელისუფლებიდან, მოვიშოროთ და მერე ვინც უნდა მოვიდესო... დღევანდელი ოპოზიცია, სამწუხაროდ, ცდილობს, ისევ ამ რაკურსით იმოქმედოს, არადა, საპარლამენტო მმართველობა სწორედ იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ პარლამენტს გადაეწყვიტა აღმასრულებელი ხელისუფლების ბედი და თუ ერთი პარტიის მანდატები ამისთვის საკმარისი არ იქნებოდა, კოალიცია შექმნილიყო...

ოპოზიციაში ეს არ ესმით, ისევ შავ-თეთრად უყურებენ ვითარებას და ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს მთავარი პრობლემა ივანიშვილის გაშვებაა. ის შესაძლოა, გასაშვებია, მაგრამ დღეს ვითარება სხვაგვარია და უმნიშვნელოვანესია, მოხერხდება თუ არა კოალიციური მთავრობის ფორმირება.
მოკლედ, ოპოზიციის მცდარი დასკვნები და გადაწყვეტილებები მაფიქრებინებს, რომ შანსი იმისა, მომავალი არჩევნების შედეგად "ქართულ ოცნებას" დასჭირდეს კოალიციის შექმნა, მინიმალურია და ოპოზიცია რაც უფრო გააგრძელებს ფუჭად მუშტების ქნევას, მით მეტად შეამცირებს ამ შანსს.

- ვხედავთ, რომ წინასაარჩევნოდ პანდემიის გამო, რაც მართლაც ობიექტური მიზეზია, ხელისუფლებამ არაერთი სოციალური პაკეტი წარუდგინა საზოგადოებას. მათ შორის ერთ-ერთი ონკოპაციენტების მკურნალობის ხარჯის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებაა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილებები საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" შედეგზე?
- გაგახსენებთ 2012 წელს, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო პროპაგანდისტული სოციალური კამპანიები, რაც სწორედ წინასაარჩევნო ხრიკი იყო. მაგალითად, "ღიმილიანი საქართველო" გაცილებით მასშტაბური პროგრამა იყო, ვიდრე ონკოპაციენტების დახმარების პროექტი, მაგრამ მოიტანა შედეგი ამ პროგრამამ? არა.
საქმე ის არის, რომ როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება ხდება მიუღებელი, მას ასეთი დაპირებები აღარ შველის. სხვა საქმეა, როდესაც ამომრჩეველი ორჭოფობს. ასეთ ამომრჩეველზე ხელისუფლების სოციალური პროგრამები, ალბათ, ნაწილობრივ მოახდენს გავლენას, მაგრამ რომ გითხრათ, თუნდაც დასავლურ ქვეყნებში ასეთ მეთოდებს არ იყენებენ-მეთქი, მოგატყუებთ. ეს არ არის პირდაპირი მოსყიდვა, მით უფრო, რომ მსოფლიო და საქართველოც პანდემიის პირობებში ცხოვრობს და ასეთი ინიციატივები გამართლებულია. ამას ოპოზიციამ უნდა უპასუხოს არა იმის ძახილით, რომ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ანგრევენ ქვეყანას, არამედ სამოქმედო პროგრამით, მაგრამ დღეს ოპოზიციას პრობლემები აქვს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სააკაშვილია ოპოზიციის­ ელიტაში­ დაპირისპირების საგანი და ასეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიცია არც ერთიანია, არც საერთო ლიდერი ჰყავს, არც რაიმე გეგმას სთავაზობს საზოგადოებას, მომავალი არჩევნები სოციალური პაკეტების გარეშეც შეიძლება მოიგოს მმართველმა ძალამ.

"ქართული ოცნების" წარმატების მიზეზი უმთავრესად იქნება ოპოზიციის დაქსაქსულობა და ურთიერთშუღლი და არა - სოციალური დახმარებები.
ძლიერი ოპოზიციის შემთხვევაში ზომიერი გაყალბების პირობებშიც კი ოპოზიცია უნდა ახერხებდეს გამარჯვებას, არადა, დღეს ისეთი ვითარებაა, ხვალ რომ იყოს არჩევნები, არანაირი გაყალბება არ დასჭირდება "ქართულ ოცნებას", ისე მოიგებს, ამიტომაც ოპოზიციას მეტი დაფიქრება მართებს, ვიდრე ხელისუფლებას. შეიძლება ილაპარაკო, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო, ასეთ სოციალურ პროგრამებთან დაპირისპირება როგორ აისახება შენს იმიჯსა და მხარდაჭერაზე.

- გაყალბება ახსენეთ... შეიძლება ხელისუფლებამ მასშტაბურ გაყალბებაზე იფიქროს? მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ­, რომ პანდემიის გამო შეიძლება ქვეყანაში ბევრი დამკვირვებელი ვერ ჩამოვიდეს?
- სამწუხაროდ, საქართველოში პატიოსანი არჩევნები ერთი-ორჯერ თუა ჩატარებული, ისიც - გასული საუკუნის 90-იან წლებში.
ყოველთვის არის გადახრა, გაყალბების შემთხვევები, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორი მასშტაბის იქნება ეს. რასაც დღეს ვხედავთ, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, "ქართულ ოცნებას" არჩევნების მასშტაბურად გაყალბების რისკზე წასვლამ არ უნდა მოუწიოს. არ ვიცი, რა იქნება სამი თვის შემდეგ, მაგრამ დღეს ასე ჩანს. ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების გამწვავებას უფრო ველი, ვიდრე ერთობას "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, "ქართულ ოცნებას" კი აქვს ფინანსები, ადმინისტრაციული რესურსი, სახელმწიფო სუბსიდირებისა და დახმარებების პროგრამები და ა.შ. არჩევნებზე, ტრადიციულად, იქნება დარღვევები, მაგრამ არა ისეთი, რომ ჩვენმა თუ უცხოელმა დამკვირვებლებმა არჩევნების ლეგიტიმაცია საეჭვოდ მიიჩნიონ. ჯერჯერობით ამის სიმპტომები არ ჩანს.

- გასულ კვირას ახალქალაქში პარლამენტარ ენზელ მკოიანის ძმას დაესხნენ თავს. დეპუტატი ამბობს, რომ მისი აფეთქება უნდოდათ - ეგონათ, რომ ის იყო მანქანაში... "მემუქრებოდნენ, რომ ჩემს ახლობლებს დახოცავდნენ. მეუბნებოდნენ, რომ სახლიდან არ გამოვსულიყავი და არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა," - განაცხადა ენზელ მკოიანმა. როგორ შეაფასებთ მომხდარს და თქვენი აზრით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეიძლება თუ არა გამწვავდეს დაპირისპირება, განსაკუთრებით რეგიონებში?
- არა მგონია, პოლიტიკურ ნიადაგზე რადიკალური დაპირისპირებები მოხდეს. ენზელ მკოიანთან დაკავშირებით სხვა ვითარებაა. შევარდნაძის ეპოქიდან მოყოლებული, ის ახალქალაქის დეპუტატია და როგორც ამბობენ, ამ მხარეში მთელ ბიზნესგარემოს აკონტროლებს. ამიტომ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მომხდარი უკავშირდებოდეს ბიზნესს და არა - პოლიტიკას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი არჩევნების პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რა უნდა ხელისუფლებას ან ოპოზიციას, ჩვენ გვყავს არაკეთილმოსურნეები ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად არ ჩაიაროს. ახალქალაქი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სხვა რეგიონები ამ თვალსაზრისით ძალიან საფრთხილოა. იქ არსებობს ადგილობრივი თუ გარე ძალების გავლენა, რაც უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ, როდესაც ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ იღებს გადაწყვეტილებას. მოგეხსენებათ, "ქართულმა ოცნებამ" მკოიანი მაჟორიტარობის კანდიდატად აღარ დაასახელა, მაგრამ მან დამოუკიდებლადაც რომ იყაროს კენჭი და გაიმარჯვოს, დარწმუნებული ვარ, ისევ იმ გუნდში აღმოჩნდება, რომელიც ხელისუფლებაში მოვა. ამიტომაც არა მგონია, მხოლოდ არჩევნებს უკავშირდებოდეს მომხდარი, თუმცა აუცილებელია დროულად გამოიძიონ ეს საქმე.

- გასულ კვირას პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მამუკა ხაზარაძის მიმართ ე.წ. მუქარის წერილზე თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას. ამის თაობაზე საინტერესო აზრი გამოთქვა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა: "მუქარის წერილზე" დასკვნის გამოქვეყნებით პროკურატურამ თითქოს "გაათეთრა" გახარია, სინამდვილეში კი ვიღაცამ პრაქტიკულად მივიწყებული საქმის აქტუალიზაციით გახარიას შეახსენა, რომ მუჭში ჰყავს და თავში ძალიან ნუ აუვარდება პოპულარობა.."
- არა არის გამორიცხული, გახარიას გუნდში მართლაც ჰყავდეს არაკეთილმოსურნეები, მაგრამ არა მგონია, მთლად ისე იყოს საქმე, როგორც ბატონი გია ამბობს­. ამ ეტაპზე გახარიას პრობლემა ეს ხალხი კი არ არის, არამედ - ივანიშვილი. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ გახარია არ უნდა იყოს პრემიერი, დამერწმუნეთ, არც იქნება. აქ რომ სიტუაცია სხვაგვარი იყოს, ანუ ივანიშვილის ფაქტორი არ მუშაობდეს, მაშინ შესაძლოა რაღაც ჯგუფებს მართლაც ეცადათ მისი დისკრედიტირება. ჩემი აზრით, დღეს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით პროკურატურამ გადაწყვიტა, ამ ეტაპზე "დაეხურა" ეს თემა, რადგან შესაძლოა არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციას ის შავი პიარისთვის უფრო აქტიურად გამოეყენებინა.

აქვე ვიტყვი, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია საინტერესო პროცესია იმ თვალსაზრისით, რომ ივანიშვილი საერთოდ არ ჩანს და ჯერჯერობით კამპანიას პარტიის ახალგაზრდა ლიდერები წარმართავენ - გახარია, კალაძე, თალაკვაძე. დროდადრო ჩნდება კობახიძეც, რომელიც, მოგეხსენებათ, საარჩევნო შტაბის უფროსია.

აშკარაა, რომ "ქართულ ოცნებას" ჯერ არ სჭირდება ამ ბატალიებში ივანიშვილის ჩართვა. ისეთი ვითარებაა, რომ შესაძლოა სულაც ივანიშვილის აქტიურობის გარეშე გავიდნენ ფონს. ვნახოთ, ხვალ რა იქნება.

სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, კარგად ორატორობენ, დახვეწეს საუბრის მანერა, არიან მოზომილები, ცდილობენ, ყურადღება დადებით მომენტებზე გაამახვილონ. პოლიტიკურადაც ისეთი გამართულია მათი გამოსვლები, რომ ოპოზიციამ ჯერჯერობით ხელჩასაჭიდი ფრაზაც კი ვერ ნახა, რასაც წამოეკიდებოდა და მათ წინააღმდეგ აამუშავებდა.

ივანიშვილს, ალბათ, ვიხილავთ საარჩევნო სიისა და სამოქმედო პროგრამის წარდგენისას. ჯერჯერობით მის სხვაგვარ აქტიურობას არ ველი.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებში გამარჯვებისთვის კი არა, მომავალი არჩევნებისთვის ემზადება. შეიძლება ეს იყოს რიგგარეშე არჩევნებიც - ამას არ გამოვრიცხავ. თუ მართლაც ასეა, მაშინ ოპოზიცია - "ნაციონალური მოძრაობა" და სხვებიც - ძირითადად, იფიქრებს არა "ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირებაზე, არამედ საკუთარი პარტიის ირგვლივ ოპოზიციური ელექტორატის მაქსიმალურ მობილიზებაზე.

- რუსულ გამოცემა "ტრუდში" გამოქვეყნდა ინტერვიუ რუსეთის საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვთან, რომელშიც მან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც ილაპარაკა. "ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს ალიანს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთავრობის მიერ 2012 წელს ინიცირებულ კურსს ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ," - განაცხადა ლავროვმა. მან ასევ ილაპარაკა რეგულარული ავიარეისების განახლების შესაძლებლობაზე... როგორ შეიძლება შეფასდეს ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ეს განცხადებები?
- ლავროვისგან ეს, ალბათ, უფრო დიპლომატიური სვლაა და თავისი მიზანი ექნება, მაგრამ არა მგონია, ჩვენს ურთიერთობაში რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვალოს. არ ვიცი, შეიძლება საარჩევნო პერიოდში გადაწყვიტეს, ეთქვათ, რომ ლავროვისა და რუსებისთვის უფრო მისაღებია "ქართული ოცნების" ხელისუფლება, ვიდრე - სააკაშვილის, თუმცა, საეჭვოა, ასე იყოს... გარდა ამისა, ეს ინტერვიუ არის წინასწარი და ირიბი მინიშნება, რომ რუსეთი ქართულ არჩევნებში არ ჩაერევა, თუმცა მთლად ასე რომ არ იქნება, დარწმუნებული ვარ.

თუ რუსეთს მიეცემა საშუალება და ექნება ამის რესურსი, აუცილებლად შეეცდება დესტაბილიზაციას, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ეს არ გამოუვათ...
რაც შეეხება ფრენების აღდგენას, ეს მათი გადაწყვეტილება იყო და შეუძლიათ, როგორც აკრძალეს, ისევე აღადგინონ. საქართველოს არც ეკონომიკური ურთიერთობებისთვის შეუშლია ხელი, კრემლი აწესებს ხოლმე პოლიტიკურად მოტივირებულ ეკონომიკურ შეზღუდვებს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები იყვნენ აფხაზეთში, თუმცა რა მიზნით, უცნობია, რადგან კომენტარს არ აკეთებენ. შეიძლება დავუშვათ, რომ რუსეთმა თავის ორბიტაზე მოძრავი პოლიტიკური ძალების მხარდასაჭერად და არჩევნებში მათი წარმატებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მცირედი დათმოს და ეს ამ ძალების დამსახურებად წარმოაჩინოს?
- შეიძლება რუსეთი რაღაც ასეთს ცდილობდეს, მაგრამ მეეჭვება, ისე სერიოზულად დაიხიოს უკან, რომ ამან საქართველოში არჩევნების შედეგებზე იმოქმედოს. თუ ასეთი რამ აქვთ დაგეგმილი, ვფიქრობ, ეს მიზერული დათმობა იქნება და ვერ აისახება ამომრჩევლის განწყობაზე. ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, დარწმუნებული ვარ, პრორუსულ ძალებს წარმატების მიღწევის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. რა შეიძლებოდა ჩაგვეთვალა რუსეთის მნიშვნელოვან უკან დახევად? ოკუპირებულ რეგიონებში, სულ მცირე, 2008 წლის ომამდელი სტატუს კვოს აღდგენა, ამას კი კრემლი არავის მხარდაჭერისთვის არ გააკეთებს. სხვა ყველაფერი იქნება ფუჭი გასროლა და არჩევნების შედეგებზე არ იმოქმედებს.
მკითხველის კომენტარი (1)
ვიფიქრე
29 აგვისტო 2020 17:13
ჭკვიანურს იტყვის მეთქი, წავიკითხე და ებლაყუნება.. არჩევნებს ჩატარება არ უნდაო ოცნებამ გაიმარჯვაო. გააღვიძეთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები