"კორონავირუსია და ვერ ჩამოვა" - როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობას რამაზ საყვარელიძე - კვირის პალიტრა

"კორონავირუსია და ვერ ჩამოვა" - როგორ აფასებს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერ-მინისტრობას რამაზ საყვარელიძე

მიხეილ სააკაშვილის პრემიერად წარდგენის ხელისშემშლელი ფაქტორების: პირველი, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა; მეორე, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოში და მესამე- კორონავირუსია და ვერ ჩამოვა. კარანტინი შეიძლება გაუხანგრძლივდეს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დაასახელოს.

როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, "პრემიერ-მინისტრობის წარდგენის არცთუ ისე გონივრული პრაქტიკა დამკვიდრდა, რადგან სიის პირველი ნომერი ვინც არის, ის უნდა იყოს პრემიერი საპარლამენტო რესპუბლიკაში".

"საქართველოოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების პარლამენტებში, უცხო ქვეყნის მოქალაქე არ შეიძლება არჩეული იყოს, სააკაშვილი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა ანუ, სააკაშვილის პრემიერად წარდგენის ხელისშემშლელი ფაქტორებია: პირველი, იგი უცხო ქვეყნის მოქალაქეა; მეორე, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოში და მესამე- კორონავირუსია და ვერ ჩამოვა. კარანტინი შეიძლება გაუხანგრძლივდეს და თუკი სამართალდამცავებმა მიუსწრეს, შესაძლოა, კარანტინი გრძელვადიანი იყოს - ეს ხუმრობით. ხუმრობის გარეშე რომ ვთქვა, ვხედავთ, რომ სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრები, ვინც გამოეყო "ევროპული საქართველო", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "გირჩი", ვერ აგროვებენ "ნაციონალური მოძრაობის" დონის რეიტინგს. სააკაშვილი ქარიზმატული ფიგურაა, ისინი სხვა პარტიების წინ ვერ მიდიან. "ნაციონალურ მოძრაობას"ამიტომ სჭირდება სააკაშვილის სახელზე პედალირება. დაინახეს, რომ ეს სახელია მიმზიდველი იმ ამომრჩევლისთვის, ვინც მაგას უჭერს მხარს, რათა უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდონ, მხოლოდ ეგ არის. შეიძლება მათ გამოსავალი ნახონ იმაში, რომ წარდგენისას განაცხადონ, საპატიო დეპუტატის ან საპატიო პრემიერ-მინისტრის სტატუსით დაასახელონ და თუ გაიმარჯვეს, შემდეგ მოახდენენ მის რეალიზაციას. მათთვის მთავარი იქნება, რომ სააკაშვილის სახელი ფიგურირებდეს მათთან კავშირში. წარდგენის შემთხვევაში სწორედ ეს მოხდება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.

"ინტერპრესნიუსი"