"კრემლი ფსონს ინაშვილსა და თარხან-მოურავზე აკეთებს" - როგორ ერევა რუსეთი ქართულ პოლიტიკაში და საიდან ფინანსდება "პატრიოტთა ალიანსი"?
"კრემლი ფსონს ინაშვილსა და თარხან-მოურავზე აკეთებს" - როგორ ერევა რუსეთი ქართულ პოლიტიკაში და საიდან ფინანსდება "პატრიოტთა ალიანსი"?
24 აგვისტოს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის დროს გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მისი თქმით, ფოტოები 18 აგვისტოს, ილორის ტაძარშია გადაღებული.

"2020 წლის 18 აგვისტო. აფხაზეთი. ილორის ტაძარი.

მე და გიორგი ლომიამ ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შევწირეთ- ილორის ღვთისმშობელი, სასოგადაწურულთა შემწყალებელი და აღმამაშენებელი. შეგეწიოთ!", - დაწერა ინაშვილმა "ფეისბუკში".

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების, ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია "მთავარმა არხმა", 20 აგვისტოს გაავრცელა. თავიდან პარტიაში კომენტარებისგან თავს იკავებდნენ და გავრცელებულ
ინფორმაციას "არც უარყოფდნენ და არც ადასტრურებდნენ", თუმცა მოგვიანებით, ინაშვილმა ინფორმაცია 24 აგვისტოს დაადასტურა ზემოთ აღნიშნული პოსტით.

21 აგვისტოს, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაამ", განაცხადა რომ "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა საიდუმლო შეხვედრა, დე ფაქტო პრეზიდენტის თანამშემწესთან, ლაშა საყანიასთან გამართეს. საყანიამ კი, შეხვედრას მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია უწოდა. "ხატის
გადმოცემის შემდეგ, მათ ილოცეს და შეხვედრა ამით დასრულდა" - განაცხადა მან.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას "თანაშემწე", ლაშა საყანიამ თანამდებობა დატოვა.

"ძვირფასო მეგობრებო, 2020 წლის 18 აგვისტოს განვითარებული მოვლენების გამო, რათა საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა განიმუხტოს, მივიღე გადაწყვეტილება, დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი ნებით წავიდე. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ყველგან და ყოველთვის დავიცავ ჩემი ერისა და ქვეყნის ინტერესებს" - განაცხადა ლაშა საყანიამ.

ამ ცოტა ხნის წინ კი რუსულმა საინფორმაციო სააგენტომ "დოსიე" გამოაქვეყნა საგამოძიებო სტატია, სადაც საუბარია რუსეთის მიერ "პატრიოტთა ალიანსის" წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაზე.

"დოსიე"-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტების თანახმად, კრემლი ფსონს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებეზე, ირმა ინაშვილსა და დავით თარხან-მოურავზე აკეთებს.

"უკვე შექმნილია რამდენიმე მილიონიანი წინასაარჩევნო ბიუჯეტი, სააგიტაციო ვიდეორგოლები. პარტიის უკეთ წარმოჩინებისთვის კი დაქირავებულია პოლიტტექნოლოგი სერგეი მიხეევი და მოსკოვში ბაზირებული საკონსულტაციო კომპანია POLITSECRETS - წერს "დოსიე".
მათივე ინფორმაციით, მიხეევს კურირებს გენერალ ჩერნოვის ქვეშევრდომები, თადარიგის პოლკოვნიკი ვალერი მაქსიმოვი და გრუ-ს ოფიცერი ვალერი ჩერნიშოვი.
ვალერი მაქსიმოვი და ვალერი ჩერნიშევი
ვინ არის სერგეი მიხეევი?

სერგეი მიხეევი საკუთარ თავს დამოუკიდებელ პოლიტოლოგსა და სპეციალისტს უწოდებს. 2010 წელს "კასპიის თანამშრომლობის ინსტიტუტი" დააფუძნა, რომლის ერთადერთ დამკვეთად, რუსეთის პრეზიდენტის ოფისი ფიქსირდება, რომელმაც ინსტიტუტს მილიონი რუბლი გადაურიცხა.

მიხეევს გარკვეული პერიოდი "როსსია-1"-ის (россия-1) ეთერში, კრემლის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად გადაცემა მიჰყავდა. 2014 წელს ლიეტუვას ინიციატივით, მიხეევი ევროკავშირში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა.
სერგეი მიხეევი
გამოცემის თანახმად, "პატრიოტთა ალიანსმა" წინასაარჩევნოდ 700 ათასი დოლარი, საკონსულტაციო ფირმა Politsecrets-ს გადაუხადა. პარტიამ 4-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის გასაწევი ხარჯების ანგარიში მოსკოვში წარადგინა. მხოლოდ სუვენირებსა და სარეკლამო მაისურებზე 166 ათასი აშშ დოლარის დახარჯვა იგეგმება, საერთო ჯამში, ბიუჯეტი 8 430625 აშშ დოლარია.
alt
ვერა ბლაშენკოვა და ანანო

როგორც "დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო პუბლიკაციაშია ნათქვამი, საკონსულტაციო კომპანია Politsecrets, პოლიტიკური მეცნიერების კანდიდატი და ქალების ფსიქოლოგიის შესახებ დაწერილი წიგნის ავტორი, ვერა ბლაშენკოვა ხელმძღვანელობს.

კომპანიის ვებ-გვერდზე ვერა ბლაშენკოვას მიღწევებს ვეცნობით, რომელშიც ჩამოთვლილია რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში წარმატებული საარჩევნო კამპანიები.

"დოსიეს" თანახმად, მათ მოიპოვეს დოკუმენტები, რომელშიც ვერა ბლაშენკოვა "პატრიოტთა ალიანსს" დეტალურ ინსტუქციებს უგზავნის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამომრჩევლის მიმხრობა, ოპონენტი პარტიებისთვის ხმის წართმევა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ Politsecrets-ი რჩევების და ინსტრუქციების გარდა, აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას საარჩევნო კამპანიისთვის დამზადებული ვიდეორგოლის რედაქტირებაში. ამ ვიდეორგოლებს კი ქართველი ამომრჩეველი ნახულობს.
ვერა ბლაშენკოვა
მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად, ვერა ბლაშენკოვას, თბილისში კომუნიკაცია ვინმე ანანოსთან აქვს (გვარი უცნობია), რომელთანაც პარტიის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავს.

ბლაშენკოვა ანანოსთან მიმოწერას, მიხეევს უგზავნის, ის კი ინფორმაციას თავის ზემდგომ პირებს - ამიერკავკასიის კურატორებს - ვალერი მაქსიმოვს და გრუ-ს ოფიცერ ვალერი ჩერნიშოვს აწვდის. ეს უკანასკნელები კი უცხო ქვეყნებთან კავშირების სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ ვლადიმირ ჩერნოვის პირდაპირ დაქვემდებარებაში იმყოფებიან, რომელიც პუტინის მეგობრის, სერგეი ივანოვის დაახლოებული პირია.

ირმა ინაშვილის პასუხი

ირმა ინაშვილის განცხადებით, მისი პარტია 4 ამერიკულ, 2 ებრაულ და მხოლოდ ერთ რუსულ საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობს.

როგორც ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რუსული საინფორმაციო სააგენტო "დოსიეს" დასკვნები, რომ "პატრიოტთა ალიანსი" დაფინანსებას რუსეთიდან იღებს, არ შეიძლება ფაქტად განიხილებოდეს. მისი თქმით, პარტნიორი კომპანიები ეხმარებიან პარტიას ბიუჯეტის გაანგარიშებაში.

"4-მა ამერიკულმა კომპანიამ ანალოგიურად შეგვიდგინა პესიმისტური, შუალედური და ოპტიმისტური ბიუჯეტი, რატომ არ ამბობთ, რომ ეს ბიუჯეტი ტრამპს შეუტანეს? ასევე, ორმა ებრაულმა კომპანიამ შეგვიდგინა ბიუჯეტის გაანგარიშება და რატომ არ ამბობთ, რომ ეს ბიუჯეტი ნეთანიაჰუს შეუტანეს?",- განაცხადა ინაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, "პატრიოტთა ალიანსი" "ასეთ თავდასხმებს ელოდა და ეს მოულოდნელი არ არის".

"ჩვენ ნამდვილად ვთანამშრომლობთ საკონსულტაციო კომპანიებთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ 4 ამერიკულ კომპანიასთან, რომლებიც წლების განმავლობაში გვიწევდნენ და გვიწევენ კონსულტაციას. საარჩევნოდ ჩამოვლენ ჩვენს ქვეყანაში. ამ ამერიკელი კონსულტანტების დახმარებით გვქონდა შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან. გვყავს ასევე 2 ებრაული კომპანია, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ და გვიწევენ კონსულტაციას. მხოლოდ ერთია რუსული კომპანია, რომელიც გვიწევს კონსულტაციას",- განაცხადა ინაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ "ევროპული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების საკითხის გამოძიების მოთხოვნით, პროკურატურას მიმართა.

თუ "დოსიეს" დავეყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სხვადასხვა ფორმით არა მარტო საქართველოს, არამედ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას აქტიურად ცდილობს.


(სპეციალურად საიტისთვის)



თომა
28 აგვისტო 2020 18:01
რაც არ უნდა ილაპარაკო ირმა ძველი ბიჭის ტონში თვითონაც კარგად იცი არც მორალურად, არც ადამიანურად, არც როგორც, მართალია ძალიან დაბალ დონის პოლიტიკოსი, მაინც ვერანაერად ვერ გაიმართლებთ თავს.
ალექს
28 აგვისტო 2020 13:46
რაც კაცობრიობას რუსეთი ახსოვს, ერთი ფსონი არასდროს დაუდევს, ორი, სამი ფსონი და ერთსაც ტიომნის მიდიოდა!
კეკეს
28 აგვისტო 2020 00:55
ათასებს გავუმკლავდებით ასობით ათასი, რომლებსაც თვალები ახელილი აქვს და მტერის გარჩევა იცის

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები